Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნება" "შინ ევროპისკენ" აქციის რეკლამის გაშვებისთვის "მთავარს", "ფორმულას" და "TV პირველს" უჩივის


კადრი ვიდეორგოლიდან "შინ ევროპისკენ"
კადრი ვიდეორგოლიდან "შინ ევროპისკენ"

სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნება" მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ 3 ტელევიზიას: "მთავარ არხს", "TV პირველსა" და "ფორმულას" კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. პარტიას მიაჩნია, რომ 24 ივნისის აქციის, "შინ ევროპისკენ" გამართვამდე, ამ არხების ეთერში 23 და 24 ივნისს განთავსებული ვიდეორგოლი პოლიტიკური შინაარსის იყო, რადგან ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებს უარყოფითად წარმოაჩენდა.

ვიდეორგოლი, რომელიც მმართველი პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, 1 წთ და 41 წამი გრძელდებოდა. სარეკლამო რგოლში ერთი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ჩანდნენ, რომლებიც ისმენდნენ და გამოხატავდნენ ბრაზს მმართველი პარტიის ლიდერების შეფასებებზე უკრაინაში მიმდინარე ომსა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.

"შინ ევროპისკენ" აქციის ამ კლიპში მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 3 აპრილის ("ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა"), 11 ივნისისა ("ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური") და 22 ივნისის ("ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამ მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს") განცხადებების ნაწყვეტები. ასევე იყო "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის; ამავე პარტიის ლიდერის, გია ვოლსკის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა (ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს) და სხვათა განცხადებების ამონარიდები.

"ვიდეორგოლების შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იგი გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ემსახურება "ქართული ოცნების" და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში ხელის შეშლას. სარეკლამო რგოლი ცხადად ახდენს "ქართული ოცნების" იდენტიფიცირებას კონკრეტული პარტიის სახეებზე მითითებით.

ამასთან, სარეკლამო რგოლი შეიცავს მმართველი პარტიის, მათი ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლების, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას მათ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე, ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას", - წერს საჩივარში ადვოკატი სერგი ჯორბენაძე, რომელსაც პარტიიდან ირაკლი კობახიძის მინდობილობა აქვს ამ დავის წარმოებისთვის.

სწორედ ამის გამო პარტიას მიაჩნია, რომ "შინ ევროპისკენ" აქციის ვიდეოკლიპი საარჩევნო რეკლამის შინაარსს ატარებს და სამივე ტელეარხის მიმართ კომუნიკაციების კომისიამ სამართლებრივი რეაგირება უნდა მოახდინოს. საქართველოს კანონმდებლობით, საარჩევნო რეკლამის განთავსება დასაშვებია წინასაარჩევნო პერიოდში.

ამ საჩივრის განსახილველად მოსამზადებელი სხდომა კომუნიკაციების კომისიაში 11 აგვისტოს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.

24 ივნისს სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ისინი აპროტესტებდნენ ხელისუფლების გაკეთებულ განცხადებებს და მიიჩნევდნენ, რომ მათ ხელი შეუშალეს ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ამას წინ უსწრებდა 23 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელმაც უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

XS
SM
MD
LG