Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგაშვილის თქმით, ხვალ გაასაჯაროებს კიდევ ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომელიც წაშლას არ ექვემდებარება


სოსო გოგაშვილი
სოსო გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ხვალ გაასაჯაროებს მტკიცებულებას, რომელიც ციხეში მასზე განხორციელებულ მუქარას დაადასტურებს.

"მე ხვალ გავასაჯაროვებ ანაბეჭდების გარდა კიდევ ერთ მთავარ მტკიცებულებას, რომელიც არ ექვემდებარება არც წაშლას და არც დაზიანებას თქვენი მხრიდან. ეს საბოლოოდ დაადასტურებს ჩემს მიერ გაჟღებეულ ინფორმაციას, თქვენი მხრიდან ჯგუფურად ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ. სერვერების დაწვაც ამის დასტურია და ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ძნელია ებრძოლოთ სისტემის ერთ-ერთ ყოფილ წევრს?

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოგიტანთ განაჩენს ევროპაში, ხოლო საქართველოში ამას ქართველი ხალხი გააკეთებს", - ნათქვამია გოგაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

ის ასევე წერს, რომ, მისი საქმიდან გამომდინარე, მინისტრთა კაბინეტში მინიმუმ ორი სისხლის სამართლის დამნაშავე ზის - ვახტანგ გომელაური და რატი ბრეგაძე.

"თუმცა გომელაურის თქმით, ჩემი და მისი საიდუმლო კომუნიკაციის შესახებ ღარიბაშვილმა, ლილუაშვილმა და შოთაძემაც იცოდნენ. დავალებას ვისგანაც იღებთ, ეს უკვე ყველამ იცის, მაგრამ რეციდივისტები რომ ხართ, კიდევ ერთხელ დადასტურდა. პირველად, მერაბიშვილი გაიყვანეთ საკნიდან და კადრები წაშალეთ, შემდეგ მუხთარლი გაიტაცეთ და მთელი ქალაქის კამერები ლაგოდეხამდე წაშალეთ, მე დამემუქრეთ ოჯახის მოსპობით, ოთხჯერ მესაუბრეთ ციხეში და მთლიანი სერვერები დაწვით. რეციდივისტები ხართ, აბა ვინ ხართ? გირჩევთ დაწეროთ განცხადებები გადადგომის შესახებ, სანამ უარესად შეტოპავთ", - წერს სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი.

გოგაშვილის საკითხზე შეკითხვას გუშინ, 24 აგვისტოს, უპასუხა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მას კითხვა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამწერი მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით დაუსვეს.

"მე არ ვიცი... ამ დღეების არის თუ არა. წაშლილია, არ არის წაშლილი. არ მისმენია ნამდვილად, გულწრფელად გეუბნები. ტექნიკოსი არ ვარ და როგორ უნდა აგიხსნათ, ცხრა კამერა იყო თუ ხუთი.

მე არ ვიცი შიგნით სისტემა როგორ აქვთ მოწყობილი. ეს კამერები როგორ მუშაობს... ჩემს სამსახურში რომ მკითხოთ, გეტყვით, რაც არ ვიცი, უნდა ვკითხო სპეციალისტებს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა იოსებ გოგაშვილის საქმეზე მიმდინარე შესწავლის შედეგები 24 აგვისტოს გამოაქვეყნა.

სოსო გოგაშვილმა და მისმა ადვოკატებმა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით 2022 წლის 11 აგვისტოს გააკეთეს განცხადება. მათი ცნობით, გოგაშვილს სააბაზანო ოთახში შინაგან საქმეთა მინისტრთან მობილური ტელეფონით საუბრების დროს დაემუქრნენ.

ომბუდსმენის აპარატის განცხადების თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია ბრალდებულმა დაადასტურა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან პირადი გასაუბრების დროსაც და მიუთითა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების კონკრეტული დროის მონაკვეთები 2022 წლის 28 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით. სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და იმავე დღეს მოითხოვა მე-12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება.

ომბუდსმენის ცნობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს წერილით სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პასუხის სანდოობა გარკვეულ კითხვებს აჩენს და ამასთან, ეჭვქვეშ აყენებს პატიმრის, რომელიც 24 საათის განმავლობაში ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, ფიზიკური უსაფრთხოების დაცულობას. ამავდროულად, ომბუდსმენის განმარტების თანახმად, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საკმაოდ დიდი ტერიტორიის მოცულობის ამსახველი ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება (კონკრეტულ თარიღებში იოსებ გოგაშვილის გადაადგილების მარშრუტი, საკანი, საერთო სივრცე, კორიდორი) მოითხოვა. მიღებული პასუხის თანახმად კი, როგორც ჩანს, მე-12 დაწესებულების ვიდეომეთვალყურეობის ჩამწერი სისტემის დიდი ნაწილი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს პენიტენციური დაწესებულების მართვის ეფექტიანობას და პატიმართა უსაფრთხოებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს ხსენებულ პერიოდში მე-12 დაწესებულებაში არსებული ვიდეოკამერების გაუმართავად მუშაობის მიზეზები, რათა გამოირიცხოს ან დადასტურდეს კამერების ხელოვნურად დაზიანების ან რელევანტური ჩანაწერების წაშლის ეჭვი.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მისი სახელით "ფეისბუკზე" ასევე დაიწერა არაერთი ბრალდება მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლის მოადგილედაც ის მუშაობდა. გოგაშვილმა ერთ-ერთ განცხადებაში ისიც თქვა, რომ უწყებიდან წამოსვლა, მტკიცებულებების მოგროვება და მხილება არჩია.

XS
SM
MD
LG