Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა აღიარა მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის პროცესში ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. პუტინმა მოითხოვა ამ შეცდომების გამოსწორება და ასევე იმ პირთა შინ დაბრუნება, ვინც არმიაში უსაფუძვლოდ გაიწვიეს. ამ განცხადებებით პუტინი გამოვიდა შეხვედრაზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან.

პუტინის თქმით, მობილიზებული პირები ჩივიან გაწვევის ორგანიზებაზე, მომარაგებაზე, საყოფაცხოვრებო პირობებზე და კიდევ ბევრ რამეზე. პუტინის განცხადებით, ცალკე უნდა განიხილონ შემთხვევები, როცა გაიწვიეს მოქალაქეები, რომლებსაც სამხედრო სამსახურის გადავადება უნდა შეხებოდათ. პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მობილიზაციას ექვემდებარებიან პირები, რომლებიც რეზერვში ირიცხებიან და აქვთ აუცილებელი სამხედრო სპეციალიზაცია და გამოცდილება. ამასთან, პუტინის თქმით, ყველამ, ვისაც სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ, დამატებითი მომზადება უნდა გაიაროს.

მანამდე როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი ტელეგრამის არხზე აღნიშნავდა, რომ შინ დააბრუნეს ის მობილიზებული პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. კიდევ უფრო ადრე, ალტაის მხარის გუბერნატორი ვიქტორ ტომენკო იუწყებოდა შინ დაბრუნებული 59 გაწვეულის შესახებ, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ სამობილიზაციო კრიტერიუმებს.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში შეჭრილი რუსული ძალების დასახმარებლად 21 სექტემბერს გამოაცხადა მობილიზაცია. პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა. ბრძანებაში მობილიზაცია განსაზღვრულია როგორც ნაწილობრივი, თუმცა თავდაცვის სამინისტროს გაწვევის საკითხზე ფართო უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ვრცელდება ბევრი ცნობა, რომ უწყებებს უგზავნიან მათ შორის სამხედრო გამოცდილების არმქონე პირებს და განსაზღვრულ ასაკზე უფროს პირებს.

XS
SM
MD
LG