Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნეტფლიქსის" საშიში პრემიერა


"ათენა"(2022, საფრანგეთი, რეჟისორი რომან გავრასი)

"ნეტფლიქსმა" მოაწყო პრემიერა ფრანგული ფილმისა "ათენა", რომელიც ვენეციის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო ჩართული. რეკლამა "ათენას" არ აკლდა. გავრცელდა ხმა, რომ წელს სწორედ ამ სურათს წარადგენს საფრანგეთი ამერიკული "ოსკარის" ნომინაციაზე. ვენეციის პრემიერას დარბაზის ხანგრძლივი ოვაციები მოჰყვა. ფილმის პირველ ჩვენებას საფრანგეთის დელეგაციის სრული შემადგენლობა დაესწრო. თავიდან ვიფიქრე, რომ ასეთი ინტერესი უფრო მეტად ფილმის რეჟისორმა განაპირობა - რომან გავრასი ცოცხალი კლასიკოსის, ცნობილი მეამბოხის, ფრანგული პოლიტიკური კინოს რეფორმატორის კოსტა-გავრასის შვილია. "ათენა" თითქოს გაგრძელებაა იმ რადიკალური სტილისა, რომელიც კოსტა-გავრასმა დაამკვიდრა კინოში. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ სურვილი, გადაიღო რაღაც ორიგინალური, მწვავე, საკმარისი არაა იმისთვის რომ ყურადღება მიიქციო. რომან გავრასის ფილმი ვენეციის ჟიურის პრიზის გარეშე დარჩა. ფრანგ რეჟისორს უკვე ურჩევენ დაუბრუნდეს მუსიკალურ ინდუსტრიას, რომელშიც მან არაერთხელ მიაღწია წარმატებასს ("გრემის" ლაურეტია). სხვათა შორის, მუსიკალური თვალსაზრისით "ათენა" მართლაც ძალიან საინტერესო ფილმია. "ჩვენი სურვილი იყო გადაგვეღო ფილმი, როგორც ოპერა და მიგვეღწია თავისებური საოპერო ქორეოგრაფიისთვის. თანაც ზედმიწევნით რეალისტურ სტილში", - აღნიშნავს გავრასი. "DJ Mehdi", რომელიც ფაქტობრივად "ათენას" მუსიკალური კონსტრუქციის ავტორია, გავრასის მეგობარი იყო. როგორც რეჟისორი ამბობს, მათ ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონდათ იდეა სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის, რომელშიც "მუსიკას უნდა უყურო".

"ათენა" თავიდან ბოლომდე გადაღებულია პარიზის გარეუბანში, "Parc aux Lievres"-ში. გავრასის თქმით, ესაა ემიგრანტებით დასახლებული "ღმერთისგან დავიწყებული ტერიტორია", სადაც დრო თითქოს გაჩერებულია. შესაბამისად, ამ გარიყულ გარემოში უფრო დამაჯერებლად შეიძლება გათამაშდეს რაღაც, მსგავსი ბერძნული ტრაგედიისა.
პირველივე ეპიზოდში ათენას მკვიდრი, ფილმის გმირი, აბდელი, რომელმაც ახლახან დაასრულა სამხედრო სამსახური სირიაში, დიასპორის წევრებს აცნობებს, რომ მისი უმცროსი ძმა პოლიციელების ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა, რაც ვიდეოჩანაწერით მტკიცდება. აბდელს ჰყავს კიდევ ერთი ძმა, კარიმი, რომელიც ათენას მცხოვრებლებს აჯანყებისკენ მოუწოდებს. პოლიციასთან შეტაკება ფაქტობრივად ნამდვილ ომში გადაიზრდება. ქალაქი იწვის.

პროლოგი უაღრესად ეფექტურია - დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში კადრი არ იცვლება, მაგრამ კამერა ასწრებს უზარმაზარი სივრცის "შთანთქმას". მერე კი რჩება შთაბეჭდილება, რომ ჯობდა "ათენა" ამ ათწუთიანი კადრით დასრულებულიყო; როგორც კი შემოდის ინტიმური თუ ყოფითი თემები, კონფლიქტები, ურთიერთობის გარკვევა ძმებს შორის (აბდელს კიდევ ერთი ძმა ჰყავს), მთლიანობა იშლება და ჩნდება ეჭვი, რომ რეჟისორი განგებ აჭიანურებს ამბის განვითარებას, რათა როგორმე ჩაჯდეს სრულმეტრაჟიანი ფილმის ფორმატში.

"ათენაში" პანორამული გადაღება ძალიან შთამბეჭდავია, ასევე მაღალი ხედვის წერტილიდან გადაღებული ხედები. საერთოდ,
ტექნიკური ინოვაციები აუცილებლად დაგაინტერესებთ ფილმში, თუმცა მოდით შევთანხმდეთ, რომ ნებისმიერი ტექნიკური ექსპერიმენტი კინოს უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით. ასევე მუსიკა, რომელიც გამოყენებულია ფილმში, კინოს უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით... სხვაგვარად მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ - სრულმეტრაჟიან მუსიკალურ კლიპს. მეტიც, პიროტექნიკურ შოუს და არა კინოს.

განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ავტორის პრეტენზია ანტიკური ტრაგედიის ინტერპრეტაციაზე, როცა ეკრანზე ხედავ არა ანტიკურ ტრაგედიას, არამედ გათამაშებულ ომს, გადაწყვეტილს ონლაინვიდეოს სტილით, ასე რომაა გადატვირთული სოციალური ქსელები. ოღონდ ის მოკლეა, ეს კი მთელი საათ-ნახევარი გრძელდება.

და მაინც, რატომ აიტაცა ასე რომან გავრასის ფილმი ფრანგი მემარცხენეების დიდმა ნაწილმა? ანდა შედევრს რატომ ელოდნენ ისინი, ვისაც "ათენას" ტრეილერი ჰქონდა ნანახი? (ვენეციაში ერთ დღეში გაიყიდა ბილეთები ფილმის პრემიერაზე). ვფიქრობ, მთავარი მიზეზი ფილმის თემატიკაა. გავრასის სურათის პირველი ჩვენებები ომს დაემთხვა უკრაინაში. ვენეციის წლევანდელი კინოფესტივალის კონკურსში წარმოდგენილი ფილმების აბსოლუტურ უმრავლესობაში კი საერთოდ არ ჩანდა, რა დროში ვცხოვრობთ და რა აწუხებს დღეს სამყაროს. ასეთი კინოს ფონზე "ათენა" აღიქმება, როგორც ფილმი-გაფრთხილება, ფილმი სამოქალაქო ომის შესაძლებლობაზე საფრანგეთში.

საინტერესოა, რომ ქალებს "ათენაში" თითქმის ვერ ვხედავთ. მხოლოდ 2 ქალი გამოჩნდება - დედა და უმცროსი და. კაცების სამყაროა ეს. ომის ქალღმერთი, ათენა განაგებს პატრიარქალურ "ბუდეს", სადაც კაცები უმოწყალოდ ხოცავენ ერთმანეთს. ესეც პირობითი ხერხია, რომელიც სჭირდება რეჟისორს "დადგმული ომის", უფრო სწორად, ომი-ბალეტის გამოსახატავად. მაგრამ ძალადობის ესთეტიზაციის პროცესში რომან გავრასს საერთოდ ავიწყდება ხასიათები, ცოცხალი ადამიანები. ვიღაცებს ვენეციაში მსახიობები მოეწონათ. მე კი მგონია, რომ ყველა მსახიობი მარიონეტს უფრო ჰგავს, თოჯინას, რომელსაც თავისი გმირის ხასიათის გამოხატვა ეკრძალება, რადგან პერსონაჟის ფსიქოლოგიური გაღრმავების ნებისმიერმა ცდამ შეიძლება "გააფუჭოს" გავრასის პიროტექნიკური ბალეტი. არადა ნებისმიერ კარგ ქორეოგრაფიასაც კი აქვს ის, რასაც ჩვენ "დრამატურგიას" ვუწოდებთ. დროში განვითარებული ხელოვნება არ არსებობს დრამატურგიის გარეშე. ხასიათები არ იქმნება, ადამიანი ემსგავსება ნახევრად ველურ ამბოხებულს. ამით კი ავტორი მხოლოდ ამყარებს კლიშეს "განუვითარებელზე" (მუსლიმზე), რომლის ადგილი არაა ცივილიზებულ სამყაროში.

კი, ზედაპირულობა და ძალიან ფაქიზი თემის დრამატიზება შტამპებით, რომლებიც დღემდე დაგროვდა თანამედროვე სამყაროში, საშიშია. ძალიან საშიში. სწორედ ზედაპირულობის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ გავრასს "ფრანგული ჯიჰადის" დამკვიდრება და იდეალიზაცია უფრო უნდა, ვიდრე სოციალურ პრობლემებზე სერიოზული მსჯელობა. ალტრამემარჯვენეებს ნამდვილად მოეწონებათ ფილმი: "აი, ხომ ვამბობდით, რომ ველურები არიან!"... ჰოდა, "ქერასი" არ იყოს, მივიღეთ შედეგი - ცუდმა ფილმმა უფრო გააძლიერა ის ხალხი, ვისაც ეს ცუდი ფილმი ებრძვის.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG