Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა ბელარუსის საელჩოს წინ ლუკაშენკას და პუტინის ფოტოები დაწვეს


თბილისი. აქცია ბელარუსის საელჩოსთან
თბილისი. აქცია ბელარუსის საელჩოსთან

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ჩასვლა თბილისში, ბელარუსის საელჩოსთან გააპროტესტეს პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა. მათ ლუკაშენკას და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ფოტოები დაწვეს.

„გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრის, ბორის (ჩელე) ყურუას აზრით, სოხუმის დაცემის 29-ე წლისთავის მეორე დღეს აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლა ნიშნავს იმას, რომ „ბელარუსის დამპალი რეჟიმი აღიარებს მეორე იდიოტური რეჟიმის, აფხაზეთის რაღაც დამოუკიდებლობას. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების ერთადერთი პასუხი არის ის, რომ უბრალოდ ელჩი მოიყვანეს, აღშფოთდნენ და შეშფოთდნენ".

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა და სამომავლო კავშირების გაღრმავების საკითხის განხილვის ინიციატივით გამოვიდა.

საქართველოს საგარეო უწყებამ ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი პროტესტის ნიშნად დაიბარა.

სამინისტრომ დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლა.

„ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - წერია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას ტვიტერის ანგარიშზე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

  • ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების სიგნალებს.
  • 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
  • 30 აგვისტოს აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა. მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება, შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ. ამასთან, ბჟანიამ დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელარუსის ხელმძღვანელობასთან.
XS
SM
MD
LG