Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ხაბაროვსკის ოლქში აღიარეს, რომ მობილიზებულთა ნახევარი შეცდომით გაიწვიეს


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინასთან საომრად მობილიზებული რუსეთის მოქალაქეების ავტობუსი როსტოვის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინასთან საომრად მობილიზებული რუსეთის მოქალაქეების ავტობუსი როსტოვის ოლქში

რუსეთის ხაბაროვსკის ოლქიდან უკრაინასთან საომრად მობილიზებულების ნახევარი შეცდომით გაიწვიეს. ამის შესახებ, როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, ხაბაროვსკის გუბერნატორმა მიხაილ დეგტიაროვმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, სამსახურიდან გაათავისუფლეს ოლქის სამხედრო კომისარი იური ლაიკო.

გუბერნატორის თანახმად, ათ დღეში უწყება მიიღო რამდენიმე ათასმა ხაბაროვსკელმა და მათგან დაახლოებით ნახევარი უკან დააბრუნეს, რადგან არ შეესაბამებოდნენ შესაბამის კრიტერიუმებს. ამასთან, დეგტიაროვმა განაცხადა, რომ ეს ხელს არ შეუშლის „პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების შესრულებას“.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ხაბაროვსკის ოლქის კომისარიატის მიერ გაწვეულთა შორის იყვნენ შიზოფრენიით დაავადებული პაციენტი და მამაკაცი, რომელიც მარტო ზრდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინასთან საომრად „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG