Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურს ნატოში, დაელაპარაკებოდა რუსეთს, მოსწონს პატრიარქი - ამომრჩევლის პორტრეტი IRI-ის კვლევიდან


IRI-ის კვლევა, რომელმაც ბოლო დღეებში საგანგებო ინტერესი და ხმაური გამოიწვია, დამკვირვებლების აღქმით, საკმაოდ არაერთგვაროვან და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავ სურათს ხატავს.  საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა პოლიტიკური არითმეტიკის და იმის განსჯის საგნადაც იქცა - ვის ვინ (არ) მოსწონს.

კონტრასტები თვალშისაცემია - ერთი მხრივ, ძლიერი მხარდაჭერა აქვს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო, მეორე მხრივ, უმრავლესობა რუსეთთან დიალოგსაც ემხრობა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის", IRI-ის რესპონდენტები სრულწლოვანი მოქალაქეები არიან, არჩევნებში მონაწილეობის უფლებით; მაგრამ როგორია კოლექტიური ამომრჩეველი კვლევის მიხედვით? როგორ პოლიტიკურ რეალობაშია ქვეყანა?

პარადოქსული, წინააღმდეგობრივი

IRI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობის პოზიციებითა და განწყობებით, პოტენციური ამომრჩევლის ასეთ პორტრეტი იხატება:

  • თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (62%);
  • მიიჩნევს, რომ ბოლო 12 თვეში ეკონომიკური ვითარება გაუარესდა (61% - ძალიან ან ნაწილობრივ);
  • ემხრობა ვადამდელ არჩევნებს საქართველოში (52% - სრულად ან ნაწილობრივ);
  • მოსწონს საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე (88%) და თბილისის მერი კახა კალაძე (51%);
  • სრულად ემხრობა ნატოში (64%) და ევროკავშირში (70%) გაწევრიანებას;
  • მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს (59% - სრულად ან ნაწილობრივ);
  • საქართველოსადმი რუსეთის აგრესიას ამ ეტაპზე დასრულებულად მიიჩნევს (76%).

„ეს კვლევა ასახავს საზოგადოების პარადოქსული აზროვნების ალგორითმებს... ჩანს, რომ ურთიერთწინააღმდეგობრივები ვართ... წინააღმდეგობრივები ვართ მაგალითად იმაში, რომ, თითქოს, მკვეთრად დასავლეთზე ორიენტირებულები ვართ და ამავე დროს - არსებობს ასეთი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ... ერთი მხრივ, ლაპარაკია მოდერნისტული სახელმწიფოს მშენებლობაზე და, მეორე მხრივ, პატრიარქისა და საეკლესიო წრეების მიმართ ნდობის ფაქტორი ყველაზე მაღალია საზოგადოებაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ექსპერტი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია, რომელიც შეუთავსებელი ნიშან-თვისებების სინთეზს IRI-ის ბოლო კვლევის სხვა არაერთი მაჩვენებლის მიხედვით ხედავს.

ამავე კონტექსტშია ვადამდელი არჩევნების მიმართ რესპონდენტების 52%-იანი მხარდაჭერაც, რაც გამზარდიას მხოლოდ „პოლიტიკური შოუს ნახვის“ სურვილი ჰგონია და არა რესპონდენტების რეალური, გააზრებული პოზიცია, რადგან, როგორც ამბობს, „ამას იდეა არ უდგას წინ“ და პოლიტიკური სპექტრის დაბალი რეიტინგებიც ამაზე მიანიშნებს.

რა სურათს ხატავს პოლიტიკური რეიტინგი?

რეიტინგების თანახმად, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მაჩვენებლების ჯამი (30%) აღემატება „ქართული ოცნების“ მაჩვენებელს (25%) და სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ოპოზიციური ძალების მხარდაჭერის დამატებით პოტენციალს ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩევლებშიც ხედავს, მაგრამ ასევე გვეუბნება, რომ „მთელ რიგ ოპოზიციურ პარტიებს, სერიოზულად უდგათ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა“.

ახლა რომ 2024 წელი იყოს და საპარლამენტო არჩევნები, როგორც დაგეგმილია, 5%-იანი ბარიერითა და ბლოკების შექმნის უფლების გარეშე იმართებოდეს, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოხვდებოდნენ. გარეთ დარჩებოდა გიორგი გახარიას პარტიაც („საქართველოსთვის“), რომელსაც, მაგალითად, IRI-ის 2021 წლის ივნისის კვლევაში 9%-იანი რეიტინგი ჰქონდა; ხოლო ახლა, იმავე მესამე ადგილზე, 3%-იანი მაჩვენებლით გავიდა.

IRI-ის ამ ორი კვლევის შედარება აჩვენებს ასევე, რომ 3-3 პროცენტი დააკლდათ „ქართულ ოცნებასა“ (28%-დან 25%-მდე შემცირდა) და „ნაციონალურ მოძრაობას“ (15%-დან 12%-მდე შემცირდა).

იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ, კვლევის მაჩვენებლების თანახმად, ამომრჩევლების შემატების პოტენციალი პარტიებმა რესპონდენტების იმ 23%-ში უნდა ეძიონ, რომელსაც ორი კატეგორია ქმნის: ის ვინც არ იცის, ვის მისცემს ხმას (16%) ანდა უარს ამბობს პასუხზე (7%).

ამ ეტაპზე, არსებული მაჩვენებლებით, იაგო კაჭკაჭიშვილს ოპოზიციური პარტიებისთვის ერთ-ერთ გამოსავლად "თუნდაც დროებითი" შერწყმა წარმოუდგენია - „სავარაუდო საერთო დასახელებით“.

ბოლო პერიოდში, თანამშრომლობის ახალ ფორმატში ერთად მოქმედებენ პარტიები „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. არის ე.წ. პარტიული ბრენდების დათმობის გარკვეული ნიშნებიც, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი საერთო გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა.

„ოპოზიციური პარტიების 90% რომ გაერთიანდეს და ლიდერები შევიდნენ საერთო პოლიტსაბჭოს სრულფასოვან წევრებად, მივიღებდით ერთ კარგ, მეტ-ნაკლებად კარგ პოლიტიკურ პარტიას. მაგრამ ისევ ჩვენი თავისებურებისა თუ ხასიათის გამო, ეს ყველაფერი შეუძლებელია, ამ ეტაპზე... სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოებისთვის მთელი პოლიტიკური სპექტრი გაცვდა და ინტერესს აღარ იწვევს. ამ ინტერესის დასაბრუნებლად აქტიური მუშაობაა საჭირო“, - ამბობს არჩილ გამზარდია.

რჩება თუ არა ამ სურათში ადგილი „ქართული ოცნებიდან“ „სიმართლის სათქმელად“ წასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული „ხალხის ძალისთვის“, თუკი ის პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება?

იაგო კაჭკაშვილი განსაკუთრებულ ადგილს ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ „ხალხის ძალა“ „ან „ქართულ ოცნებას“ გაუყოფს ხმებს, ანდა უკვე არსებულ ულტრანაციონალისტურ ძალებს წაართმევს“. ლაპარაკია „პატრიოტთა ალიანსსა“ (2%) და „კონსერვატიულ მოძრაობა - ალტ-ინფოზე“ (1%), რომლებსაც ამ რეიტინგებით, ჯამში - 3% აქვთ.

„საბედნიეროდ, საქართველოში ძალიან დაბალი მხარდაჭერა აქვთ ულტრანაციონალისტურად განწყობილ ძალებს... თუკი „ქართული ოცნება“ აირჩევს უფრო გამოკვეთილად პროდასავლურ კურსს და ანტიდასავლურ კურსს გადაულოცავს მხოლოდ ამ „ხალხის ძალას“, მაშინ "ხალხის ძალას" 5%-იანი ბარიერის გადალახვის მეტი შანსი ექნება“, - გვეუბნება კაჭკაჭიშვილი. „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებას“ ის „ერთი სხეულის ორ ნაწილად“ განიხილავს, რომელთა შორისაც „ჯერჯერობით [ამომრჩევლის თვალით] ზღვარი წაშლილია“.

მოწონების რეიტინგები და უკმაყოფილება

„ქართული ოცნება“, როგორც აცხადებს, IRI-ის კვლევას ისედაც არ ენდობა, მაგრამ მათ რიგებში განსაკუთრებული უკმაყოფილება იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „პერსონების მოწონების რეიტინგში“ მხოლოდ 36% მიიღო და მე-10 ადგილზე გავიდა. მის წინ, მე-9 ადგილს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი - გიორგი ვაშაძე იკავებს; ხოლო პირველ ადგილზეა პატრიარქი ილია მეორე (88 %).

IRI-ის კვლევას არ ენდობა „გირჩი“ და როგორც პარტიის ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, „შეუძლებელია ენდო კვლევას, თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, სადაც ნინო ლომჯარია [სახალხო დამცველი] უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი“.

რეიტინგის მიხედვით პროცენტები ასე გადანაწილდა:
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - 88%; კახა კალაძე - 51%; ირაკლი ღარიბაშვილი - 44%; ანა დოლიძე - 40%; სალომე ზურაბიშვილი - 38%; დავით უსუფაშვილი - 38%; ნინო ლომჯარია - 38%; გიორგი გახარია - 37%; გიორგი ვაშაძე - 37%; ბიძინა ივანიშვილი - 36%; ირაკლი კობახიძე - 34%; ელენე ხოშტარია - 33%; მიხეილ სააკაშვილი - 33%; შალვა ნათელაშვილი - 33%; ნიკა მელია - 32%; ხატია დეკანოიძე - 31%; ალეკო ელისაშვილი - 30%; მამუკა ხაზარაძე - 29%; შალვა პაპუაშვილი - 28%; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26%; ბადრი ჯაფარიძე - 23%; გიგა ბოკერია - 17%; ხათუნა სამნიძე - 15%.

IRI-ის მიერ 2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ კვლევაში, „პერსონების მოწონების რეიტინგით“ პირველი ხუთეული ასეთი გადანაწილდა: პატრიარქი - 88%, კახა კალაძე - 58% და გიორგი გახარია - 56%; ირაკლი ღარიბაშვილი - 40%; ნიკა მელია - 39%. ამ რეიტინგებში არ გვხვდებოდა ბიძინა ივანიშვილი.

არჩილ გამზარდია, რომელიც 2015 წლამდე „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობდა, ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში დაბალი პროცენტი საწყენი სულაც არ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, რადგან ის „პირობითად, შევიდა ნისლიან ტყეში“, მას სურს „იყოს ძალაუფალი, მაგრამ იყოს უჩინარი“ და ამდენად, „უფრო კმაყოფილი იქნება, თუკი მომავალ წელს ნაკლებ პროცენტს მიიღებს ან სულ არ იქნება კვლევაში“.

თუკი IRI-ის 2021 წლის აგვისტოს კვლევაში, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ იყო მოხსენიებული, 2022 წლის აპრილში გამოქვეყნებულ კვლევაში მისი რეიტინგი 31%-ით განისაზღვრა; ხოლო 2019 წლის კვლევაში 35% იყო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG