Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეგნანმა „ხალხის ძალის“ განცხადებებს გაუაზრებელი, კონსპირაციული და უსაფუძვლო უწოდა


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში გაუაზრებელი, კონსპირაციული და უსაფუძვლო უწოდა მმართველი პარტიის ოთხი ყოფილი დეპუტატის, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლებიც ელჩის მისამართით კეთდება, მათ შორის უკანასკნელი წერილი 16 აგვისტოს გამოქვეყნდა.

რაც შეეხება იმ ჯგუფს, არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, აშშ საქართველოს წლების განმავლობაში ეხმარებოდა თავისი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, ეს შეეხება მრავალფეროვან პარლამენტს, რომელიც საქართველოს საზოგადოებას წარმოადგენს. არ ვარ დარწმუნებული, რას წარმოადგენს ეს ჯგუფი, არ ვარ დარწმუნებული, ვის წარმოადგენენ და არ ვარ დარწმუნებული, რამდენად განსხვავებიან მმართველი პარტიისგან, რომელიც, მათი თქმით, დატოვეს. მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, ბრალდებები, რომლებსაც ისინი ხშირად აკეთებენ აშშ-ის წინააღმდეგ და სხვების წინააღმდეგ, გაუაზრებელი და კონსპირაციულია, არ ეყრდნობა ფაქტებს. ძალიან მნიშვნელოვანია გათვალისწინება, რომ აშშ მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, სრულ პოლიტიკურ სპექტრთან და ამას ვაკეთებთ 30 წელია“, - განაცხადა კელი დეგნანმა, რომელიც წეროვანში იმყოფებდა „მცხეთა-მთიანეთის რაიონულ ჰაბში“. ორგანიზაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციაზე მუშაობს.

კელი დეგნანის თქმით, ნებისმიერი ბრალდება, რომელიც პოლარიზაციის ზრდაზე, პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრებისკენ იქნება მიმართული, „ბრალის გადატანის მცდელობაა მათზე“, ვინც მხოლოდ საქართველოს დახმარებას ცდილობდა 30 წლის განმავლობაში.

მან მოუწოდა ყველა ქართველს, გაიხედოს წარსულში იმის დასანახად, საიდან იღებს სათავეს პოლიტიკურ სპექტრში არსებული პოლარიზაცია.

ვფიქრობ, ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, უკან გაიხედონ, 3-4 წლით უკან და დაინახონ, საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამიდან, დარღვეული პოლიტიკური დაპირებებიდან, ანტიდემოკრატიული მოქმედებებიდან - აქედან დაიწყო ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც მხოლოდ ამ ღრმა პოლარიზაციის დაძლევას ცდილობდნენ“, - განაცხადა დეგნანმა.

ამიტომ, მისი თქმით, პარლამენტი უნდა ფოკუსირდეს იმაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის - სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, უკეთესი განათლება, უკეთესი სამოქალაქო ჯანდაცვა და სხვა.

ელჩმა ისაუბრა ასევე ევროკავშირის მიერ გაცემული სარეკომენდაციო 12 პუნქტის შესრულების აუცილებლობაზე. კელი დეგნანის განცხადებით, ყველა ეს პუნქტი საქართველოს ხელისუფლების დაპირებებთან თანხვედრაშია და ახლა ის დროა, "გვერდზე გადაიდოს აზრთა სხვადასხვაობა და ერთად იმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა დეგნანმა.

პარტია "ქართული ოცნებიდან" "სიმართლის სათქმელად" წასული დეპუტატები ანტიდასავლური შინაარსის წერილებს ხშირად ავრცელებენ. ისინი აკრიტიკებენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ელჩ კელი დეგნანს. საელჩოს კლანურობასა და ხელისუფლებაზე შეტევაში ადანაშაულებენ, წერენ, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში გასული სამი წლის განმავლობაში ინტენსიურად ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას "ისეთი ადამიანების მოსაყვანად, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას მარტივად მოაწერდნენ ხელს". ისინი ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია არა მხოლოდ "მეორე ფრონტის" გახსნით საქართველოში, არამედ რევოლუციის მოწყობითაც. დეპუტატები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებად მიიჩნევენ 19 აპრილის შეთანხმების მოსამზადებელ, საარჩევნო წესის ცვლილებისთვის, პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირების ციხიდან გამოშვებისთვის და დეპოლარიზაციისთვის გამართულ მოლაპარაკებებში ჩართულობებს.

XS
SM
MD
LG