Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კონსერვატიული მოძრაობა" 10-მდე ოფისს ხურავს - აქვს თუ არა "ალტ-ინფოს" ფინანსური პრობლემა?


კონსტანტინე მორგოშია, "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი
კონსტანტინე მორგოშია, "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი

ჰომოფობიური და ანტიდასავლურად განწყობილი ჯგუფების დაფუძნებული პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები ბოლო ერთი თვეა ფინანსურ პრობლემებზე საუბრობენ და ადასტურებენ, რომ ოფისების დახურვა უწევთ. ეს ხდება მაშინ, როდესაც პარტიის ოფიციალური შემოსავალი - შემოწირულებები არ შემცირებულა.

"კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ საქართველოს რეგიონებში წელს გახსნილი 70-მდე ოფისიდან 10-მდე წარმომადგენლობის დახურვა მოუწევთ.

"კონსერვატიული მოძრაობა" "ალტ-ინფომ" პარტიად გასული წლის ბოლოს, 2021 წლის ნოემბერში დააფუძნა, შემოწირულებების მიღება კი 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო. 31 ივლისის ჩათვლით "კონსერვატიულ მოძრაობას" 339 ათას ლარამდე აქვს მიღებული - საშუალოდ 56 ათასი ლარი თვეში.

აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პარტიის შემოსავლები ივლისში, როდესაც კონსტანტინე მორგოშიამ ახლად გახსნილი ოფისების დახურვაზე დაიწყო ლაპარაკი, 61 ათასი ლარი იყო.

რადიო თავისუფლებამ მორგოშიას ჰკითხა, რა არის პარტიაში ფინანსურ პრობლემებზე საუბრის მიზეზი, როდესაც მათი შემოსავლები უცვლელი რჩება.

"რამდენიმე საქმოსანს, რომელიც ჩვენს ოფისებს ქირაობდა, შეუქმნეს პრობლემები საბანკო სფეროში, ბანკების დამფუძნებლები არიან უცხოური კომპანიები. ზოგმა ვეღარ მოაბა თავი, რომ იჯარის ამბავი, შემოწირულობა გაეკეთებინა... ზოგი უსასყიდლოდ გვითმობდა [ოფისს], ზოგი სიმბოლურ ფასად…" - ამბობს ის.

მორგოშია არ აზუსტებს იმ ბიზნესმენების ვინაობას, ვისაც პრობლემები შეექმნა, თუმცა ამბობს, რომ ისინი პოსტსაბჭოთა სივრცეში მოღვაწეობენ. რადიო თავისუფლებას მან ასევე უთხრა, რომ უცხოური კომპანიების მიერ დაფუძნებულმა ბანკებმა "საქმოსნებს" პრობლემები "კონსერვატიული მოძრაობის" მხარდაჭერის გამო შეუქმნეს.

"მიიღეს მითითებები, რომ ჩვენთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. ამბობენ, რომ არის ელჩების მითითება", - ამბობს მორგოშია.

თუ პოლიტიკური პარტიისთვის ოფისს მხარდამჭერი ქირაობს ან სიმბოლურ ფასად გადასცემს მას, ეს შემოწირულებად უნდა იყოს გაფორმებული და, შესაბამისად, ინფორმაცია აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილ დოკუმენტებში უნდა აისახოს. "ალტ-ინფოს" პარტიას ამ დრომდე მხოლოდ "ფულადი შემოწირულობების" მონაცემები აქვს შევსებული და არ უთითებს ბიზნესმენების მხრიდან გაწეულ შეღავათებს - "არაფულად შემოწირულობებს", რაც ასევე სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით.

ოფისების ხარჯის დამალვა "კონსერვატიული მოძრაობის" წარდგენილ დოკუმენტებში აუდიტის სამსახურმა რამდენიმე თვის წინაც აღმოაჩინა და სასამართლოს პარტიის დაჯარიმების მოთხოვნით მიმართა. სასამართლომ მორგოშიას პარტია 218 ათასი ლარით დააჯარიმა. "კონსერვატიულ მოძრაობას" ეს თანხა რომ გადაეხადა, ახლა ოფიციალური შემოსავლებიდან მხოლოდ 121 ათასი ლარი დარჩებოდა.

რადიო თავისუფლებამ "კონსერვატიული მოძრაობის" დოკუმენტებში დაფინანსების საინტერესო სქემას მიაკვლია - პარტიას ყოველთვიურად დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში ერთი და იგივე ადამიანი ერთსა და იმავე თანხას სწირავდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელმა ამ სქემაში შავი ფულის შესაძლო გათეთრების ნიშნები დაინახა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ამბობენ, რომ დარღვევების გამოსავლენად გულმოდგინედ სწავლობენ პარტიების, განსაკუთრებით კი, "კონსერვატიული მოძრაობის" შემოწირულებებს.

აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიხედვით, "უწყვეტად მიმდინარეობს მათი შემომწირველების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება. ამ ეტაპზე კონკრეტული შემოწირულობის ან შემომწირველების შესახებ კანონსაწინააღმდეგო ფაქტი დაფიქსირებული არ არის".

"კონსერვატიული მოძრაობის" დამფუძნებელი ირწმუნება, რომ ოფისების დახურვა დროებითია. "ეს ამინდს არ ცვლის, 10-ივე ოფისს ნოემბერში დავიბრუნებთ", - ამბობს მორგოშია.

XS
SM
MD
LG