Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გადმოვკვეთე საზღვარი - შემოსული და საზღვარს მიღმა დარჩენილი ჩრდილოკავკასიელების ამბები


რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები კვეთენ საქართველოს საზღვარს, საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები კვეთენ საქართველოს საზღვარს, საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"

28 სექტემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგთან“ ერთ ადგილას მდგარი რიგი ამოძრავდა - რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, სწორედ გუშინ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი ეროვნებით ჩეჩენმა, გროზნოში მცხოვრებმა იბრაჰიმ უმარჰაჯიევმა და მისმა დისშვილმა, ბელგიის მოქალაქე თემურ ხადაშევმა. ამბობენ, რომ გაუმართლათ, რადგან ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში მცხოვრებ ან იქ დაბადებულ არაერთ ადამიანს საზღვარზე უკან უარით ისტუმრებენ. თან ისე, რომ არაფერს უხსნიან. დღემდე, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში რჩება და პასუხის მოლოდინშია ჩრდილო კავკასიის ათობით მოქალაქე.

ტელეგრამის ჯგუფებში, სადაც საქართველოში შემოსვლის მოსურნე უამრავი ადამიანია გაერთიანებული, ისევ არ წყდება მიმოწერა.

  • „რამდენ კილომეტრიანი საცობია ლარსზე?“
  • „ვინმე გადახვედით?“
  • „ძალიან შეუპოვარი უნდა იყო, რომ დღეს ლარსის გადაკვეთა დასვენების მიზნით სცადო“
  • „ბოლოს ასე მასობრივად როდის გარბოდა ხალხი, რომელ წელს?“
  • „რამდენი დღეა დგახართ?“

ამ ჯგუფებში უამრავი ადამიანის ამბავი იყრის თავს - ვინ როგორ გამოუშვეს, ვინ როგორ გაბრუნდა უკან, ვის რა ჰკითხეს „222-ე კაბინეტში“, თუმცა ყველას აქვს ერთი უპასუხო კითხვა - რატომ ეუბნებიან უარს შემოსვლაზე გამორჩეულად ჩრდილოკავკასიელებს და შეიცვლება თუ არა ოდესმე ეს დამოკიდებულება?

ამავე ჯგუფში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ წევს ათობით ადამიანი იატაკზე, მუყაოს ქაღალდებზე, პასუხის მოლოდინში ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, საქართველოს საზღვართან.

„არაფერს გვიხსნიდნენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გროზნოდან თბილისში მომავალმა იბრაჰიმ უმარჰაჯიევმა, რომელმაც რამდენიმედღიანი მგზავრობის და ლოდინის შემდეგ როგორც იქნა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. ის ჰყვება, რომ საზღვარზე ჯერ კიდევ ბევრი ჩრდილოკავკასიელი რჩება.

როგორ გადმოვკვეთე საზღვარი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:09 0:00

„საქართველოს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები რომ გამოსულიყვნენ და ამ ადამიანებისთვის (ჩრდილოკავკასიელებისთვის) განემარტათ, შეზღუდვის რა კრიტერიუმები არსებობს, საქართველოში შესვლაზე უარი რა შემთხვევაში შეიძლება მიიღონ, ეს ხალხი აღარ იჯდებოდა იქ და უკან გაბრუნდებოდა თავისით... იქ ისეთი ხალხიც იყო, ვისაც არ სურდა ომში გაწვევის უწყების მიღება. კი, ასეთებიც იყვნენ. თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარი, ცხადია, არ სურდათ და ხმამაღლა ამბობდნენ, რომ ნათესავებთან ან დასასვენებლად მიდიოდნენ. ხალხსაც უნდა გავუგოთ“, - უთხრა იბრაჰიმმა რადიო თავისუფლებას.

იბრაჰიმ უმარჰაჯიევი და თემურ ხადაშევი საზღვარზე
იბრაჰიმ უმარჰაჯიევი და თემურ ხადაშევი საზღვარზე

იბრაჰიმთან ერთად საქართველოში მოდიოდა მისი დისშვილიც, ბელგიის მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი თემურ ხადაშევიც, რომელიც თბილისიდან მიუნხენში უნდა გაფრენილიყო, თუმცა მასაც რამდენიმე დღე მოუწია ლოდინი. იბრაჰიმს და თემურს სამი ღამე იატაკზე, მუყაოს ქაღალდებზე ეძინათ:

თემურ ხადაშევი საქართველოს საზღვრის კვეთაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:55 0:00

„არაფრით მიშვებდნენ, როცა ხედავდნენ, რომ დაბადების ადგილად გროზნო მიწერია. მე ვფიქრობ, რომ დაბადების ადგილის გამო ასე გამორჩევა ადამიანის დისკრიმინაციაა. თუმცა, არაფერს უყურებდნენ, არც პასპორტს, არც კონტაქტს, არც ბილეთებს. რაღაც ღორულ პირობებში ვიყავით“, - ჰყვება თემური.

ჩვენ იმ ჩრდილოკავკასიელების ბედიც მოვიკითხეთ, ვისზეც ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ვწერდით.

დაღესტნელმა სამადმა, რომელიც თბილისში სამუშაოდ გადმოსვლას გეგმავდა და ცოტა ხნის წინ საქართველოს საზღვრიდან უარით გაისტუმრეს, ქვეყანაში შემოსვლა კიდევ ერთხელ სცადა - ამჯერად საჰაერო გზით. მას ისევ უარი უთხრეს და უკან, ერევანში გაუშვეს.

ეს მოხდა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე 21 სექტემბერს, რუსეთი ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას გამოაცხადებდა.

სამადი თავიდან შინ, დაღესტანში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ახალ ამბებს რომ მოუსმინა, მიხვდა, რომ „ეს არ იყო საუკეთესო იდეა“. ამიტომ სომხეთში დარჩა.

ის ჰყვება, რომ იმ დღეს, როცა საქართველოში არ შემოუშვეს, მასთან ერთად საზღვრაზე მყოფი სხვა ჩრდილოკავკასიელებისთვის უარი არ უთქვამთ. ამიტომ, ვარაუდობს, რომ მისი არშემოშვების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ის იყო, რომ ეს მისი პირველი მოგზაურობაა სხვა ქვეყანაში.

საქართველოში ისევ ვერ ბრუნდება ჩეჩენი ეროვნების ქალი, ევა (სახელი შეცვლილია) - რადიო თავისუფლების კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც ბოლო დროს ბათუმში ცხოვრობდა და თურქეთის ტერიტორიაზე საყიდლებზე გადასული, უკან აღარ შემოუშვეს.

გასაჩივრებულ წერილზე მან პასუხი საქართველოდან ახლახან მიიღო, სადაც წერია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საზღვრის კვეთისას უარი შეიძლება უთხრას მესაზღვრე-კონტროლიორმა „მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში“ და მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღოს.

სცადა თუ არა კიდევ ერთხელ საქართველოში შემოსვლა? - ვკითხეთ რაჰიმსაც, რომელმაც ორჯერ მიიღო უარი საზღვრის კვეთაზე. გვითხრა, აღარ მიცდია, ვხედავ, რაც საზღვარზე ხდებაო. უფრთხის იმასაც, რომ საზღვარზე არ მისცენ ომში გაწვევის უწყება.

აკვირდება ვითარებას საქართველო-რუსეთის საზღვარზე, სადაც, მისი თქმით, ახლაც ბევრი ადამიანი იცდის ჩრდილო კავკასიიდან. ფიქრობს, რომ შესაძლოა, გაწვევის უწყების მიღების შიშით, ადამიანების რაოდენობამ საზღვარზე მოიკლოს.

„აქამდე, როგორც ვიცი, მხოლოდ ოსებს ურიგებდნენ ამ უწყებას და ახლა უკვე ყველას“.

რაჰიმს, როგორც თავად ამბობს, არ უნდა ომში წასვლა. „ციხეში წასვლა მირჩევნია, - ამბობს, - აქ ხალხის 90% ომში წასვლის წინააღმდეგია... კარგი იქნებოდა, ქართულ მხარეს ის ხალხი მაინც შეეშვა, ვინც ამ მობილიზაციას გაურბის, განსაკუთრებით კავკასიელები“.

- და თუ ვერსად წახვალთ, ციხის გარდა, რა გზა გრჩებათ?

- შეიძლება მთებში გახიზვნა. ან ყაზახეთში გადასვლა. არ ვიცი. ამიტომ ვამბობ, რომ იქნებ ტრანზიტულად მაინც გაგვიშვან, ვისაც არ გვინდა იარაღის ხელში აღება. სხვა შემთხვევაში ყველანი მომავალი ჯარისკაცები ვართ, ვინც ომში უნდა წავიდეს, ან ისევ ციხეში.

ამონარიდი რაჰიმის გზავნილიდან
ამონარიდი რაჰიმის გზავნილიდან

რამზან კადიროვის ცნობილი ოპონენტი, ევროპაში მოქმედი ჩეჩნეთის სახელმწიფო საფუძვლების კომიტეტ „ტოლამის“ ხელმძღვანელი, ჯამბულატ სულეიმანოვი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ თუ მობილიზაციას გაქცეულ ჩეჩნებს საქართველო კარს ჩაუკეტავს, ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ ომში უკრაინელების წინააღმდეგ, რაც მათ არ სურთ.

„უკრაინელებს კავკასიელებისთვის, კონკრეტულად ჩეჩნებისთვის არაფერი დაუშავებიათ და ამ ომის წინააღმდეგნი არიან. მათ არც ის ორი ომი დავიწყებიათ რუსეთთან, რასაც ჩეჩნეთის ოკუპაცია მოჰყვა“, - ამბობს ის.

ჯამბულატ სულეიმანოვი
ჯამბულატ სულეიმანოვი

სულეიმანოვი ამბობს, რომ დღეს სამხედრო გაწვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ჩრდილო კავკასიაშია - პირველ ადგილზე ჩეჩნეთი დგას, მას დაღესტანი მოსდევს:

„როგორც ვიცი, ახლა ჩეჩნეთის ქალაქებსა და სოფლებში ისეთი უკმაყოფილებაა, როგორიც არასოდეს ყოფილა და ხალხი ამას ღიად გამოხატავს“.

ჩვენს კითხვაზე, მისი აზრით, რატომ ეუბნება უარს საქართველოს ხელისუფლება ჩრდილოკავკასიელებს ქვეყანაში შეშვებაზე, სულეიმანოვი პასუხობს, რომ ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილით, არ შეექმნას პრობლემა რუსეთთან.

რამდენიმე დღის წინ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს, შექმნას სასაზღვრო შემოწმების თანასწორი და ღირსეული გარემო ჩრდილო კავკასიის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. მათი ვარაუდით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩრდილოკავკასიელებს, შესაძლოა, ქვეყანაში არ უშვებს სწორედ დისკრიმინაციული მიდგომის გამო.

ჩრდილო კავკასიის რამდენი მოქალაქე დგას ახლა საზღვართან, უცნობია, თუმცა იბრაჰიმ უმარჰაჯიევის თქმით, საზღვარზე დაახლოებით 600 ჩრდილოკავკასიელი მაინც იქნება.

საქართველოს მთავრობა ამ საკითხზე დუმს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG