Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის ხიდის აფეთქების რუსული ვერსია და საქართველო - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 ოქტომბერს


"უმადურობა" - ქართველები ყირიმის ხიდის აფეთქების რუსულ ვერსიაში

რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში ფიგურირებდა სატვირთო, რომელიც ბულგარეთიდან საქართველოში შემოვიდა და სომხეთში განბაჟებული ტვირთი მიჰქონდა. 12 ეჭვმიტანილიდან, რუსეთის განცხადებით, 8 უკვე დაკავებულია, ხოლო კიდევ 4-ს ეძებენ, მათ შორის - საქართველოს 2 მოქალაქეს.

თბილისის პასუხი ამ ბრალდებებზე მხოლოდ შს და ფინანსთა მინისტრების მოადგილეებმა გააჟღერეს. მათ უარყვეს, რომ სატვირთომ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი.

ბულგარეთმა კი ვერსიის გაჟღერებისთანავე დაიწყო გამოძიება და 11 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ გამოირიცხა რუსეთის ვერსიის მართებულობა. განცხადება ბულგარეთის მთავრობის სახელით გავრცელდა.

რუსეთის ბრალდებებზე საქართველოს შემთხვევაშიც ასეთივე დამაჯერებელი პასუხების გაცემის საჭიროებას ხედავენ ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ბოლო დღეებში ელაპარაკა. დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გვითხრა ისიც, რომ საქართველოს უნდა გაემართა კონსულტაციები ბულგარეთთანაც.

რამდენად საყურადღებოა რუსეთის ბრალდებები? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ვინ ხედავს და ვინ ვერა პოლიტიკურ მოტივს წალენჯიხის მერის მანქანის დაწვის საქმეში?

გუშინ, 12 ოქტომბერს, წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ განაცხადა, რომ ღამით მას ავტომობილი დაუწვეს. მერი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს მომხდარში წალენჯიხის მერის პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელიაც. "ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით. ასე ესმით თანამშრომლობა, ხალხის მხარდაჭერილი ოპოზიცია უნდა გადაწვან. ასე ხდება რუსეთში და გვიმტკიცებენ, რომ უნდათ ევროპა! ეს გზა ევროპაში არ მიგვიყვანს!" - წერს ენმ-ის თავმჯდომარე.

გუშინ მმართველ პარტიაშიც გაკეთდა კომენტარები მანქანის დაწვის ფაქტზე. „ქართული ოცნების“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის თქმით, პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი „უხერხულია“.

"თუ ვინმე არის პოლიტიკურად უინტერესო, რასაკვირველია, ეს არის ეს პიროვნება [გია ხარჩილავა]. ამიტომ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ ინტერესსა და შურისძიებაზე საუბარი ძალიან უხერხულია, საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება“, - თქვა იონათამიშვილმა.

წაიკითხე მეტი.

„არ ვიცი, ზამთარში, გათბობის გარეშე აქ როგორ ვიცხოვრო“, - რას ითხოვენ სტუდენტები?

ბინებზე გაზრდილი ქირის საფასურის გამო სტუდენტებს ღირსეული და უსაფრთხო საცხოვრებლის პრობლემა დაუდგათ. ასეთად, როგორც სტუდენტები ამბობენ, თსუ-ს საერთო საცხოვრებელი ვერ გამოდგება. მათ ამ პრობლემის გასაჟღერებლად 12 ოქტომბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

დღეს უნივერსიტეტს ორი სტუდენტური საცხოვრებელი აქვს. ერთი ბაგებში, გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენებული კორპუსები, სადაც ცხოვრებისათვის უკიდურესად რთული პირობებია და მეორე - 2013-14 წლებში აშენებული საცხოვრებელი ლისზე. იქ გაცილებით უკეთესი პირობებია, თუმცა შენობა მხოლოდ და მხოლოდ 320 სტუდენტზეა გათვლილი და ერთი თვის საფასური 150 ლარს შეადგენს. დაახლოებით 250-მდე სტუდენტს იტევს ბაგების სტუდქალაქი, სადაც ერთი თვის საფასური 50 ლარია.

დეა ბაკაშვილი იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. 12 ოქტომბერს, სხვა სტუდენტებთან ერთად, დეაც იდგა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეებზე და სხვებთან ერთად ისიც ითხოვდა სტუდენტებისათვის ღირსეულ საცხოვრებელს.

დეა რეგიონიდანაა. გაუმართლა და თბილისში, ნათესავთან ცხოვრობს. ნათესავი რომ არა, მასაც რეგიონიდან ჩამოსული სხვა სტუდენტების მსგავსად, ბინის დაქირავება მოუწევდა, რაც ბოლო თვეებში, ბინებზე გაზრდილი ფასების გამო, მას და მის ოჯახს მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვებოდა.

