საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას. უწყება შეშფოთებას გამოხატავს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მისი შეხვედრის გამო და განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტს” ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.
ბელარუსის მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - წერია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკზე" უმასპინძლა. ბჟანიას თქმით, ლუკაშენკა "აფხაზეთისთვის დიდი ხნის ნანატრი და ძალიან სასურველი სტუმარია".
- ალიაქსანდრ ლუკაშენკას ნათქვამი აქვს, რომ არ გამორიცხავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა დაინახავს ამ ნაბიჯის საჭიროებას და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეტყვის ამის შესახებ. მაშინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ კრემლი ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ უგზავნის სიგნალებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე ყირიმის, როგორც რუსეთის რეგიონის, დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
- 2021 წლის აგვისტოში ლუკაშენკამ განმარტა, რატომ არ აღიარებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. მისი თქმით, დასავლეთი ამ "რესპუბლიკების" დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, მინსკს დამატებითი სანქციებით დაემუქრა, ხოლო მოსკოვმა ეკონომიკური ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
- 30 აგვისტოს აფხაზეთის "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა. მანამდე ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი მზად არის შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება, შეიქმნას უკრაინაში ომის შემდეგ. ამასთან, ბჟანიამ დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელარუსის ხელმძღვანელობასთან.