Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთახი #222- რატომ არ უშვებენ ჩრდილოკავკასიელებს საქართველოში?


საქართველო-რუსეთის საზღვარი, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი
საქართველო-რუსეთის საზღვარი, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი

ჩრდილოკავკასიელების ნაწილი ჩივის, რომ საქართველოში შემოსვლაზე მესაზღვრეები მათ უმრავლესობას, მიზეზის აუხსნელად, უარს ეუბნება და უკან აბრუნებს. რადიო თავისუფლება ესაუბრა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან გახშირდა. მათი აზრით, უარის მიზეზი მათი წარმომავლობა და დაბადების ადგილია.

რაჰიმი დაღესტნიდან არის. საქართველოში COVID-19-ის პანდემიამდეც ხშირად ჩამოდიოდა. ისვენებდა გუდაურსა და ბათუმში. საქართველოს გავლით თურქეთსა და სომხეთში მოგზაურობდა. ამ ზაფხულს მას ორჯერ უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე - „სხვადასხვა მიზეზის“ გამო.

რაჰიმ ანტაევის ამბავი

მე რაჰიმი მქვია. დაღესტანში ვცხოვრობ. აქ ვარ დაბადებული და გაზრდილი. საქართველოში პირველად 2014 წელს ჩამოვედი და თქვენი ქვეყნის გავლით თურქეთში ტურისტად წავედი. ამის შემდეგ საქართველოს კურორტებზე ყოველ წელს ჩამოვდიოდი. აქამდე არასოდეს საზღვრის კვეთის დროს პრობლემა არ შემქმნია.

პანდემიის შემდეგ, როდესაც საზღვრები გაიხსნა, ყველა ადამიანს, ვისაც დაბადების ადგილად პასპორტში ჩრდილო კავკასია უწერია, მესაზღვრეები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებიან უარს ქვეყანაში შეშვებაზე და აძლევენ რაღაც ფურცელს. გეუბნებიან, რომ ათი დღის განმავლობაში შეგიძლია გადაწყვეტილება გაასაჩივრო. ამ ფურცელზე ისიც არის მითითებული, სად უნდა დარეკო.

რაჰიმ ანტაევი საქართველოს საზღვრის კვეთის პრობლემებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:51 0:00

მეც გავასაჩივრე და მომივიდა პასუხი, რომ საქართველოს ამა და ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს მესაზღვრეს შეუძლია თავად მიიღოს ქვეყანაში ვინმეს არშემოშვების გადაწყვეტილებაო.

ასეთი უარის თქმის შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა 24 თებერვლის შემდეგ. მაგრამ ვერ გაგვიგია, რატომ ჩრდილოკავკასიელები? რა დავაშავეთ? საქართველოს საზღვარს რუსეთის ფედერაციის არაერთი მოქალაქე კვეთს და მაგ ლოგიკით, ჩვენც ხომ რუსეთის მოქალაქეები ვართ?

გასაჩივრების შემდეგაც უარი მივიღე.

ადრე უარის თქმის პროცესის [საზღვარზე] გადაღებაც შეგვეძლო, ახლა ესეც აკრძალულია. და თუ მაინც იწყებ გადაღებას, მესაზღვრეები ძალიან აგრესიულები ხდებიან. ამას გარდა, როგორც კი მესაზღვრე ხედავს, რომ ჩრდილოკავკასიელი ხარ, საერთო ნაკადიდან გაცალკევებენ და გვერდზე გაჰყავხარ, მერე რაღაც კაბინეტში აღმოჩნდები, სადაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი ფოტოებს გიღებს. ცოტა ხანი ელოდები და ან გიშვებენ ქვეყანაში, ან უკან გაბრუნებენ.

ჩემი დაკვირვებით, 100 ჩრდილოკავკასიელიდან საქართველოს საზღვარს მხოლოდ 15-20 ადამიანი კვეთს. ოღონდ ესეც გაუგებარია - რა კრიტერიუმით?

ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი, საქართველო-რუსეთის საზღვარი
ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი, საქართველო-რუსეთის საზღვარი

წელს, მაგალითად, თურქეთში მინდოდა დასასვენებლად წასვლა, სასტუმროც დაჯავშნილი მქონდა, მაგრამ საზღვართან მისული მაინც უარით გამისტუმრეს. ძალიან შემთხვევითი შერჩევაა - ერთი კაცი, მაგალითად, დილით არ შემოუშვეს, საღამოს კი მან ტურისტული ფირმის დახმარებით გადაკვეთა საქართველოს საზღვარი.

ჩვენ გვესმის, რომ ქართველ მესაზღვრეებს არა აქვთ მიცემული რაღაც საგანგებო დავალება, რომ არ შეგვიშვან, მაგრამ თუ საქართველოს სურს ევროკავშირში გაერთიანება, სადაც ადამიანის უფლებები უკეთესად არის დაცული, იქნებ ისეთი სერვისი მაინც შექმნან, სადაც ჩვენს მონაცემებს გამოვგზავნიდით და ის მაინც გვეცოდინებოდა, საერთოდ ღირს თუ არა ამდენი კილომეტრის გამოვლა და საზღვარზე ღამეების თენება.

ჩვენს კიდევ ერთ, ეროვნებით ჩეჩენ რესპონდენტს საკუთარი სახელის და გვარის გამჟღავნება არ სურს. ამბობს, რომ ეშინია, მაგრამ თავის ამბავს დეტალურად გვიყვება.

ევას ამბავი (სახელი შეცვლილია)

ნახევარი წლის წინ, 19 მარტს, რუსეთიდან ჩამოვედი საქართველოში და აქ, ბათუმში დავიწყე ცხოვრება.

მე ჩეჩენი ვარ, იქ დაბადებული, თუმცა ჩეჩნეთში არასოდეს მიცხოვრია. ჩემი ოჯახი, წლებია, დონის როსტოვში ცხოვრობს.

საქართველოში ჩამოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვფიქრობდი, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც არ არის კორუმპირებული პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები, სადაც არის თავისუფლება, სადაც დამიცავენ, სადაც ვერავის მოისყიდი. რუსეთში, ცხადია, ამის განცდა არ მქონდა. იქ მე პოლიციისაც კი მეშინოდა.

ძალიან მომეწონა აქ. დავლაგდი, სამსახურიც ვიპოვე. კატაც კი მოვიშინაურე. ბათუმში მეგობართან ერთად ვცხოვრობდი. ნელ-ნელა ფინანსურადაც მოვძლიერდით და ერთ დღესაც, 21 აგვისტოს, თურქეთში, ქემალ ფაშაში გადავწყვიტეთ საყიდლებზე წასვლა. იქ დაახლოებით სამი საათი დავრჩით და სარფის საბაჟოზე დავბრუნდით.

ამბავიც აქ დაიწყო, ჯერ ყველას ჩამოგვართვეს პასპორტები და კედელთან დაგვაყენეს. დაახლოებით ორმოც წუთში მოვიდა ვიღაც მესაზღვრე, კავკასიელი ეროვნების ოჯახები ცალკე დააყენეს და ფოტოები გადაუღეს. როგორც იქნა, რიგმა ჩემამდეც მოაღწია, მაგრამ მე აღარ შემიშვეს საქართველოში - მითხრეს, რომ დეპორტირებული ვიყავი.

რა დავაშავე-მეთქი, ვიკითხე, არასოდეს კანონი არ დამირღვევია არც რუსეთში, არც საქართველოში. პასუხი ვერ გამცეს. მითხრეს, რომ ეს არ იყო მათი გადაწყვეტილება, ხოლო დეპორტაცია იყო „სხვადასხვა მიზეზის გამო“.

საქართველო-თურქეთის საზღვარი, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი
საქართველო-თურქეთის საზღვარი, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი

ერთხანს გარეთ ვიდექი დაბნეული, არ ვიცოდი რა მექნა. ცვლის უფროსი მოვიდა, მკლავზე ხელი მომკიდა და თურქეთის მხარეს მიბიძგა, იქით წადიო. ვცდილობდი რამე გამერკვია, რადგან ნეიტრალურ ზონაში ვიყავი ჩარჩენილი. ხან პოლიციაში ვრეკავდი, ხან ადამიანის უფლებების დამცველებთან, ვერავინ ვერაფერს მპასუხობდა და მშველოდა. ასე ვიდექი იქ 5 საათი. ძალიან უსიამოვნო ფაქტიც მოხდა. რადგან ამდენ ხანს გარეთ ვიდექი, ტუალეტში მომინდა და ქართველ მესაზღვრეებს ვთხოვე, საპირფარეშოში შევეშვი, რაზეც უარი მითხრეს. სანამ ცუდად არ გავხდი, ტუალეტში არ შემიშვეს.

