როგორ განვითარდება ირანში მოვლენები? შეიძლება თუ არა, რადიკალურ ცვლილებებს ველოდოთ? მაჰსა ამინის სიკვდილს, რომელიც მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააპატიმრა, მთელი ირანის მასშტაბით აქციები მოჰყვა. აქციების მონაწილეები ჰიჯაბებს წვავენ და ყვირიან: „სიკვდილი დიქტატორს!“. რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე ნიკოლაი კოჟანოვი ესაუბრა:
- ეს უკვე პოლიტიკური, იდეოლოგიური პროტესტია?
- უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანა ინფორმაციული თვალსაზრისით დახურულია და აქციების მასშტაბის გაზომვა ვერ ხერხდება. შეიძლება ვთქვათ, რომ ირანში მორიგი სოციალური აფეთქება მოხდა, მაგრამ ის უფრო გამოწვეულია კონსერვატორული რეჟიმის უუნარობით, რომელსაც არ შეუძლია ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწოროს. პოლიტიკური მოთხოვნები უფრო პრეზიდენტს ეხება და არა ზოგადად თეოკრატიულ წყობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკმაყოფილო ხალხის დაშოშმინება მისი [პრეზიდენტის] შეცვლითაც შეიძლება.
- შეიძლება ვთქვათ, რომ ირანში ხელისუფლების კრიზისია?
- ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. სანქციებმა და ხელისუფლების უუნარობამ, მოაგვაროს ეკონომიკური პრობლემები, ხალხი პროტესტამდე მიიყვანა. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ გადაიზრდება რევოლუციაში. არ ჩანს იდეა, რომელიც ხალხს გააერთიანებდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის ორი ირანი - ქალაქი თავისი ინტელიგენციით და სოფლები, სადაც მშრომელი მოსახლეობა ცხოვრობს. აქ ბევრს სჯერა იმ იდეოლოგიის, რომელიც [ხელისუფლებისგან] მიეწოდებათ. ქალაქელი ახალგაზრდების ჯანყი სწორედ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ლოიალურობით არის განეიტრალებული.
- თუ არიან ახალგაზრდებში დასავლეთის მომხრეები, ისინი, ვისაც თანამედროვე, მოდერნიზებულ ირანში ცხოვრება უნდათ, იმ ირანში, რომელიც თანამედროვე სამყაროს ნაწილი იქნებოდა, იმდენად არა პოლიტიკური, არამედ თუნდაც საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით?
- რა თქმა უნდა. ირანელ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით მათთან, რომლებიც სამეცნიერო-ინტელექტუალურ წრეს მიეკუთვნებიან, აჩვენებს, რომ თავიანთი ცხოვრების სტილით ისინი უკვე დიდი ხანია დასავლურ სამყაროს ეკუთვნიან. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება დახურულ წვეულებებზე, სამზარეულოში, რაც უკვე მოსაბეზრებელია და ისევ პროტესტამდე მიდის, თუმცა საყოფაცხოვრებო შინაარსის პროტესტამდე. მაგალითად, ვხედავდით გოგონებს, რომლებიც ჰიჯაბის ტარებას აპროტესტებდნენ, მუსიკალური ჯგუფები ასრულებდნენ სიმღერებს, რომლებიც, მათი აზრით, სრულიად უწყინარი იყო და ეს ასეცაა. სამწუხაროდ, ასეთი აქციები არა მხოლოდ ჩაიხშობა ხოლმე, ხშირად მსხვერპლითაც მთავრდება.
- რამდენად ძლიერია ფარული პროტესტი ქალებში? აქვს პროტესტს ქალის სახე?
- არა მხოლოდ ახლა, ყოველთვის ჰქონდა ქალის სახე. ქალს ირანში, განსხვავებით თუნდაც არაბული სამყაროსგან, ქმარსა და ოჯახზე დიდი გავლენა აქვს. მეორე მხრივ, კანონმდებლობა, რომელიც პატრიარქალურ წყობას ამყარებს ქვეყანაში, ამ ქალებს ზღუდავს. იქმნება ორმაგი ვითარება, ერთი მხრივ, გვყავს საკმაოდ აქტიური ქალები, გოგონები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ მეცნიერებაში, პოლიტიკაში, სპორტში. მეორე მხრივ, მათი ფაქტობრივი მდგომარეობა იურიდიულს არ ემთხვევა, მით უფრო, რომ ეს იურიდიული მდგომარეობა ხანდახან საშუალებას იძლევა, მათ წინააღმდეგ რეპრესიები განხორციელდეს.
- ამ ბოლო დროს ირანი ძალიან მკაცრად ექცევა იმ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმთან უთანხმოებაში არიან, მათ შორის ქალების უფლებებისთვის მებრძოლებს. რეპრესიების ქვეშ არიან თავად ქალებიც, მაგალითად, გაიზარდა სიკვდილით დასჯის შემთხვევები ქმრის ღალატის გამო ან იმისთვის, რომ ქმრის ძალადობისგან ცოლმა თავი დაიცვა და ასე შემდეგ.
- უბრალოდ ასეთი რეპრესიები ახლა უფრო თვალსაჩინო გახდა, უფრო უხეში და ხისტი. სინამდვილეში კანონმდებლობა ამ რეპრესიების გამოყენების შესაძლებლობას ყოველთვის იძლეოდა და გამოიყენებოდა კიდეც ყოველთვის. უბრალოდ, შედარებით ლიბერალური რეჟიმები, რომლებიც ირანში პერიოდულად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ხელისუფლებაში, რეპრესიებს უფრო ფრთხილად მიმართავდნენ.
- სამხედრო-სადამსჯელო აპარატი ქვეყანაში ჯერაც კარგად ფუნქციონირებს? ხელისუფლება მას უპირობოდ ენდობა?
- კი. არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს სადამსჯელო აპარატი ირანის რეჟიმს უღალატებს.
- რამდენად რთულია ირანში ეკონომიკური მდგომარეობა, რომ გავითვალისწინოთ წყალსა და საწვავთან დაკავშირებული კრიზისიც?
- კრიზისი არის და ის გამოიწვია იმან, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემა დაგროვდა. სხვათა შორის, ეს იმდენად სანქციებით არ არის განპირობებული, სანქციებმა უფრო კატალიზატორის როლი შეასრულეს. ეს ეკონომიკური სისტემის კრიზისია, თავისი ჩრდილოვანი ეკონომიკით, სახელმწიფოს ჩარევით ბიზნესში და ასე შემდეგ. მართლაც არსებობს წყლით მომარაგების პრობლემა, ინფლაცია გაიზარდა, უმუშევრობის დონე. დღეს ხელისუფლება, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკი, პრობლემებს ვერანაირად ვერ აგვარებს. მეორე მხრივ, სოციალური უზრუნველყოფის სისტემა მაინც აძლევს საშუალებას ღარიბებს, რომ მინიმალურ შემწეობა ჰქონდეთ.
- ძალიან ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი, 83 წლის აიათოლა ალი ხამენეი უკანასკნელ დღეშია და აქციებიც ამის გამო დაიწყო. თუ ეს მართალია, ვის რჩება ქვეყანა?
- ახლა თუ არა, მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ალბათ ასეც მოხდება. ვის გადაეცემა ხელისუფლება? ეს მართლაც პრობლემაა. ვინც მეტ-ნაკლებად შეესაბამებოდა მოთხოვნებს, უკვე ცოცხლები არ არიან. მათ შორის კი, ვისაც ამ თანამდებობის დაკავება უნდა, სამი კანდიდატია. მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის იდეალური.
- თუ დავუშვებთ, რომ საპროტესტო ტალღა გაიზრდება და არსებულ რეჟიმს დაასუსტებს, ამას რა შეიძლება რეგიონის მასშტაბით მოჰყვეს?
- ჩვენ ახლა ისეთ რამეზე ვსაუბრობთ, რაც ნაკლებად შესაძლებელია. თუმცა, მეორე მხრივ, ისლამურ რევოლუციასაც ნაკლებად წარმოიდგენდა ვინმე. თუ რეჟიმი მართლაც შესუსტდა, ირანის ამბიციებიც შესუსტდება რეგიონში. თუმცა, ჩემი აზრით, რადიკალურ ცვლილებებს მხოლოდ რეჟიმის დამხობის შემთხვევაში უნდა ველოდოთ, თუ ქვეყნის სათავეში სხვა ადამიანები მოვლენ და სხვა იდეებს მოიტანენ.