ტრაპიზონში რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე საქართველოში შესვლის მსურველი რუსეთის მოქალაქეებისთვის უარის თქმის შემთხვევები.
რუსეთის საკონსულო განცხადებას ტელეგრამის გვერდზე ავრცელებს და წერს, რომ ქართველი მესაზღვრეების უარი, დაუსაბუთებელია:
„მიმდინარე წლის აგვისტოში, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, ყოველდღიურად ვაფიქსირებთ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებს. ეს უარი, როგორც წესი, არ არის დასაბუთებული და მესაზღვრეები არ განმარტავენ უარის მიზეზს. რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ, არიან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის მცხოვრებლები, ყირიმის რესპუბლიკის მცხოვრებლები, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეები, რომლებსაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობა. მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში საკუთარი მანქანით ჩავიდნენ. ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი კანონიერი გზა თურქეთის ტერიტორიიდან ავტომობილის გამოყვანისა - ეს სატრანსპორტო კომპანიის მომსახურეობაა. თურქეთიდან რუსეთში ავტომობილის გადაყვანის საფასური იწყება 2900 აშშ დოლარიდან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს ფაქტი საქართველოსა და თურქეთის გავლით მოგზაურობის დაგეგმვისას“, - მიმართავს საკუთარ მოქალაქეებს ტრაპიზონში რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულო.