Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასია - რაზე მიუთითებს გენეტიკური კვლევები


ადამიანის გენეტიკური მასალა
ადამიანის გენეტიკური მასალა

როგორ ხდება მოსახლეობის ეთნიკური ფორმირება? რატომ კარგავს არქეოლოგიური აღმოჩენები გენეტიკური ანალიზის გარეშე ინფორმატიულობას? ჩრდილოეთ კავკასიის პოპულაციური გენეტიკა - ამ თემას მაირბეკ ვაჩაგაევი ქიმიის მეცნიერებათა დოქტორ ჰუსეინ ჩოკაევთან განიხილავს.

- ამ ბოლო დროს ენის მკვლევრები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ცალკეულ ჯგუფებზე კავკასიის ენათა სისტემაში: ნახური, დაღესტნური და აფხაზურ-ადიღეური. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენეტიკის კონტექსტში ეს ხალხი ერთმანეთს ენათესავება?

- გენეტიკასა და ენას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს. მაგალითად, ყველამ ვიცით ბასკები, რომლებიც სამხრეთ საფრანგეთსა და ჩრდილოეთ ესპანეთში ცხოვრობენ. გენეტიკური თვალსაზრისით, მათ დიდ უმრავლესობაში ჰაპლოჯგუფი R1b დომინირებს. ეს ევროპული ჰაპლოჯგუფია, მაგრამ ენა სადაურია? არაინდოევროპული. ოსეთში არის G2а1 - ეს კავკასიური ჯგუფია, არა ირანული. ეს როგორ მოხდა? ოსები ირანულენოვანები არიან, მაგრამ გენებში ირანულს ვერაფერს ვხედავთ, თითქმის სრულად კავკასიელები არიან. გენეტიკოსები, რა თქმა უნდა, ცდილობენ, რომ გენეტიკური მონაცემები და ენები ერთმანეთს დაუკავშირონ, არის ნაშრომებიც, მაგრამ ჯერჯერობით არცთუ სარწმუნო.

ჰუსეინ ჩოკაევი
ჰუსეინ ჩოკაევი

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად ენა ელიტური დომინაციის შედეგად გადაეცემა. რაღაც ჯგუფი, 2000-3000 კაცი მილიონიან ქვეყანას დაიპყრობს და დროთა განმავლობაში იქ თავის ენას ავრცელებს. თანდათან ყველა იმ ენაზე იწყებს ლაპარაკს, რომელზეც ხელისუფლების სათავეში მოსულები მეტყველებენ.

თურქეთი ავიღოთ. იქ თურქული ჰაპლოჯგუფი 10 პროცენტზე მეტი არაა, დანარჩენი 90 პროცენტი იგივე ბიზანტიელები არიან, რომლებიც იქ ოდითგან ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს ყველა თურქულ ენასა და კულტურას მიჰყვება, ყველა გათურქდა. მსგავსი მაგალითი უამრავია, ამიტომ პირდაპირი კავშირი ენასა და გენეტიკას შორის არ არსებობს.

სხვაა, როცა აუტოსომურ მონაცემებს განვიხილავთ (აუტოსომები არის ქრომოსომები, რომლებიც იდენტურია ერთი ბიოლოგიური სახეობის, მაგრამ სხვადასხვა სქესის ინდივიდებში). აუტოსომებში უამრავი, საუკუნეებს მიღმა არსებული თაობაა ასახული. თუ აუტოსომურ ანალიზს ჩავატარებთ, გამოდის, რომ ყველა კავკასიელი, მიუხედავად განსხვავებული ჰაპლოჯგუფისა, მაინც ერთმანეთთან არის ახლოს. ანუ ჰაპლოჯგუფების მიხედვით ამას ვერ დავასკვნით, მაგრამ აუტოსომების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კავკასიელები ერთ კლასტერს ქმნიან და ეს კლასტერი სხვა ხალხებისგან განცალკევებით დგას.

- დღეს არსებული მონაცემები რამდენად იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ეთნოსებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნებზე ვისაუბროთ ან საერთოდ კავკასიაზე?

- არა მგონია ახლა სიღრმისეული დასკვნების დრო იყოს. არსებობს ძალიან სერიოზული რაღაცები, მაგალითად, გენების დრეიფი. ეს როგორ ხდება? არის ერთობა ერთი ან რამდენიმე ჰალპოჯგუფით. დროთა განმავლობაში მასში სულ სხვა ჰალპოჯგუფიდან ხვდება ადამიანი. დიდია იმის ალბათობა, რომ დროის შემდეგ, ამ ადამიანის შთამომავლები იმდენად აქტიურად გამრავლდებიან, რომ აბორიგენ ჰალპოჯგუფებს შეავიწროებენ.

კავკასიისთვის გენების დრეიფი ძალიან აქტუალური თემაა, რადგან ეს განსაკუთრებით მცირერიცხოვან და ჩაკეტილ პოპულაციებში იჩენს თავს, იმ ხალხში, რომელიც მიგრაციისკენ ნაკლებად არის მიდრეკილი. მაგალითად, დაღესტანში 90 პროცენტზე მეტი არის J1, ანუ ერთმა ჯგუფმა ყველა სხვა შეავიწროვა. ოსეთში - G2а1. ეს ჯგუფები ახალგაზრდაა - 1000-1200 წლის. შეუძლებელია, ოსი ხალხი მხოლოდ 1000 წელი არსებობდეს. ესე იგი სხვა ჯგუფებიც იყვნენ, რომლებიც შეავიწროვეს. ამიტომ ინტერპრეტაციებს ცოტა სიფრთხილე სჭირდება.

გარდა ამისა, არის ნაციონალისტების პრობლემაც. ისინი ცდილობენ, თავიანთ ჰაპლოჯგუფს გაუთქვან სახელი და სხვები დაამცირონ. არიან პროფესიონალები, რომლებიც მიზანმიმართულად აყალბებენ ინფორმაციას, სარგებლობენ რა იმით, რომ ამ საკითხებში ბევრი ვერ ერკვევა.

- როდესაც დნმ-პროექტებზე, ამ სფეროში კვლევებზე ვსაუბრობთ, როდის დგება მომენტი, როდესაც უკვე დასკვნებზე ლაპარაკი შეიძლება? არსებობს რამე აუცილებელი პროცენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მეცნიერული თვალსაზრისით ვისაუბროთ?

- რა თქმა უნდა, გენეტიკას სტატისტიკაც მისდევს. სტატისტიკური მონაცემებით, ერთ მილიონ პოპულაციაზე საკმარისია 100 ადამიანის ტესტირება. ამ რაოდენობით ზოგად წარმოდგენას შეიქმნი, მაგრამ ეთნოსის დეტალურად შესასწავლად, მეტი ტესტია საჭირო.

- პოდკასტ „კავკასიის ქრონიკის“ სტუმარი ისტორიკოსები დნმ-პროექტების მიმართ უიმედოდ იყვნენ განწყობილი. მათ მიაჩნიათ, რომ ეს დამხმარე მონაცემებია, მაგრამ არა ძირითადი.

- არ დავეთანხმები. ისტორიკოსები აქ ობიექტურები არ არიან. ისტორია, არქეოლოგია რას ეყრდნობა? მატერიალურ კულტურას. დამწერლობა რომ არ იყოს და არქეოლოგებმა ახლანდელი საფლავები ამოთხარონ, ისტორიკოსები დაასკვნიდნენ, რომ ჩვენ ჩინელები ან ევროპელები ვართ - რადგან ყოფაში უამრავი ჩინური თუ ევროპული ნივთი გვაქვს. წერილობითი წყაროებით გაარკვევდნენ? მაგრამ ბევრ ხალხს დამწერლობა საერთოდ არ ჰქონდა.

გენეტიკა და ისტორია ერთმანეთის გვერდით დგანან. ახლა პოპულაციური გენეტიკის ნაწილი ნაშთების გამოკვლევითაა დაკავებული - ეს არქეოგენეტიკაა (მოლეკულური პოპულაციური მეთოდების გამოყენება კაცობრიობის წარსულის შესასწავლად).

ისტორიკოსები გენეტიკოსებს უყვებიან, რომელი საფლავიდან ამოთხარეს მასალა, რომელ კულტურას მიაკუთვნებენ, რა პერიოდით ათარიღებენ, გენეტიკოსები კი ადგენენ, ის რომელ ჰალპოჯგუფს მიეკუთვნებოდა. ისტორიაში ყველაფერი ცხადი არაა. დღემდე არ ვიცით, ვინ არიან ალანები, ირანულ ენაზე საუბრობდნენ თუ თურქულზე. ან ვინ არიან ჰუნები. ამას ვერცერთი ისტორიკოსი ვერ ამბობს. იმასაც კი ვერ გეტყვიან, ისინი რომელ ენობრივ ჯგუფში შედიოდნენ.

მგონია, რომ გენეტიკა ძალზე ზუსტი მეცნიერებაა და ყველაზე მეტ ინფორმაციას იძლევა. ამ დარგმა 30 წლის წინ დაიწყო განვითარება. ახლა მონაცემების შეგროვების ეტაპზე ვართ. როდესაც საკმარისი რაოდენობით შევაგროვებთ, ისტორიკოსებს მოუწევთ გვერდზე ჩაიჩოჩონ.

- თუ მოგეპოვებათ მონაცემები, რომლებსაც კავკასიის ხალხების ისტორიის შეცვლა შეუძლიათ?

- კავკასიის ხალხების ისტორიაში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ბუნდოვანი, თუნდაც იმ მონაცემების მიხედვით, რომლებიც ახლა გვაქვს. კავკასიიდან ძალიან ცოტა ნაშთია შესწავლილი. შეგვიძლია ვისაუბროთ ახლანდელი მოსახლეობა როგორია, მაგრამ ადრე როგორი იყო, ამაზე ლაპარაკი ჯერ არ ღირს. არსებობს გენების დრეიფი, ბევრმა შტომ ჩვენამდე ვერ მოაღწია, შიმშილის, გვალვის, ომებისა და ეპიდემიების გამო ამოწყდნენ. ამ დროის განმავლობაში ვიღაც წავიდა კავკასიიდან, ვიღაც - პირიქით.

- ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში რომელ ჰალპოჯგუფებზე შეგვიძლია ვისაუბროთ?

- დავიწყოთ ჩრდილოეთ კავკასიით. დაღესტნელები: მათ J1-ის მაღალი პროცენტი აქვთ. აქ განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ქვეჯგუფი z1842. ეს ქვეჯგუფი მტკვარ-არაქსის ნამარხებშიც (მტკვარ-არაქსის კულტურა არსებობდა 4000-2200 წლებში ჩვ.წ.აღ.-მდე) აღმოჩნდა. ანუ ამ კულტურის დროიდან ეს ჯგუფი აქ ცხოვრობს.

ჩეჩნეთი: აქ ქვეჯგუფი J1, z1842 შეადგენს 30-40 პროცენტს. 50 პროცენტზე მეტს კი J2 6804 აქვს. ინგუშებში ეს J2 სადღაც 80 პროცენტს აქვს. იგივე ჰაპლოჯგუფი გვხვდება "სამხრეთ ოსეთის" შემთხვევაშიც - სადღაც 30 პროცენტი. თუშებსა და მოხევეებში (საქართველო) ეს მაჩვენებელი 80-90 პროცენტია; ხევსურები (საქართველო) კი გენეტიკურად ძალიან სხვადასხვანაირები არიან.

სამარხები ჩეჩნეთში, X-XII საუკუნეები
სამარხები ჩეჩნეთში, X-XII საუკუნეები

გარდა ამისა, ჩეჩნეთში მაღალი პროცენტით არის L1с. ეს ჰაპლოჯგუფი ერთეულ შემთხვევაში გვხდება ინგუშეთში და მეტი არსად კავკასიაში. ეს ამბავი ჩვენთვის საიდუმლოებითაა მოცული.

შემდეგ ოსები - 90 პროცენტს ჯგუფი G2а1 აქვს. ეს კოლხების შთამომავლობაა, კიდევ ერთი ვერსიით, კობანური კულტურის. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ეს ორი კულტურა ერთმანეთთან არაფერ შუაშია, მაგრამ გენეტიკოსები სხვაგვარად ფიქრობენ.

აზერბაიჯანელებთან დაკავშირებით ინფორმაცია მწირია.

სომხეთი გენეტიკურად ძალიან მრავალფეროვანია. აქ ძალიან ბევრი ჰაპლოჯგუფი იყრის თავს. სომხეთის მთიანეთი გზაგასაყარზეა და მასზე ყველანაირმა მიგრაციამ იმოქმედა.

საქართველოში გავრცელებულია G2а1 z6046 - ესენი კავკასიის ძველი ბინადრები არიან. არქეოლოგიურ გათხრებს თუ გავითვალისწინებთ, ისინი იქ ჯერ კიდევ მეზოლითის ხანაში იყვნენ.

XS
SM
MD
LG