კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის დაბრუნებას "სასამართლო კლანის" გაძლიერებად აფასებს. კოალიციას მიაჩნია, რომ ეს ხელს უშლის ევროკავშირის იმ რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას ეხება.
"იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავმოყრილი ძალაუფლება ბუნებრივად აჩენს საჭიროებას, რომ საბჭო გამჭვირვალედ და სამართლიანად დაკომპლექტდეს, რაც შეამცირებს მის საქმიანობაზე შიდა თუ გარე გავლენის რისკებს. სამწუხაროდ, 23 ოქტომბერს გამართული მოსამართლეთა კონფერენცია მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა კომპლექტდებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო...
იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, კვლავ განაგრძობს მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების გადადგმას და ყველა ბერკეტს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად", - წერია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძისა და გვრიტიშვილის დაბრუნება რამდენიმე კითხვას უჩენს. მათ შორის, რატომ დატოვა მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა საბჭოში თანამდებობა ვადაზე ადრე და რატომ არ იყო ცნობილი კანდიდატების სია კონფერენციამდე?
23 ოქტომბერს მოსამართლეთა 31-ე კონფერენცია გაიმართა, რომლის ერთადერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების არჩევა იყო. კენჭისყრისთვის ნომინირებული იყო ზუსტად იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანტური ადგილიც არსებობდა. 279 მოსამართლიდან უმრავლესობამ ისე დაუჭირა მხარი დასახელებულ კანდიდატურებს, რომ არც საბჭოს ძველი წევრების წასვლის მიზეზებით დაინტერესებულა და არც ახალარჩეული წევრების გეგმებით.