Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის არჩევნები 2022 წელს - რას უნდა მოველოდეთ


აშშ-ის კონგრესი
აშშ-ის კონგრესი

აშშ-ის კონგრესის ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გადაწყდება, ვინ გააკონტროლებს კონგრესს და რა ბედი ეწევა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკური გეგმების ჯერ კიდევ გასატარებელ ნაწილს.

რესპუბლიკურ პარტიას წარმომადგენელთა პალატის გაკონტროლების დიდი შანსი აქვს, დემოკრატებს კი იმედი აქვთ, რომ სენატში უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებენ.

წარმომადგენელთა პალატაში თუ კვლავ უმრავლესობა მოიპოვეს რესპუბლიკელებმა, ვერ განხორციელდება უმრავლესობა იმ კანონპროექტებისა, რომელთა მიღებაც ბაიდენსა და მის მიმდევრებს სურთ და ალბათ ასევე აგორდება მმართველობის სფეროში კონგრესში გამოძიებების ტალღა.

ხელისუფლებაში მყოფი პარტია, როგორც წესი, კარგავს ხოლმე ადგილებს წარმომადგენელთა პალატაში ახალი პრეზიდენტის პირველი ოთხწლიანი ვადის განმავლობაში.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას პარტიამ დიდი რაოდენობა - 63 ადგილი - დაკარგა 2010 წლის არჩევნებში მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. 2018 წელს, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან ორ წელიწადში, რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატის 41 ადგილი დათმო. ორივე შემთხვევაში, პალატის მაკონტროლებელი ძალა გამოიცვალა.

წელს, 8 ნოემბრის არჩევნებში, რესპუბლიკელებს მხოლოდ ოთხი ადგილი სჭირდებათ 435-წევრიან პალატაში უმრავლესობის მისაღებად.

ამ ადგილების დაპატრონების პერსპექტივას აძლიერებს არჩევნების მანიპულაციების შესაძლებლობა. ეს ის პრაქტიკაა, როცა ერთი პარტია ახდენს კონგრესში ოლქების განაწილების მანიპულაციას, რათა განამტკიცოს საკუთარი ძალაუფლება ოლქების გადანაწილების პროცესის დროს, რაც ათ წელიწადში ერთხელ ხდება.

რესპუბლიკელებმა ახალი, მათთვის ხელსაყრელი რუკები შეიმუშავეს იმ პერიოდში, როცა წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებდნენ. ეს მათ გააკეთეს ტეხასსა და ფლორიდაში. ხოლო დემოკრატებმა ეს ნიუ-იორკში სცადეს, მაგრამ შტატის უმაღლესმა სასამართლომ მათი გადაწყვეტილება ბათილად ცნო.

ზოგიერთ დემოკრატს მანდატის დატოვება სურს

დემოკრატების ნაწილი წარმომადგენელთა პალატაში შიშობს, რომ ძალაუფლებას რესპუბლიკელები ჩაიგდებენ ხელში და ამიტომ წასვლას აპირებენ. წარმომადგენელთა პალატის ოცდათერთმეტმა დემოკრატმა განაცხადა, რომ ისინი გადადგებიან, ან ახალ თანამდებობას ეძებენ. ეს უმაღლესი მაჩვენებელია პარტიისთვის 1992 წლის შემდეგ.

რესპუბლიკელებს მხოლოდ ერთი ადგილის მიღება სჭირდებათ იმისთვის, რომ აშშ-ის სენატზე კონტროლი მოიპოვონ. სენატში ახლა 50 ადგილი აქვთ რესპუბლიკელებს, 48 - დემოკრატებს. ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს გადამწყვეტი ხმა აქვს.

ბრძოლაში გამოცდილი, თანამდებობაზე მყოფი დემოკრატები არიზონაში, ჯორჯიასა და ნევადაში, შესაძლოა, დაეხმარონ პარტიას ამ ადგილების შენარჩუნებაში მაშინ, როცა რესპუბლიკელებმა, შესაძლოა, დათმონ ადგილები პენსილვანიასა და ვისკონსინში, ორ შტატში, რომლებმაც 2020 წლის არჩევნებში ხმა მისცეს ბაიდენს და არა - ტრამპს.

მეორე მხრივ, რესპუბლიკურმა ტალღამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ყველა ეს ადგილი ამ პარტიას შეხვდება და ასევე, შესაძლოა, კოლორადოცა და ნიუ-ჰემფშირიც.

პრეზიდენტი ბაიდენი

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი არ მონაწილეობს ნოემბრის კენჭისყრაში, შუალედური არჩევნები ხშირად პრეზიდენტის რეფერენდუმის სამსახურს სწევს. ბაიდენის პოპულარობა ოდნავ გაიზარდა ზაფხულის განმავლობაში რიგი პოლიტიკური გამარჯვებებისა და ეკონომიკის გაუმჯობესების შესახებ ზოგიერთი სიახლის შემდეგ, თუმცა ამერიკულ საზოგადოებაში ბაიდენის პოპულარობა მაღალი მაინც არ არის.

29-30 აგვისტოს ჩატარებული Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის ნახევარზე ნაკლები - 38% - იწონებს მის საქმიანობას. ამავე გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების 69%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორ გზას ადგას, ხოლო 21% მიიჩნევს, რომ ის სწორ გზას ადგას.

საარჩევნო ბიულეტენში ტრამპიც არ არის შეყვანილი, მაგრამ ის წარმატებით დაუდგა მხარში თანამოაზრე კანდიდატებს, რადგან ცდილობს, დარჩეს თავისი პარტიის დე ფაქტო ლიდერი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

დემოკრატები გაახარა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომ გაუქმდა აბორტის კონსტიტუციური დაცვა, როგორც ამას კანონი - „როი უეიდის წინააღმდეგ“ განსაზღვრავდა. ამან გამოიწვია დემოკრატების საპროტესტო ხმების მატება რეფერენდუმზე კანზასში და საგანგებო არჩევნების სერია წარმომადგენელთა პალატაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოწვეულმა არეულობამ, როგორც ჩანს, რესპუბლიკელების ამომრჩეველთა ენთუზიაზმი შეასუსტა.

"დემოკრატებს [ახლა ბევრად] მეტი მიზეზი აქვთ ოპტიმიზმისთვის, ვიდრე ჰქონიათ დიდი ხნის მანძილზე", - თქვა ჯეიკობ რუბაშკინმა, Inside Elections-ის ანალიტიკოსმა ვაშინგტონში. "მაგრამ დემოკრატების პოზიცია მაინც უკიდურესად სავალალოა ორივე პალატაში".

დემოკრატები ასევე იმედოვნებენ, რომ ტრამპის იურიდიული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ფლორიდაში, მის სახლში, FBI-ის მიერ ჩატარებულ ჩხრეკასა და 2020 წლის არჩევნების გაუქმების მცდელობაში მისი როლის გარშემო კვლავ მიმდინარე გამოძიებასთან, ნაკლებად გადახრის მოყოყმანე ამომრჩეველს, რესპუბლიკელ კანდიდატებს დაუჭიროს მხარი.

შფოთვა ეკონომიკის გამო

დემოკრატების მოლოდინი, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა შუალედურ პერიოდში პერსპექტივას გააუმჯობესებდა, არ გამართლდა.

უმუშევრობის რაოდენობის მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, ეკონომიკა კვლავ განიცდის შეუჩერებელ ინფლაციას, რამაც მკვეთრად გაზარდა ძირითადი საარსებო საშუალებების ფასი, როგორიცაა საკვები და ენერგია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საქონელზე, როგორიცაა ბენზინი, ფასებმა დაიწია, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას მაინც მოუწევს აგრესიული ზომების მიღება ინფლაციის გასაკონტროლებლად, რამაც, შესაძლოა, ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვიოს.

Reuters/Ipsos-ის და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვები კვლავ აჩვენებენ, რომ ამომრჩევლების მთავარი სადარდებელი ეკონომიკაა. ის ბევრად უსწრებს წინ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა დანაშაული, ემიგრაცია, აბორტი და გარემოს დაცვა.

დემოკრატები ამტკიცებენ, რომ კონგრესის მიერ მიღებული ბოლოდროინდელი, კლიმატისა და ჯანდაცვის პაკეტი ხელს შეუწყობს ინფლაციის შესუსტებას, სხვა საკითხებთან ერთად, გახდის წამლებს უფრო ხელმისაწვდომს და ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას მოიტანს.

თეთრმა სახლმა ცოტა ხნის წინ ასევე გამოაცხადა, რომ მთავრობა ნაწილობრივ აპატიებს სტუდენტურ ვალს. დემოკრატები იმედოვნებენ, რომ ეს საკამათო გადაწყვეტილება ახალგაზრდა ამომრჩეველთა გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG