რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მსვლელობისას დაღუპულია 5937 რუსი სამხედრო. სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ის ეთერში შოიგუმ ისიც განაცხადა, რომ უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის დანაკარგი 100 ათასს აჭარბებს.
უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან თითქმის შვიდი თვის განმავლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ერთხელ, მარტში განაცხადა, რომ უკრაინაში დაღუპულია 1351 რუსი სამხედრო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 21 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან ლიკვიდირებულია 55 110 რუსი სამხედრო.