Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ჩაიწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში - მთავარი მოკლედ


47 მომხრე, 5 წინააღმდეგი - ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი დაამტკიცეს. მანამდე, კენჭი უყარეს მასში შესატან ცვლილებებს და 220 შესწორების საფუძველზე, საბოლოოდ შეჯერებული, კომპრომისული ვერსია მიიღეს.

ტექსტში ლაპარაკია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დემოკრატიული პროცესების უკუსვლასა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე შესასრულებელ პირობებზე.

ტექსტში მოხსენიებული არიან: ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე.

ბიძინა ივანიშვილზე

დეოლიგარქიზაციის ქვეთავში ლაპარაკია კერძო ინტერესების გადაჭარბებულ ზეგავლენაზე საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იქვე ნახსენებია არა "ოლიგარქი", არამედ "საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი", ბიძინა ივანიშვილი. არ არის ნახსენები სანქციები, დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტულ რეკომენდაციად არის მითითებული კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე.

„[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს აუცილებლობას, აღმოიფხვრას კერძო ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომლის გადაჭრაც აუცილებელია საქართველოსთვის [ევროკავშირის] წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. [ევროპარლამენტი] რეკომენდაციას იძლევა, გადაიჭრას გადაჭარბებული ინტერესების ზეგავლენის საკითხი, განსაკუთრებით - ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, სისტემურად, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში“.

მიხეილ სააკაშვილზე

პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ის მკურნალობის მიზნით, ჰუმანიტარული მოსაზრებებით უნდა გათავისუფლდეს:

„[ევროპარლამენტი] იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და დართოს ნება, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება საზღვარგარეთ, ჰუნამიტარული მოსაზრებებით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება“.

კომიტეტზე დამტკიცებულ ტექსტში სააკაშვილის გათავისუფლება არ არის დასახელებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად, როგორც ეს რამდენიმე შესწორების პროექტში იყო მოთხოვნილი.

ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, რომელსაც კენჭისყრის დაწყებამდე მისასალმებელი სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა.

„დღეს ამ შეხვედრას ესწრება პროფესორი გიული ალასანია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიშა სააკაშვილის დედა, ოჯახის წევრებისა და მეგობრების თანხლებით. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით წუხილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პატიმრობის პირობებში. ასე რომ, მხურვალედ გესალმებით“, - მიმართა მაკალისტერმა ალასანიას.

ნიკა გვარამიაზე

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ტექსტში არაერთგან მოხვდა ფორმულირებები „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხზე. მისი საქმე მოქცეულია მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ქვეთავში:

„[ევროპარლამენტი] გამოხატავს ღრმა შეშფოთებას იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი საეჭვო ბრალდებებით, მიუხედავად ამ საქმესთან დაკავშირებით წამოჭრილი არსებითი შეკითხვებისა და კერძოდ - ვადებთან და ბრალდებებთან დაკავშირებით“.

ამავე კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტის აუცილებლობაზე:

„[ევროპარლამენტი] მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს - მედიის წარმომადგენლების, მფლობელების ან მასმედიის წარმომადგენლების ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ“.

აღნიშნულია ასევე, რომ ევროკომისიის მიერ 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნულ თვალსაზრისში ასახული პრიორიტეტები „მოიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რათა მედიამფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების განხილვა შეესაბამებოდეს უმაღლესი სამართლებრივ სტანდარტებს“.

ამავე ქვეთავში, ნიკა გვარამიას გარდა, ზოგადად მოხსენიებული არიან ტელეკომპანიები - Formula TV და Pirveli TV, მათი წარმომადგენლების კონკრეტული გვარების დაუსახელებლად.

დეპოლარიზაცია, ხაზარაძე, ჯაფარიძე

დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ ქვეთავში გამოთქმულია წუხილი, რომ კვლავაც შენარჩუნებულია „ღრმა პოლარიზაცია“ და რომ პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილემ თავი უნდა შეიკავოს აგრესიისგან და კონსტრუქციული მუშაობისთვის უნდა განეწყოს.

აქვე აღნიშნულია, რომ 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება [„შარლ მიშელის შეთანხმება“] კვლავაც წარმოადგენს მთავარ გზამკვლევს როგორც პოლარიზაციის შემცირების, ასევე დემორატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების გზაზე. წუხილია გამოთქმული ასევე, რომ ეს შეთანხმება მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა.

ამავე ქვეთავში, ევროპარლამენტარები პოლიტიზირებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითად ასახელებენ „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ყოფილი დეპუტატის, ბადრი ჯაფარიძის შემთხვევას.

„[ევროპარლამენტი] აღნიშნავს, რომ "სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამოსართმევად, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს; [ევროპარლამენტი] აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ლიდერების შემდგომი გასამართლება წინააღმდეგობაში იქნება პოლარიზაციის შემცირების დეკლარირებულ მიზნებთან“.

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ძირეული სასამართლო და საარჩევნო რეფორმებისკენ. ტექსტის თანახმად, დროულად უნდა დასრულდეს საარჩევნო რეფორმა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აღმოფხვრილ იქნეს მანამდე გამოვლენილი ნაკლოვანებები და ჩატარდეს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ტექსტში გამოხატულია წუხილი, „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში შექმნილ, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში ISFED-ის არდაშვებასთან დაკავშირებით.

ესტონელი ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი) მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიში - „ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ“, საფუძვლად დაედება რეზოლუციას, რომელსაც საბოლოოდ ევროპარლამენტის სხდომაზე დაამტკიცებენ. ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი.

XS
SM
MD
LG