ლიბერალურ პარტიათა გაერთიანება ევროპარლამენტში - "ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის" (ALDE) - აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლოდოვის ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულია. განცხადებაში, რომელსაც ხელს ALDE-ს პრეზიდენტი ილჰან კიუჩუკი აწერს, საუბარია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს.
"კანონის უზენაესობის დაცვის, დამოუკიდებელი პრესისა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფის დებულებები ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ევროპელი ლიბერალებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ALDE-ს წევრ პარტიებთან საქართველოში ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი გამოიტანეს ყალბი ბრალდებებით, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ", - წერია განცხადებაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიტიზებული მართლმსაჯულება უნდა შეწყდეს და მმართველმა პარტიამ უნდა შეასრულოს 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები პოლიტიკური კრიზისის დასრულების შესახებ.
ამავე განცხადებაში არის მოწოდება, შეუერთდნენ მიმართვას და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მოითხოვონ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება - განცხადებაში მოყვანილია პრემიერისთვის გასაგზავნი წერილის სამი ვერსია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მიღებული გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად მაინც 3 წელი და 6 თვე დარჩა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა.
8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი დაამტკიცეს. ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე.