Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შედევრის შენიღბული მანკიერება


"უკანასკნელი ტანგო პარიზში" (1972, იტალია-საფრანგეთი. რეჟისორი ბერნარდო ბერტოლუჩი)

ბერნარდო ბერტოლუჩი, იტალიური კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორი, სახელგანთქმული სინეფილი გაემიჯნა იმ პარიზს, რომელსაც აქამდე ყველაზე სახიერად ფრანგული "ახალი ტალღის" რეჟისორები აღბეჭდავდნენ. მეტიც, იქილიკა კიდეც კინოს ამ მიმართულებაზე, მოიწვია რა ფილმში სათამაშოდ სწორედ "ახალი ტალღის" ერთ-ერთი სიმბოლო, მსახიობი ჟან-პიერ ლეო. ლეოს გმირი კინოკამერით დარბის და ცდილობს გადაიღოს თავისი საცოლე ეფექტურ სცენებში. ტრიუფოსთვის, გოდარისთვის, ვარდასთვის, რომერისთვის კინო თავად იყო სიცოცხლე, უფრო სწორად, ბერტოლუჩის აზრით, მათ ეგონათ, რომ სწორედ ეს იყო ჭეშმარიტი სიცოცხლე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცოცხალი ადამიანის ვნებები ხშირად კულტურის მიღმა იმყოფება - რეალური სინამდვილის აღბეჭდვით გატაცებული კინოხელოვნება (და ჟან-პიერ ლეოს "თვალი") ზოგჯერ გულგრილია ადამიანური ტრაგედიის მიმართ, სწორედ იმ ტრაგედიისა, რომლის გამოხატვას ცდილობს ბერნარდო ბერტოლუჩი. გულგრილია, ანდა, უბრალოდ, ეშინია „ადამიანის შიგნით“ შეღწევის.

50 წელი გავიდა "უკანასკნელი ტანგოს" პრემიერიდან. პარიზი, არსებითად, არც შეცვლილა. ამ ქალაქისთვის დამახასიათებელი მკვეთრად განსხვავებული ხასიათის რაიონების ერთიანი სახე საუკეთესოდ წარმოჩინდება პარიზის მეტროში - ყოველი ხაზი სხვებისგან გამოირჩევა, ატმოსფეროს კი აქ თავად ხალხი ქმნის, იმისდა მიხედვით, თუ რომელი რაიონის ქვეშ ვიმყოფებით.

პარიზის მეტროს რესპექტაბელურ ხაზად ითვლება "მეექვსე", ე.წ. პასის ხაზი, რომელიც შარლ დე გოლის მოედანს მონპარნასთან აკავშირებს. ეს ხაზი გადის პარიზის ყველაზე მდიდარი რაიონების ქვეშ. ამიტომ ღარიბ-ღატაკებს და კლოშარებს, ჩვეულებრივ, "პასის ხაზით" სარგებლობა არ სჭირდებათ ხოლმე. სწორედ მეტრო თამაშდება ბერტოლუჩის ფილმში - ორი ადამიანი, ახალგაზრდა ფრანგი ბურჟუა ქალი და შუახნის ამერიკელი მამაკაცი (ქვრივი) ასეთი პარიზის ფონზე ხვდებიან ერთმანეთს. მამაკაცის თხოვნით, ისინი სახელსაც კი არ ამბობენ და საკუთარი თავის შესახებ არაფერს ჰყვებიან. მათ გაცნობას ერთადერთი მიზანი აქვს - სექსუალური აქტი, რომელიც უკიდურესად თავისუფალი უნდა იყოს, თანაც ისე, რომ ქალი მამაკაცის მანიპულაციებს დაემორჩილოს და ამ სადომაზოხისტურ კონტაქტში მსხვერპლის როლი ითამაშოს.

უნდა ვაღიარო, რომ "ტანგოს" პრემიერიდან 50 წლის შემდეგ "ფსიქოანალიტიკური კლიშეები" ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე ცოტა არ იყოს მოძველდა და დღეს შეიძლება გაგაღიზიანოთ კიდეც. თუმცა იმხანად გამოწვევად აღიქმებოდა ბერნარდო ბერტოლუჩის სურვილი, წარმოადგინოს სექსუალური აქტი, როგორც დომინაციის განსახიერება. ეროტიკა კი გადააქციოს დრამად და არა თვალსასეირო შოუდ, რომელმაც მაყურებლის სხეულის „რაღაც უჯრედებზე“ უნდა იმოქმედოს. თანაც ეს მაშინ, როდესაც ფილმში მთლად შინაარსის დონეზეა წარმოდგენილი სექსუალური სიამოვნება, როგორც ყველაფრის საწყისი. ყოველ შემთხვევაში სწორედ ამას ცდილობს მარლონ ბრანდოს გმირი - სექსის გამიჯვნას სენტიმენტებისგან. ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. არ დაგვავიწყდეს, რომ „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ არა მარტო ფსიქოლოგიურ-ეროტიკული დრამაა, არამედ სოციალური, პოლიტიკური ფილმია. „ტანგო“ ზუსტად ასახავს სასოწარკვეთას, დაბნეულობას, დაღლას, რომელიც მოჰყვა 68 წლის რევოლუციის მარცხს (მოგვიანებით ბერნარდო ბერტოლუჩი უკვე მსუბუქი ნოსტალგიით გაიხსენებს ამ ეპოქას ფილმში "მეოცნებეები"). და ეს "პასის ხაზიც", ეს ბურჟუაზიული პარიზიც აღიქმება როგორც ფონი სამყაროსი, სადაც ყველაფერი დაცარიელდა. დარჩა ვნება, რომელიც საბოლოოდ ასევე გაქრება და აღარაფერს დატოვებს სიკვდილის გარდა.

შეიძლება თუ არა შემთხვევით გაცნობილი ადამიანის შეყვარება? თანაც ძალიან ხანმოკლედ, ისე, რომ მისი სახელიც კი ვერ შეიტყო... საერთოდ, არაფერი, არაფერი იცოდე მის შესახებ? რა ხდება იმ დროს, როცა არა მარტო შემოქმედება ინახავს საიდუმლოს, არამედ საიდუმლოზე აიგება ორი ადამიანის, ქალის და კაცის კონტაქტი? უფრო სწორად, მათი სექსუალური კონტაქტი. პირველყოფილ ვნებაში ადამიანური გრძნობები როცა გაიღვიძებს, ეს საიდუმლო ქრება და, შესაბამისად, აღარც ვნებისგან რჩება არაფერი. გამოხატავს თუ არა ფილმი "ადამიანურის" გაღვიძებას ყველაზე მდაბალ ინსტინქტებზე? რატომ წარმოგვიდგინა რეჟისორმა მანიპულატორი მამაკაცის როლში მაინცდამაინც ამერიკელი? ანდა რატომ შეეშინდება გრძნობის გამოღვიძების ევროპელ ახალგაზრდა ქალს?

პრემიერიდან 50 წლის შემდეგ „უკანასკნელი ტანგო პარიზში“ ისევ სვამს კითხვებს, რომლებზედაც ცალსახა პასუხი არ არსებობს. მაგია, რომელიც აქვს ამ ფილმს, მისი შესავალი ტიტრებიდან დაწყებული (ფრენსის ბეკონის სურათის ფონზე) შოკისმომგვრელი ფინალის ჩათვლით საერთოდ არ გამქრალა. ფილმის ოპერატორი ვიტორიო სტორარო, გატო ბარბიერის მუსიკის ფონზე, ყავისფერის და ვარდისფერის ნიუანსებით გამოძერწილ ქანადაკებებს ქმნის მსახიობების სხეულებისგან. მისი კამერა დასრიალებს ჰაერში, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და იმას აღწევს, რომ „ტანგოში“ პოსტრევოლუციური ხანის პარიზის ჰაერიც კი იჟღინთება ვნებისგან, მანკიერებისგან.

მაგრამ მანკიერება, სამწუხაროდ, არაა მხოლოდ ბერტოლუჩის შედევრის მხატვრული სახე. მანკიერება თან ახლავს „ტანგოს“ შექმნასაც.