როცა ვერანაირი გამოსავალი ვერ ვიპოვეთ, მე და ჩემი მეგობარი თურქეთის მხარეს გადავედით, რომ საზღვარი გადაგვეკვეთა. მაგრამ როგორც კი თურქმა მესაზღვრეებმა პასპორტებს ჩახედეს, მაშინვე მათაც დეპორტაცია დაგვიწერეს. არაფერი აგვიხსნეს. მხოლოდ გვითხრეს „Go to Russia”, რუსეთში წადითო.

ამ ფურცლებით ისევ ქართველ მესაზღვრეებთან მოვბრუნდით. მათ კი, იმის ნაცვლად, რომ საქართველოში შევეშვით (სადაც ყველაფერი დავტოვეთ, მთელი ჩვენი დანაზოგი, ნივთები და კატაც კი), ქართველი მესაზღვრე თურქ კოლეგას მოელაპარაკა, თურქეთიდან დეპორტაციის ფურცლები გამოგვართვა და გვითხრა, წადით, თქვენ გაქვთ საათი, რომ თურქეთის საზღვარი გადაკვეთოთ, მერე ჩემი ცვლა მთავრდება და სახლში უნდა წავიდეო.

ასე უფულოდ, ყოველგვარი ახსნის გარეშე აღმოვჩნდით თურქეთის ტერიტორიაზე. რომ არა ერთი ჩემი ქართველი მეგობარი, რომელიც დაგვეხმარა, უბრალოდ ღამესაც ვერ გავათევდით. ძალიან ვიწვალეთ. ერთი კვირის მერე ჩემმა მეგობარმა უკან დაბრუნება სცადა და შემოუშვეს. მე კი ტელეგრამის ჩატებში დავიწყე ინფორმაციის ძებნა, რა მექნა. მირჩიეს, რომ თვითმფრინავით დაბრუნება მეცადა - დიდი წვალების მერე ხოფიდან რიზეში ჩავედი, იქიდან ტრაპიზონში, სადაც ძლივს ნაშოვნი ფულით ვიყიდე ბილეთი ანტალიაში და იქიდან გამოვფრინდი თბილისში.

თბილისში ისევ დეპორტაცია ჩამირტყეს და უკან გამაბრუნეს. არაფერი აუხსნიათ. ერთი მიზეზიც კი არ მითხრეს, რატომ არ მიშვებდნენ ქვეყანაში.

უკან გაბრუნებულს, არც ფული მქონდა, არც ღამის გასათევი, აღარც ინტერნეტი. სადღაც ნახევარსაათიანი უფასო ინტერნეტი ვიპოვე და დავიწყე ძებნა, ვინმეს თუ შეეძლო ღამის გათენებაში დამხმარებოდა. ერთმა ოჯახმა შემიფარა - 11 სექტემბრამდე.

ვფიქრობ და პასუხი ვერ გამიცია, რატომ გვეუბნებიან უარს ჩრდილოკავკასიელებს? ალბათ, რაიმე პოლიტიკური ქვეტექსტია? იქნებ ჩეჩნეთის მეთაურის რიტორიკის გამოა ასე? არ ვიცი. ალბათ, მე აღარასოდეს შემომიშვებენ საქართველოში. მაგრამ ვერ ვიგებ, რა დავაშავე? მე, უბრალოდ ჩეჩენად დავიბადე.

ახლა ევა ცდილობს იპოვოს სამსახური თურქეთში, თუმცა მას იქ, თურქეთის კანონმდებლობით, მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლია დარჩენა. საქართველოს კანონმდებლობით, მას, როგორც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, შეეძლო ქვეყანაში ერთი წელი დარჩენილიყო.

