საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალა", რომელიც "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატებისგან შედგება, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ბოლო კომენტარს ეხმაურება, რომელშიც ამერიკის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ს ისევ აკრიტიკებენ და ბრალდებებს უყენებენ. სოზარი სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის თქმით, პოლარიზაციის პრობლემა სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული.
ისინი აშშ-ის ელჩს ტერმინ "გავრილოვის ღამის" გამოყენებისთვისაც აკრიტიკებენ. მათი თქმით, 20 ივნისს ელჩის ერთი ფავორიტი, ნიკა მელია, პარლამენტში იჭრებოდა, ხოლო მეორე ფავორიტი, გიორგი გახარია, ხალხს დამიზნებით ესროდა.
"ე.წ. "გავრილოვის ღამეზე" ბევრს არ ვიტყვით, მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ იმ ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა. შესაბამისად, ელჩის ადგილზე, ე.წ. "გავრილოვის ღამეზე" ძალიან ცოტას ვილაპარაკებდით", - აცხადებენ მმართველი პარტიის ყოფილი წევრი დეპუტატები.
მათ მიაჩნიათ, რომ "წარუმატებელი რევოლუციური სცენარი და რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ საელჩოშია დაწერილი".
ისინი ასევე ეხმაურებიან დეგნანის განცხადებას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამი მედიის დაჯარიმებაზე.
ამ დეპუტატების თქმით, როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და ორგანიზებული.
"კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის. როდესაც ელჩი "სირცხვილიას" უკანონო პოლიტიკურ-რევოლუციური კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, "პივიტის" გამყალბებელ ენჯეოს ხელს აფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე. საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს "პივიტის" გაყალბება იყო", - ნათქვამია განცხადებაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს სასამართლოსადმი კლანურობასა და ხელისუფლების მიმართ შეტევაში ადანაშაულებენ.
ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს, რომლებშიც აშშ-ის საელჩოს მიმართ მუდმივი ბრალდებებია, "ქართული ოცნების" ლიდერები არ ემიჯნებიან.
რაც შეეხება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას, ის რამდენიმე დღეა, "ქართულ ოცნებასა" და ამერიკის საელჩოს შორის პოლემიკის საგანია.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავდაპირველად 19 აგვისტოს გამოეხმაურა პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში ISFED-ის არდაშვებას. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ასეთი კომპეტენტური ორგანიზაციის პროცესს მიღმა დატოვება, ევროკომისიის რეკომენდაციასაც და რეფორმების სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება.
ამერიკის საელჩოს განცხადებას წინ უძღოდა ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება, რომელმაც ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, პროცესის ინკლუზიურობა უზრუნველეყო.
24 აგვისტოს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს, "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) რევოლუციურ პროცესში მონაწილეობდა.
აშშ-ის ელჩს მალევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ დასანანია განცხადებები, რომლებიც ISFED-თან დაკავშირებით კეთდება.
საარჩევნო საკითხებზე მმართველი გუნდის მიერ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან "გირჩი", "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან "საქართველოსთვის". ჯგუფის საქმიანობაში ასევე მონაწილეობენ ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.
"სამართლიან არჩევნებს" მმართველმა პარტიამ ამ ჯგუფში მონაწილეობაზე უარი იმ არგუმენტით უთხრა, თითქოს, იგი პოლიტიკურად მიკერძოებულია. ორგანიზაცია ამ ბრალდებას თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან. "სამართლიანი არჩევნების" პროცესიდან გათიშვის შემდეგ, არჩევნების თემაზე მომუშავე ჯგუფი დატოვა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც".
მოგვიანებით, 4-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ (DRI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ - განაცხადა, რომ ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე, დროებით აჩერებენ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას.