Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერ გიკვირს, მერე შოკი გადაგივლის და ბრაზდები - ინტერვიუ სამსახურიდან გათავისუფლებულ რესტავრატორთან


ანი შეროზია
ანი შეროზია

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში 2022 წელს ორჯერ ჩატარდა რეორგანიზაცია, იანვარსა და ოქტომბერში. ამ პროცესის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა - თითქმის ყველა მათგანის გათავისუფლებას წინ უძღოდა გასაუბრება, რომელსაც, თავად როგორც დაკითხვას, ისე იხსენებენ. 

რესტავრატორი ანი შეროზია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სააგენტოდან მეორე რეორგანიზაციისას გათავისუფლდა. სტრუქტურული ცვლილებების დროს სრულად გაუქმდა ის დეპარტამენტი, სადაც ანი მუშაობდა, ანუ მუზეუმების, მუზეუმ-ნაკრძალების და საგანმანათლებლო სამსახური. ანი კოლეგებთან ერთად სააგენტოს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს.

სასამართლოში წასვლამდე ანი რადიო თავისუფლებას უყვება სააგენტოში მუშაობის ბოლო ერთ წელზე, ორ რეორგანიზაციასა და საფრთხეებზე, რაც ძეგლთა დაცვის სფეროში არსებობს.

როგორ მოხდა შენი გათავისუფლება, ვიცი, რომ ორჯერ გაიარე გასაუბრება.

კი, მე გავიარე გასაუბრება დეკემბერშიც და ახლაც. მეორე რეორგანიზაციის შედეგად გამათავისუფლეს სამსახურიდან. მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ პირველი რეორგანიზაცია იყო საკმაოდ ხანგრძლივი, მოულოდნელობებით სავსე. მაგალითად, ეროვნული გამოცდების მაგვარი გამოცდები რომ უნდა ჩაგვებარებინა საგამოცდო ცენტრში, ორი დღით ადრე გაგვაფრთხილეს.

ეს გამოცდა ყველასთვის სავალდებულო იყო?

ასაკობრივი შეზღუდვა იყო, 60 წელს ზემოთ ადამიანებს არ აბარებინებდნენ, თუ სწორედ მახსოვს.

გამოცდის გარდა, გასაუბრება მქონდა ქალბატონ მინისტრთან, სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან, ასევე კომისიასთან, რამდენიმეეტაპიანი იყო ეს დაუსრულებელი პროცესი.

მინისტრს რა კითხვები ჰქონდა?

ჩემ შესახებ: ვინ ვარ, რას ვსაქმიანობ, რა გამოცდილება მაქვს.

ანუ პროფესიასთან იყო კავშირში?

კი, პროფესიასთან კავშირში იყო ნამდვილად, მაგრამ აქ იყო ფორმა. ეს გასაუბრებები ჩაგვიტარეს ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც ბავშვები მოდიოდნენ, აფერადებდნენ, რაღაცებს ძერწავდნენ… არ ვიცი, როგორ მოახერხეს ამ ნათელი სივრცის ქცევა დასაკითხ ადგილად. ერთი ნათურა იყო მხოლოდ ანთებული, ძალიან დამთრგუნველი გარემო იყო, არამეგობრული, მტრული. ხანდახან მთავარი არ არის, რას გეკითხებიან, მთავარია როგორ გეკითხებიან. დამნაშავის როლში ვგრძნობდით თავს, ყველა.

პირველი რეორგანიზაციის დროს ჩვენი სამსახურიდან გაუშვეს 4 თანამშრომელი და მთლიანად გაათავისუფლეს საგანმანათლებლო სამსახური, რომელიც ბავშვებისთვის პროგრამებს აკეთებდა, საგანმანათლებლო პროექტები ჰქონდა, სამეცნიერო ჟურნალს აკეთებდა. ეს სამსახური არ გააუქმეს და მისი ფუნქციებიც დაგვიმატეს ჩვენ და შემოგვიერთეს არქეოლოგიური სამსახურიდან ერთი ადამიანი, ვინც ჟურნალს აკეთებდა.

და რა ფუნქციები ჰქონდა თქვენს სამსახურს საგანმანათლებლო ფუნქციების დამატებამდე?

ჩვენს შემადგენლობაში შემოდიოდა 18 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი, ჩვენ ვმუშაობდით მუზეოგრაფიაზე, სამუზეუმო პროექტებზე, რაც გულისხმობს როგორც რეაბილიტაციას, საექსპოზიციო კონცეფციებს, საფონდო დაგეგმვას, პრევენციულ კონსერვაციას. ნებისმიერი გამოფენა, რომელიც მზადდება, ჩვენს გარეშე არ კეთდებოდა. რესტავრატორის გარეშე არც ერთი ნივთი არ იცვლის ადგილს.

2022 წლის მეორე რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება, რომელსაც ანი არ დაეთანხმა. ამ დოკუმენტში მოცემულია კომისიის შემადგენლობა, რომელთანაც გადიოდნენ გასაუბრებას სააგენტოს თანამშრომლები.
2022 წლის მეორე რეორგანიზაციის შესახებ ბრძანება, რომელსაც ანი არ დაეთანხმა. ამ დოკუმენტში მოცემულია კომისიის შემადგენლობა, რომელთანაც გადიოდნენ გასაუბრებას სააგენტოს თანამშრომლები.

ალბათ რეორგანიზაციაზე საუბრისას მნიშვნელოვანია ვთქვათ, ვის იღებენ მათ ნაცვლად, ვისაც სამსახურიდან გათავისუფლებენ. აჰყავთ ახალი სპეციალისტები?

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არც ერთი სპეციალისტი არ აუყვანიათ, გარდა იურისტებისა.

რას აკეთებს ამდენი იურისტი?

არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ესენი თავის პროფესიაშიც არ არიან პროფესიონალები. მე მიმაჩნია, რომ როცა პროფესიონალი ხარ, უკვე იცი სწავლის ფასი, ცოდნის ფასი, შრომის ფასი და სცემ სხვის პროფესიასაც პატივს. ჩვენ ეს ადამიანები ისე გვეპყრობიან, არ მგონია, ამ ყველაფრის ფასი იციან.

როგორ გეპყრობიან? რა იყო ყველაზე აუტანელი, რაც სააგენტოში მუშაობის ბოლო წელს ყველაზე მეტად არ მოგწონდა?

პირველ რიგში, იგნორირება. მარტიდან, თუ არ ვცდები, ჩვენ არ დაგვწერია არც ერთი წერილი, რასაც ელექტრონული კანცელარიის გავლით ვიღებდით ხოლმე, დავალებები, ასე რომ ვთქვათ. აბსოლუტურად ჩამოცილებულები ვიყავით ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას. არ ვიცოდით, ამ მუზეუმებში რაიმე გადაწყვეტილებები მიიღებოდა თუ არა, დაგვაშორეს ჩვენს საქმიანობას. იქ ვიყავით, ვიღებდით ხელფასს, მაგრამ ჩვენს საქმეს ჩამოშორებულები ვიყავით. ალბათ გადაწყვეტილი იყო ჩვენი გათავისუფლება.

რატომ არ გაგიშვეს მაშინ პირველი რეორგანიზაციის დროს?

ყველას ერთად ხომ არ გაგვიშვებდნენ, ორ ნაწილად გაგვყვეს. ალბათ ხმაურს მოერიდნენ.

სააგენტოს მოვალეობა ყველა იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვაა, რაც გვაქვს, იქნება ეს ძველი თბილისის ისტორიული სახლები თუ მაგალითად გელათი, რომელიც არასახარბიელო დღეშია. ძეგლთა დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე მუშაობის ნაცვლად სააგენტო ატარებს რეორგანიზაციას და ამით ქმნის „ახალ ამბავს”. გაქვს განცდა, რომ რეორგანიზაციაა გზა მწვავე პრობლემებიდან ყურადღების გადატანის?

ზუსტად რამდენიმე დღის წინ ვეუბნებოდი ამ სფეროში მომუშავე ერთ-ერთ ჩემს კოლეგას და ახლობელს, რითი უნდა ვიყოთ დაკავებულები და რაში ვკარგავთ დროს. ვერც კი ვიჯერებ. ჩვენ იმდენად დატვირთული, იმდენად ქმედითი სამსახური გვქონდა, ძალიან გული მწყდება ამაზე. ეს არის უკვე ძალიან დიდი დარტყმა ამ სფეროზე. მე ვიტყოდი, რომ საათობრივად ფუჭდება საქმე ჩვენს დარგში. არ გვაქვს მოცდის დრო, არ გვაქვს ამის ფუფუნება.

ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, რისიც ძალიან მეშინია. ძალიან მალე უნდა გაიხსნას და იმედია გაიხსნება მცხეთაში ახალი არქეოლოგიური მუზეუმი. წლებია ამაზე ვმუშაობდით და როცა რეაბილიტირებული, გარემონტებული შენობა ჩავიბარეთ და ექსპოზიცია უნდა გაგვეკეთებინა, შეიცვალა ჩვენი ადმინისტრაცია. ამ მუზეუმში უნდა გაკეთებულიყო არქეოლოგიური ლაბორატორია, სარესტავრაციო ლაბორატორია, სადაც მე უნდა გამეგრძელებინა მერე მუშაობა. ამ ლაბორატორიის აღჭურვილობა არის უკვე ნაყიდი, მუზეუმში მოტანილი, ყუთებში ჩალაგებული. დაახლოებით ერთი კვირის წინ იქ იყვნენ ჩასულები ჩვენი ადმინისტრაციიდან და ფიქრობენ, რომ ლაბორატორია წამოიღონ და სააგენტოს შენობაში დადონ. ეს იქნება დანაშაული მცხეთის მუზეუმისთვის. მცხეთის მუზეუმი არის ერთ-ერთი მზარდი მუზეუმი, იქ შედის დიდი რაოდენობით არქეოლოგიური მასალა, იმდენად მდიდარი ფონდები აქვს, რომ სად თუ არა იქ, უნდა იყოს ეს ლაბორატორია. ამ ლაბორატორიის თბილისში გადმოტანა იქნება დამატებითი ხარჯი, ექსპონატების ტარება აქეთ-იქით, ამისთვის საჭიროა დაცვის პოლიცია, ნებართვები, მეტი ბიუროკრატია და თანაც ეს ყველაფერი შინაარსს აცლის იმ მუზეუმს. ყველაფერი დათვლილია, რამდენმა ადამიანმა უნდა იმუშაოს და როგორი საჭიროებები აქვს იმ კონკრეტულ მუზეუმს. ამ დანადგარებს, ამ აღჭურვილობას სხვაში ვერავინ ვერაფერში ვინ გამოიყენებს.

ამ ყველაფრის განხილვა გქონდათ თვითონ სააგენტოში?

ჩემთან არ მიმდინარეობდა. ჩემგან მოითხოვეს აღჭურვილობების სია, რაც არის სააგენტოს საკუთრება და, რა თქმა უნდა, გადავეცი. ვერ გაიგეს, რა რისთვის გამოიყენებოდა, რა რისთვის იყო და მომთხოვეს დამეწერა ცალკე გრაფაში და ამეხსნა, რა რა იყო. ესეც გავაკეთე, მაგრამ შეიძლება ეგეც ვერ გაიგონ. არ ვიცი.

სისტემის რეფორმირების ნაწილი იყო ოსტატთა რეესტრის შექმნა: კირითხუროები, ხითხუროები და ქვითხუროები რომ უნდა გადაემზადებინა სამინისტროს, საბოლოოდ, როგორც მახსოვს, ეს ადამიანები სააგენტოს თანამშრომლები უნდა გამხდარიყვნენ.

მე არ გამიცნია მსგავსი არავინ. არ ვიცი, აიყვანეს თუ არა. მე არ შემხვედრია არავინ. არ ვიცი, ასეთი თუ საერთოდ არიან.

ძირითადად მოჰყავთ იურისტები. არ ვიცი, ამდენი იურისტი… ყველა პროფესიას პატივს ვცემ, იურისტი საჭიროა ყველგან, ყოველთვის, იურისტი ჩვენი სიმართლის სადარაჯოზე უნდა იდგეს, წესით, მაგრამ აქ პირიქით ხდება. რაღაც სალანძღავი სიტყვა გამოდის იურისტი, როცა არის არაჩვეულებრივი პროფესია.

იურისტები ახლა შენც დაგჭირდება, სამართლებრივ დავას აპირებ. რის დასამტკიცებლად მიდიხარ სასამართლოში?

უსამართლობის განცდის, რომელიც გრძელდება დეკემბრის შემდეგ. ჯერ გიკვირს, მერე შოკი გადაგივლის, მერე ბრაზდები, პროტესტი გაქვს, სულ ამ გრძნობების მონაცვლეობაა… ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი ერთწლიანი სტრესი ამ უსამართლობის წინაშე.

XS
SM
MD
LG