კინოს ისტორია ფილმების ისტორია ჰგონიათ ხოლმე. არადა, ხშირად, ფილმზე მუშაობის, მსახიობების შერჩევის, გადაღების ისტორია, შემდეგ ფილმის კინოთეატრებში ჩვენების ისტორია არანაკლებ საინტერესო და დრამატულია, ვიდრე ფილმი. დრომ საერთოდ არ დააძველა „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, მაგრამ დრო ნამდვილად დაგვეხმარა ახლებურად გაგვეაზრებინა ბერტოლუჩის ფილმის მანკიერება.

დიახ, დრომ და არა მხოლოდ ინფორმაციამ, რომელიც ფილმის პრემიერიდან მრავალი წლის შემდეგ შევიტყვეთ ბერნარდო ბერტოლუჩიზე და მთავარი როლების შემსრულებლებზე, მარლონ ბრანდოსა და მარია შნაიდერზე... შევიტყვეთ ჯერ კიდევ 2007 წელს, როცა მარია შნაიდერი დაწვრილებით მოჰყვა, როგორ იძალადეს მასზე მამაკაცებმა - მარლონ ბრანდომ და ბერნარდო ბერტოლუჩიმ. 19 წლის იყო და ვარსკვლავობაზე ოცნებობდა. აბა, რას წარმოიდგენდა, რომ მთლად ჰოლივუდის, იმხანად შესაძლებელია ნომერი პირველი ვარსკვლავის პარტნიორი გახდებოდა კინოში. გულუბრყვილობამ შეაცდინა.

კი, 19 წლის იყო. სექსუალური სხეული და ბავშვური სახე ჰქონდა. ამას მუდმივად ახსენებდნენ, რომ „ბავშვს ჰგავს“. სხვათა შორის, თავდაპირველად ამ როლზე ბერტოლუჩის იმდროინდელი „მუზა“ დომინიკ სანდა დაამტკიცეს. მაგრამ სანდა ორსულად იყო და გადაღების დაწყებამდე უარი შეუთვალა ბერტოლუჩის. დომინიკ სანდა, ეს ემანსიპირებული ქალი, „ტანგოში“ რომ გადაეღოთ, შესაძლებელია აბსოლუტურად სხვა ფილმი გვენახა. მაგრამ „გულუბრყვილო გოგონამ ბავშვური სახით“ რადიკალურად შეცვალა ფილმის კონცეფცია.

მარია შნაიდერი იგონებდა, რომ გადაღების დროს, როცა ანალური სექსის ეპიზოდში ლუბრიკანტის ნაცვლად კარაქი გამოიყენეს (თუმცა არ შეათანხმეს ქალთან), მარლონ ბრანდოს უთქვამს: „ჩემს ქალიშვილს, შაიენს მაგონებ. 2 წლისაა, მაგრამ ძალიან გგავს“. ბოდიშის ნაცვლად უთხრა. არც ბერტოლუჩის და არც ბრანდოს მარია შნაიდერისთვის ბოდიში არ მოუხდია.

2013 წელს ბერნარდო ბერტოლუჩიმ აღიარა, რომ გრძნობს თავის დანაშაულს, თუმცა არ ნანობს ამ სცენის ჩართვას ფილმში. ბრანდოს, როგორც ვიცი, არაფერი უთქვამს. რაც შეეხება მის ქალიშვილს; შაიენ ბრანდომ 1995 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

თვითმკვლელობა რამდენჯერმე სცადა მარია შნაიდერმაც. ნარკოტიკებს მიეჯაჭვა. იმედი ჰქონდა, რომ ზედოზირება დაეხმარებოდა ამ ქვეყნიდან წასვლაში; იქიდან, სადაც მოატყუეს, დაამცირეს, გამოიყენეს. „ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი, კარგად არ მესმოდა ფილმის შინაარსიო“... ეს რომ თქვა, მაშინაც კი ბევრმა დასცინა. და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ფრაზაც მიაყოლეს: „აქამდე სად იყო? რატომ აღიარა ყველაფერი ფილმის პრემიერიდან მხოლოდ 35 წლის შემდეგ?“

აქამდე „ბავშვური სახე“ ჰქონდა, ვერ ხედავდა.

ასეა. დაკვირვებიხართ ქალებს უხმო კინოს ეპოქაში გადაღებულ ფილმებში? „კეთილი გოგონების“ უმრავლესობა იქ ფიგურალურად, ხშირად კი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, უსინათლო იყო. ისინი ყველანაირი ვნების არარსებობას გამოხატავდნენ. მათი „სიბრმავე“, ბავშვურობა და გულუბრყვილობა განსაკუთრებით მოსწონდათ კაცებს - უსაფრთხოების სრული განცდა და „ბავშვური სხეულის“ დათვალიერება წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებდათ. ამ გზით ვითარდებოდა კინოს ინდუსტრია, სანამ ისევ ქალებმა არ დაიწყეს სისტემის მანკიერების გააზრება. დაიწყო ერთმა, ორმა, რამდენიმე ქალმა და მათ ნელ-ნელა შეუერთდნენ სხვები. აღიარა ერთმა, ორმა, რამდენიმე ქალმა და დროთა განმავლობაში სხვებმაც გადალახეს სირცხვილი, შიში, იმ სისტემიდან განდევნის მოლოდინი, რომელშიც აქამდე მოღვაწეობდნენ.

ერთი შეხედვით, "ტანგომ" 19 წლის გოგონა ვარსკვლავი გახადა. თუმცა აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ ფილმმა დაუნგრია მსახიობს ცხოვრებაც და კარიერაც. გამოცდილებამ, რომელიც მარია შნაიდერმა ბერტოლუჩის ფილმის გადაღებაზე შეიძინა, ის სწორედაც რომ "ბავშვურობისგან" გაათავისუფლა. უამრავი რამ გაიაზრა. "უკანასკნელი ტანგო პარიზში" აღარასდროს უნახავს. ის კი არა, ამბობდა, კარაქს ვერასდროს ნახავთ ჩემს სამზარეულოშიო.

ასეთი მარია შნაიდერი - გაზრდილი და დათრგუნული, ნარკოტიკზე დამოკიდებული - კინოინდუსტრიას არ სჭირდებოდა. 58 წლისა გარდაიცვალა. კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.

რას გვაძლევს ეს ინფორმაცია? უფრო სწორად, რამდენად შეიძლება შეცვალოს ჩვენი დამოკიდებულება მსოფლიო კინოს შედევრის მიმართ? "ტანგომ" ხომ რადიკალურად გარდაქმნა კინოს ენა, უპირველეს ყოვლისა ეროტიკული კინოს ენა - გადააქცია ეროტიკა მაღალ ხელოვნებად, გენიალური ეროტიკული ფერწერის, ლიტერატურის, ქანდაკების დონეზე აიყვანა. რაც მთავარია, დაასწრო სხვა შედევრებს - ნაგისა ოსიმას "გრძნობათა იმპერიას", პატრის შეროს "ინტიმს", მიხაელ ჰანეკეს "პიანისტ ქალს", დევიდ კრონენბერგის "ავტოკატასტროფას", ლილიანა კავანის "ღამის პორტიეს"... ვფიქრობ, ბერტოლუჩის, ბრანდოს და შესაძლებელია მთელი გადამღები ჯგუფის მორალური პასუხისმგებლობა არანაირად არ აკნინებს "ტანგოს" მხატვრულ ღირებულებას და ისტორიულ მნიშვნელობას. 50 წელი ბევრი არ არის, მაგრამ არც იმდენად ცოტაა, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ვიმსჯელოთ ადამიანებზე, რომლებმაც ბევრი რამ არ იცოდნენ. ამბობენ, არცოდნა -არცოდვააო. ვერ გეტყვით, რამდენად დაეჯერება ამ გამოთქმას - არცოდნას ფაქტობრივად შეეწირა ერთი ქალის სიცოცხლე. მაგრამ ცოდნის შეძენა რომ პროცესია და დროში ვითარდება, ფაქტია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ტანგოს" წარმატებას ვეღარ გაიმეორებ. სამყარო დღეს სხვა სინამდვილეში ცხოვრობს. აღარაა ბავშვი.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG