Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაზიანებულია, რადიაცია ნორმაშია - IAEA


უკრაინა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
უკრაინა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი, უკრაინის ატომური ენერგიის სააგენტოს მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს გარკვეული ზიანი მიადგა, თუმცა რადიაციის დონე ნორმაშია.

„უკრაინის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, IAEA-ს ექსპერტებმა შაბათის ინციდენტის შედეგად ბირთვული უსაფრთხოების ხიფათი გამორიცხეს“.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ 6 აგვისტოს რუსეთის თავდასხმის შედეგად სადგურის გადამუშავებული ატომური საწვავის საცავის ზონაში დაზიანდა ელექტრომომარაგების სისტემა, კედლები, სახურავი, ფანჯრები, გაყვანილობა, რომელიც რადიაციული კონტროლის სისტემის ნაწილს წარმოადგენს, რამაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სამი სენსორის მუშაობაზე. ასევე დაიჭრა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი დაცვის თანამშრომელი. მაგრამ გადამუშავებული ბირთვული საწვავის კონტეინერებზე ან ობიექტის დამცავ პერიმეტრზე თვალსაჩინო დაზიანება არ გამოვლენილა.

ამავდროულად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აღნიშნავს, რომ 5-6 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებულმა თავდასხმამ დაარღვია სადგურის ატომური უსაფრთხოების შვიდივე შეუცვლელი კომპონენტი, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა და დაცულობა, პერსონალი და კვების შიდა წყაროები.

გროსიმ აღნიშნა, რომ სერიოზულად აშფოთებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება.

მანვე დასძინა, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების უსწრაფესად ჩასვლა, ბირთვული უსაფრთხოების ვითარების სტაბილიზაციისთვის.

გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.

XS
SM
MD
LG