Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში მოჰყვა საქართველოს ყოფილ ხელმძღვანელებთან შეხვედრების შესახებ


ლუკაშენკას დახვედრა ბიჭვინთაში
ლუკაშენკას დახვედრა ბიჭვინთაში

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებთან შეხვედრების შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს ყოფილ ხელმძღვანელებთან აფხაზეთის პრობლემებს განვიხილავდით. ისინი უბრალოდ მიყვებოდნენ აფხაზეთზე. საჯაროდ არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ცუდი არაფერი შემიმჩნევია, რამაც გამაკვირვა. ჩვენ ცუდს არავის ვუკეთებთ - არცერთ მხარეს. არც ქართველებს. ჩვენ სიკეთით მოვედით“, - განაცხადა ლუკაშენკამ ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრაზე.

მანამდე აღიარა, რომ „დესანტი“ აფხაზეთში ადრეც გადაუსხამს“.

„გენერალი აქ ადრეც იმყოფებოდა, ვითარების შესასწავლად“, - განაცხადა მან.

ლუკაშენკა, სავარაუდოდ, თავის უახლოეს თანამებრძოლს, გენერალ ვიქტორ შეიმანს გულისხმობდა. ის 2022 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ლუკაშენკას "სპეციალური წარმომადგენლის" რანგში შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს.

ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში წინასწარ უცნობი ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა. მან განაცხადა, რომ აფხაზეთის თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

  • ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სიგნალებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
  • 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
  • 30 აგვისტოს აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა. მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება, შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ. ამასთან, აფხაზეთის "ლიდერმა" დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელარუსის ხელმძღვანელობასთან.
  • საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

XS
SM
MD
LG