სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შინაგან საქმეთა მინისტრი ემუქრებოდა. ადვოკატის თქმით, გომელაური გოგაშვილს ესაუბრა ტელეფონით, რომელიც ციხის თანამშრომლებმა მის საკანში შეიტანეს.
"გაიყვანეს სააბაზანო ოთახში და მიუთითეს ფანჯრის რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე, უთხრეს, რომ დარეკავდა და ეპასუხა. გოგაშვილმა უპასუხა ტელეფონს, მას ესაუბრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი. საუბარი შეეხებოდა მუქარებს, იმ შემთხვევაში თუ იოსებ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინა ის ფაქტორები, რა შეიძლებოდა დამართნოდა მას და მის ოჯახს...
საუბარი შედგა მეორე დღესაც. მოთხოვნა იყო, გაჩუმებულიყვნენ ის და მისი ოჯახის წევრები. ძირითადი მოთხოვნა იყო, მას მიეცა მათთვის სასურველი ჩვენება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც გააჟღერა მან... ცნობილია, რა ნომრიდან ხდებოდა იოსებ გოგაშვილთან დაკავშირება და რა ნომერი იყო მოთავსებული იმ ტელეფონში, რომლითაც ის პასუხობდა შინაგან საქმეთა მინისტრს", - თქვა ადვოკატმა და დასძინა, რომ აკრძალვის მიუხედავად, გოგაშვილი თავის ოჯახის წევრებს ორჯერ მაინც შეახვედრეს.
რადიო თავისუფლება ცდილობს გოგაშვილის ადვოკატის მიერ დასახელებული უწყებებიდან ამ ბრალდებებზე კომენტარის მიღებას.
გოგაშვილის დაპატიმრების შემდეგ მისი სახელით "ფეისბუკზე" მუდმივად ვრცელდება ბრალდებები. ერთ-ერთი ბრალდება 26 ივლისს ვახტანგ გომელაურის მიმართაც გააჟღერა.
"ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუსის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე თუ ჩამოვიდოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა", - წერდა გოგაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში.
გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
გოგაშვილმა დაკავებამდე "ფეისბუკზე" დაწერა, რომ ფლობდა ინფორმაციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და მათი გადამოწმებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა "სამართლიანმა არჩევნებმა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" კვლევა გამოაქვეყნეს.