Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვლენების ასე განვითარება ძალიან სამწუხაროა - დეგნანი სამი ტელევიზიის დაჯარიმებაზე


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სამწუხაროს უწოდებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ სამ არხს: "მთავარს", "ფორმულასა" და "TV პირველს" სანქციები დაეკისრათ.

"ძალიან სამწუხაროა მოვლენების ასე განვითარება. მედიისა და სიტყვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფლება, მთავრობის მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმა იყოს შესაძლებელი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილი. განსაკუთრებით დღეს, როდესაც საქართველო კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავს აღნიშნავს", - განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ერთ-ერთ ღონისძიებაზე სტუმრობისას.

გუშინ, 23 აგვისტოს, კომუნიკაციების კომისიამ მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მოთხოვნით, "შინ ევროპისკენ" აქციის სარეკლამო კლიპის განთავსებისთვის "მთავარი არხი" 118 689 ლარით დააჯარიმა. ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, სანქცია (გაფრთხილება) დაეკისრა "ფორმულას" და "TV პირველს".

"აღნიშნული ვიდეოკლიპი თავისი შინაარსით წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის ლიდერებზე ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ემსახურება ამ პოლიტიკური პარტიის და მისი წევრების უარყოფითი აზრის ფორმირებას, მათ დისკრედიტაციას და მათი არჩევის ხელშეშლას. გასათვალისწინებელია, რომ თავად მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო და მასზე ორგანიზატორებმა, რომელიც რეკლამის დამკვეთები არიან, პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს - ეს იყო მთავრობის გადადგომა", - თქვა კომუნიკაციების კომისიის თანამშრომელმა თეა კაველიძემ, რომელმაც მაუწყებლების სანქცირების პროექტი წარადგინა.

კომუნიკაციების კომისიის სხდომას მისი ხუთივე წევრი (ივანე მახარაძე, ეკატერინე იმედაძე, ნათია კუკულაძე, ვახტანგ აბაშიძე) ესწრებოდა, მათ შორის - თავმჯდომარე კახა ბექაური, რომელიც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის დირექტორი იყო წლების განმავლობაში. კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

ვიდეორგოლი, რომელიც მმართველი პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, 1 წთ და 41 წამი გრძელდებოდა. სარეკლამო რგოლში ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ჩანდნენ, რომლებიც ისმენდნენ და გამოხატავდნენ ბრაზს მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებებზე უკრაინაში მიმდინარე ომსა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.

"შინ ევროპისკენ" აქციის ამ კლიპში მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 3 აპრილის ("ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა"), 11 ივნისისა ("ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური") და 22 ივნისის ("ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს") განცხადებების ნაწყვეტები. ვიდეორგოლში ასევე იყო "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის, ამავე პარტიის ლიდერის, გია ვოლსკის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა (ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს) და სხვათა განცხადებების ამონარიდები.

XS
SM
MD
LG