სტუდენტების მოთხოვნების შესახებ წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის რეპორტაჟში.

საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე იმსჯელეს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე

ბრიუსელში უკრაინის დახმარებისთვის შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, აშშ-ის თავმჯდომარეობით. შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, რუსეთის ბოლო დღეების იერიშის ფონზე, რასაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგოობიექტების დაზიანება მოჰყვა.

ბრიუსელის შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. თუმცა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს „ისტორიული“ უწოდა და თქვა, რომ საქმე ეხება უკრაინის „ცის ჩაკეტვას“. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ვაშინგტონი მუშაობს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ის დაჩქარებულ მიწოდებაზე. ახლახან გერმანიამ უკრაინას უკვე მიაწოდა საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T. ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა ოთხშაბათს გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებით 15 მილიონი ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტების გადაცემის შესახებ. გერმანიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას მიაწოდებს ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა Mars II-ს და თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Panzerhaubitze 2000-ს.

12-13 ოქტომბერს ბრიუსელი ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მინისტრებს მასპინძლობს. ბელგიაში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც. ის გუშინ უკვე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

INSIDER: ილონ მასკმა უკრაინას ყირიმში Starlink-ის გამოყენება აუკრძალა იმის შიშით, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

გამოცემა INSIDER-ი წერს, რომ სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ილონ მასკმა პირადად უარყო უკრაინის მოთხოვნა SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის ყირიმში გაფართოების შესახებ. კომპანიის გენერალური დირექტორი შიშობს, რომ უკრაინის მიერ ნახევარკუნძულის რუსეთის კონტროლისგან დაბრუნების მცდელობამ, შესაძლოა, ბირთვული ომი გამოიწვიოს.

თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-მა და ილონ მასკმა კიევს Starlink-ის ათასობით სისტემა გადასცეს. ამან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა, კავშირი დაემყარებინა ე.წ მკვდარ ზონაში. Yahoo News-ის თანახმად, ენერგოეფექტური სატელიტური მიმღებების მეშვეობით, უკრაინას საშუალება მიეცა, მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატებით რეალურ დროში მიეღო ინფორმაცია რუსული ძალების გადაადგილების და მათი სამიზნე ობიექტების შესახებ.

წაიკითხე მეტი.

შენგენის ზონაში არ მიიღებენ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, არ მიიღონ საქართველოს და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული სამოგზაურო დოკუმენტები. გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამგზავრო დოკუმენტები (პასპორტები) არ მიიღება ვიზის ასაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის.

ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის პრაქტიკაზე ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემის შესახებ. ასევე რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მან 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობა ცნო, ნათქვამია დოკუმენტში.

წაიკითხე მეტი.

80 წელი ბირთვული იარაღის შექმნიდან - როგორ მივედით დღევანდელ საფრთხემდე

გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს? ეს დღეს ბევრს აღელვებს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ.

80 წლის წინაც მსოფლიოში ასევე ლაპარაკობდნენ ბირთვულ იარაღზე, ოღონდ უფრო ვიწრო წრეში. გაგანია მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის ზაფხულში, აშშ-მა შეიმუშავა პროექტი, რომელიც საბოლოო ჯამში ატომური ბომბის შექმნითა და მისი გამოყენებით დასრულდა.

1942 წლის ოქტომბერში ბირთვულ პროექტზე მოსკოვშიც ალაპარაკდნენ. დაზვერვის მონაცემების მიღების შემდეგ, რომ ამერიკელები ნამდვილად მუშაობდნენ ატომური ბომბის შექმნაზე, სტალინის ბრძანებით საბჭოთა კავშირმაც დაიწყო ბირთვულ იარაღზე მუშაობა. მოსკოვში გადაიყვანეს აკადემიკოსი ვერნადსკი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რადიუმის ინსტიტუტს და იკვლევდა რადიოაქტიურ მასალებს. მაგრამ საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაში, მეცნიერებზე უფრო მეტი წვლილი, ჯაშუშებმა შეიტანეს.

60 წლის წინაც, კარიბის კრიზისის დროს, უკვე ფართო წრეებში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ბირთვული ომის საფრთხეზე მსჯელობდნენ. მაგრამ იმხანად მოხერხდა ბირთვული ომის თავიდან აცილება ორ სუპერსახელმწიფოს შორის.

წაიკითხე მეტი.

უკრაინელები ამბობენ, რომ იზიუმში იპოვეს ოთახი, სადაც რუსი ჯარისკაცები ადგილობრივებს აწამებდნენ.

XS
SM
MD
LG