სახალხო დამცველის განცხადებით, მას პენიტენციური სამსახურიდან 23 აგვისტოს აცნობეს, რომ სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, რომელიც გოგაშვილის ბოლო განცხადებებს დაადასტურებდა, არ არსებობს.
სოსო გოგაშვილის მონათხრობით, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მას ციხეში, კონკრეტულად საშხაპეში, 4-ჯერ დაურეკა და ბიძინა ივანიშვილის სახელით დაემუქრა.
დაკავების შემდეგ, 16 ივლისიდან, გოგაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ ახალ-ახალ განცხადებებს ავრცელებს, მაგრამ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალდებები, დიდწილად, რეაგირების გარეშე რჩება.
"კიდევ ერთი მთავარი მტკიცებულება"?
„მე ხვალ გავასაჯაროვებ ანაბეჭდების გარდა კიდევ ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომელიც არ ექვემდებარება არც წაშლას და არც დაზიანებას თქვენი მხრიდან. ეს საბოლოოდ დაადასტურებს ჩემს მიერ გაჟღებეულ ინფორმაციას, თქვენი მხრიდან ჯგუფურად ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ. [სათვალთვალო სისტემის - რთ] სერვერების დაწვაც ამის დასტურია და ამაში ეჭვი აღარავის ეპარება“, - წერს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი #12 დაწესებულებიდან გამოგზავნილ, 25 აგვისტოს გამოქვეყნებულ მორიგ წერილში და სისხლის სამართლის დამნაშავეებად და „რეციდივისტებად“ მოიხსენიებს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს.
და რის გასაჯაროებას აპირებს გოგაშვილი?
ბრალდებულის ადვოკატი დიმიტრი ღონღაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არ იცის, ამ შემთხვევაში რას აპირებს მისი დაცვის ქვეშ მყოფი და რა გზით, ვისი დახმარებით განახორციელებს ჩანაფიქრს რაც შეეხება წერილში ნახსენებ „ანაბეჭდს“, ადვოკატის განმარტებით, ლაპარაკია თითის ანაბეჭდებზე, რომლებიც, გოგაშვილის განმარტებით, მან „წებოვანი ლენტის საშუალებით“ იმ ტელეფონიდან აიღო, რომელზეც შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური 28-29 ივლისს, 1 აგვისტოსა და 5 აგვისტოს ციხის საშხაპეში ელაპარაკებოდა.
სად არის ახლა ეს „წებოვანი ლენტი“? - ვეკითხებით ადვოკატს.
მისი პასუხია, რომ „უკვე ციხის გარეთ არის“, მაგრამ „რა გზით გამოვიდა, საიდუმლოა“ და ახლა ეძებენ გზებს „შესაბამისი სანდო ექსპერტიზის ჩასატარებლად“.
დიმიტრი ღონღაძეს ეჭვი აქვს, რომ ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერები პენიტენციურ დაწესებულებაში უბრალოდ გაანადგურეს, რადგან დერეფანში თუ საკანში დამონტაჟებული 10-მდე კამერა მეტად ინფორმატიული მასალების შემცველი იქნებოდა და იქნებოდა "ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება".
„წარმოიდგინეთ, ის თითქმის 10 დღის განმავლობაში რამდენჯერ გამოიყვანეს საკნიდან... ასევე გამოჩნდებოდა, რომ მას თან ახლავს დაწესებულების ხელმძღვანელი, ორ შემთხვევაში - მისი მოადგილე... როგორ შედის ის გოგაშვილთან ერთად საშხაპეში, საიდანაც [გოგაშვილი] ტელეფონით შს მინისტრს უნდა დაელაპარაკოს... ტელეფონზე საუბრის დროს ელოდებიან გარეთ არაერთხელ 30 წუთი, 20 წუთი... დაწესებულების ხელმძღვანელი მასთან ერთად დადიოდა დერეფანშიც, მისი დამშვიდების მიზნით [შს მინისტრთან საუბრის შემდეგ - რთ]... ძალიან მოცულობითი მასალა იქნებოდა. ეტყობა აღარ მოხდა მისი დაჭრა და თქვეს - არ გვაქვსო, არ ჩაიწერაო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით, უარყოფითი პასუხი უწყებიდან, სახალხო დამცველამდე, დაკავებულის ადვოკატებმაც მიიღეს.
ადვოკატს შეუძლია მხოლოდ დაარქივების მოთხოვნა. ჩანაწერების მიღების უფლება საგამოძიებო სტრუქტურას აქვს.
მწყობრიდან გამოსული კამერები
„მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები“ - ასეთი პასუხი მიიღო სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, 23 აგვისტოს, პენიტენციურ სამსახურში გაგზავნილ მოთხოვნაზე, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერები დაარქივებულიყო #12 დაწესებულების მთელ იმ პერიმეტრზე, სადაც სოსო გოგაშვილი, თავისი მონათხრობით, 28 ივლისიდან 5 აგვისტოს პერიოდში გადაადგილდებოდა.
ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის წესები რეგულირდება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 35-ე ბრძანებით, რომელიც კვლავ ძალაშია.
ტექსტში წერია, რომ:
პენიტენციურ სამსახურს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია და უწყება ამ დრომდე არც რადიო თავისუფლების მიმართვას გამოეხმაურა. ხოლო იუსტიციის სამინისტროში გვითხრეს, რომ სავარაუდოდ არც იგეგმება განცხადების გაკეთება სახალხო დამცველის საპასუხოდ.
24 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც, რომ „გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს“ ვიდეოკამერების გაუმართავად მუშაობის მიზეზები, „რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს კამერების ხელოვნურად დაზიანების ან რელევანტური ჩანაწერების წაშლის ეჭვი“.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, რომელიც ძალოვან უწყებებში საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს იძიებს, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ კამერებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე განცხადება არ კეთდება. უწყებაში არც იმას აზუსტებენ, დაიწყო თუ არა გამოძიება გოგაშვილის მიერ გომელაურის მისამართით გახმაურებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს მხოლოდ ის, რომ გამომძიებელი საპატიმროში, დაკავებულთან „საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად“ იყო შესული, ხოლო გამოძიების დაწყებაზე ვერაფერს იტყვიან.
ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილის ნაამბობს „აბსურდსა“ და „ტყუილს“ უწოდებს.
"არანაირი კავშირი არ შემდგარა. ეს მინდა ვთქვა, მე მიცნობს, მით უმეტეს, მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ, ჩემგან არასდროს არ წასულა ისეთი რაღაც, რომ ოჯახის ამოწყვეტის... ეს ვერ მოხდებოდა", - უთხრა გომელაურმა ჟურნალისტებს, 19 აგვისტოს.
გოგაშვილის ადვოკატი, დიმიტრი ღონღაძე ამბობს, რომ გოგაშვილის მიერ გახმოვანებული ბრალდებები სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირების გარეშე რჩება და მართალია, პროკურატურამ ივლისის ბოლოს დაიწყო გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებული მასალების არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადაცემის შემდეგ, მაგრამ „გოგაშვილი ამ დრომდე არჩევნების საკითხზე არავის გამოუკითხავს“.
ადვოკატი ღონღაძე ასევე ამბობს, რომ ამ დრომდე საგამოძიებო სტრუქტურები არ დაინტერესებულან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით. სოსო გოგაშვილის მტკიცებით, მუხთარლი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, „სუსის ზონდერებმა“ გაიტაცეს.
გოგაშვილის 11 აგვისტოს წერილს იმავე დღეს გამოეხმაურა თავად აფგან მუხთარლი და პროკურატურას თავისი გამოკითხვისკენ მოუწოდა. 25 აგვისტოს მისმა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გოგაშვილს ჯერჯერობით ახალი არაფერი უთქვამს და დაცვის მხარე მთელი ამ ხნის განმავლობაში სწორედ ამ ტიპის ბრალდებებს ახმოვანებდა.