უკრაინული და რუსული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ევროპის უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მისამართით გახსნილი ცეცხლის გამო.
რუსეთის არმიამ დღეს, 11 აგვისტოს, სამჯერ გახსნა ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მიმართულებით, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, არავინ დაშავებულა, ცეცხლი წაეკიდა ბალახს.
დაბომბვის გამო სადგურზე დროულად ვერ მოხერხდა თანამშრომელთა შეცვლა, ვითარების სტაბილიზაციამდე მუშაობას განაგრძობს მიმდინარე ცვლაში მომუშავე პერსონალი.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სადგურზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, თანამშრომლები სადგურს ტოვებენ, არ შეესაბამება სიმართლეს.
„ენერგოატომის“ ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 17:00 საათისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რადიაციული ფონი ბუნებრივ ნორმაშია.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილი ვითარების განხილვას საგანგებო სხდომაზე გეგმავს გაეროს გენერალური ასამბლეა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დღეს, 11 აგვისტოს, მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ბოლო რამდენიმე კვირაა ამ საკითხზე მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს.
გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.
გასულ კვირაში, უკრაინული სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომის" ცნობით, თავდასხმის გამო ავარიულად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთ-ერთი.
ამასთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აღნიშნავს, რომ 5-6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა თავდასხმამ დაარღვია სადგურის ატომური უსაფრთხოების შვიდივე შეუცვლელი კომპონენტი, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა და დაცულობა, პერსონალი და კვების შიდა წყაროები.