ტელეგრამში არსებობს არხი, სახელწოდებით "Иные причины" (სხვადასხვა მიზეზი), რომელიც 2500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს. მათი უმრავლესობა წერს, რომ ჩრდილოკავკასიელები არიან, რომლებსაც სწორედ "სხვადასხვა მიზეზით" უთხრეს უარი საქართველოში შემოსვლაზე. ისინი ერთმანეთს რჩევებს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

მიმოწერის ფრაგმენტი ტელეგრამის არხიდან
მიმოწერის ფრაგმენტი ტელეგრამის არხიდან

კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც თავისი ისტორია მოგვიყვა, დაღესტნელი აბაქარ რაბადანოვია, რომელსაც 2013 წლიდან აქვს ავტომობილების ბიზნესი საქართველოში და მასაც 2022 წლის 10 აგვისტომდე ქვეყანაში შემოსვლის პრობლემა არ შექმნია.

აბაქარის ამბავი

10 აგვისტოს ჩამოვედი და მინდოდა საქართველოში შემოსვლა. ლარსის საზღვარზე, როგორც წესი, გამაჩერეს და პასპორტი მთხოვეს. შეამოწმეს, რა ეწერა დაბადების ადგილას და როცა ნახეს, რომ პასპორტი დაღესტანში იყო აღებული, მითხრეს 222-ე კაბინეტში შედიო. იქ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი დამხვდა, მოვუყევი სად მივდიოდი, რომ ხშირად დავდიოდი საქართველოში, რა საქმე მქონდა და რომ ყველა მიცნობდა ჩემს სფეროში. დამიბრუნეს პასპორტი, შესაბამისი ფურცელიც მომცეს და გამიშვეს.

საპასპორტო კონტროლის პუნქტთან რომ მივედი, მესაზღვრემ ჩახედა ჩემს პასპორტს და მითხრა, მანქანა გადააყენე და დამელოდეო. ერთი საათი ველოდე. დაბრუნდა და მითხრა, თქვენზე უარია, საქართველოში ვერ შეხვალთო. 222-ე კაბინეტში ვიყავი და იქიდან გამომიშვეს-მეთქი, მაგრამ ამან არ გაჭრა, უკან გამაბრუნეს. მეორედ აღარ მიცდია. მიზეზი როცა ვიკითხე, არაფერი მითხრეს, მხოლოდ „სხვადასხვა მიზეზის“ გამო.

25 წლის წლის სამადმაც (სახელი შეცვლილია) დაღესტნიდან, თბილისში სამსახური იშოვა და სამუშაოდ მოდიოდა. ჯერ ვლადიკავკაზში ჩავიდა, იქიდან კი თბილისში წამოვიდა, თუმცა უკან გააბრუნეს.

სამადის ამბავი

კვირას თბილისში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამომივიდა.

მე დაღესტანში ვცხოვრობ. ცოტა ხნის წინ ერთ რუსულ ფირმაში დავიწყე სამსახური, რომლის ერთ-ერთი ფილიალი თბილისშია და მანდ უნდა გამეგრძელებინა მუშაობა.

საზღვარზე ძალიან ბევრი ადამიანი გადმოდიოდა უპრობლემოდ. მესაზღვრე ერთს დახედავდა ხოლმე პასპორტს და ყველას უშვებდა.

მე რომ მივედი, ჯერ პასპორტს ჩახედა, მერე უცებ ამომხედა და მითხრა, 222-ე კაბინეტში წადიო. გაფრთხილებული ვიყავი, რომ შესაძლოა, დაბრკოლება ყოფილიყო, ამიტომ თან მქონდა შრომითი კონტრაქტიც, ჩვენი კადრების განყოფილების უფროსის ნომერიც, სხვა საჭირო საბუთები და ასე აღჭურვილი შევედი 222-ე კაბინეტში.

იქ მკითხეს, რატომ და რამდენი ხნით მივდიოდი საქართველოში, ვიცოდი თუ არა ქართული... ფოტო გადამიღეს და მთხოვეს დერეფანში დავლოდებოდი. ჩემთან ერთად ერთი ჩეჩენი კაციც იდგა. რამდენიმე ხნის მერე მოვიდნენ და გამოგვიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადავკვეთდით და რაღაც ფურცლები მოგვცეს.

არავინ აგვიხსნა, რატომ. ან როდის შემეძლო ისევ მეცადა. მხოლოდ მერე გავიგე პასუხები ტელეგრამის ჯგუფში. მეორე დღეს წერდნენ, რომ სხვები შეუშვეს და ჩავთვალე, რომ უბრალოდ, ცუდი ცვლა შემხვდა 222-ე კაბინეტში. არ ვიცი, სხვა რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. ჩვეულებრივი, 25 წლის ბიჭი ვარ, მოკლე ვარცხნილობით, გაპარსული. რას ეფუძნება ასეთი შერჩევა, ვერ ამომიხსნია.

კანონი, "სიები" და ცალკე ოთახი

სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ თავად საზღვრის კვეთის სამართლებრივი საფუძველი, ანუ კანონმდებლობა, რომელიც მას აწესრიგებს, თვითნებობის ძალიან მაღალ რისკს შეიცავს და ის ბერკეტები, რომლებიც საზღვარზე მომუშავე პოლიციელებს აქვთ, დისკრიმინაციულადაც კი გამოიყენება.

თამთა იხსენებს არაერთ საქმეს მისი ორგანიზაციის პრაქტიკიდანაც, როცა ადამიანებს უარის საფუძვლად სწორედ „კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს“ ეუბნებიან (უცხო და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის ერთ-ერთი ქვეპუნქტია), რომელიც, თამთა მიქელაძის შეფასებით, პოლიციას ძალიან ფართო უფლებებს აძლევს.

მისი თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს (და აქ, თამთას თქმით, სუს-ს აქვს ძლიერი გავლენა), აქვთ სპეციალური სიები, რომელში მოხვედრილ ადამიანებსაც საზღვრის კვეთა ეზღუდებათ.

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე

როგორ დგება ეს სიები, როგორ იღებენ გადაწყვეტილებას, ან როგორ იღებენ შემდგომ კონკრეტულ ადამიანებს ამ სიიდან, ეს, თამთას თქმით, სამართლებრივად მოწესრიგებული არ არის და მხოლოდ პრაქტიკით შექმნილი გამოცდილებაა.

„ძალიან ხშირად, როცა მსგავს საქმეებზე სასამართლოში მივდივართ, ხშირად უთითებენ, რომ ამ სიაში ადამიანები შეჰყავთ სუს-ის საიდუმლო რეკომენდაციით, ჩვენ ამ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ გვაქვს, ამ ინფორმაციის ნამდვილობასაც ვერ ვამოწმებთ. ვერც იმას, თუ რა გახდა ამ ინფორმაციის საფუძველი. საბოლოოდ, მხოლოდ მოსამართლის კეთილსინდისიერებაზე ვართ ხოლმე დამოკიდებული“, - გვეუბნება თამთა მიქელაძე.

ამ ადამიანების სიებში შეყვანის საფუძველი არის თუ არა მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურებიდან მიღებული ინფორმაცია? ეს კიდევ ერთი კრიტიკული კითხვაა, რომელსაც თამთა სვამს - და თუ ეს ასეა, რამდენად სწორია, საქართველოს შესაბამისი სამსახურები დაეყრდნონ ინფორმაციას, რომელსაც მათ, მაგალითად, რუსეთის ან ბელარუსის პოლიტიკური რეჟიმები აწვდიან?

ცალკე დგას თავად ჩრდილოკავკასიელების საკითხი, ადამიანების, რომლებიც რუსეთშიც ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი მათი კულტურული თუ რელიგიული კუთვნილების გამო.

"მეც გავიგე, რომ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარზე მათთვის ცალკე კაბინაც კი არსებობს, სადაც ცალკე ამოწმებენ, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით არჩევენ და ხშირად ეუბნებიან უარს საზღვრის კვეთაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. ამას სჭირდება ზუსტი სტატისტიკა, რაც ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს", - ამბობს თამთა მიქელაძე.

თუმცა, მისივე სიტყვებით, არსებობს მონიტორინგის სხვა გზებიც, მაგალითად, სახალხო დამცველის სამსახური. თამთა მიქელაძე არ გამორიცხავს, რომ ომბუდსმენის ოფისს ამ საკითხის შესწავლის თხოვნით სოციალური სამართლიანობის ცენტრმაც მიმართოს.

რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, რა არის კონკრეტულად ჩრდილოკავკასიელებისათვის (და მათ შორის, ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტისთვის) ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მიზეზი და რამდენად ხშირია მსგავსი შემთხვევები, როგორია სტატისტიკა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG