Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამ გამოიწვია გამწვავება კოსოვო-სერბეთის საზღვარზე და როგორ რეაგირებს მასზე რუსეთი?


კოსოვოს მერდარის სასაზღვრო პუნქტი. 2022 წლის 1 აგვისტო
კოსოვოს მერდარის სასაზღვრო პუნქტი. 2022 წლის 1 აგვისტო

სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე, კვირა ღამით ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ საზღვართან ორივე მხარემ სამხედრო ძალებს მოუყარა თავი.

ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა გზები გადაკეტეს სერბეთთან ორ მთავარ სასაზღვრო გადასასვლელთან, სერბეთის სანომრე ნიშნებსა და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული, კოსოვოს მთავრობის მიერ შემოღებული ორი წესის გამო.

ვითარების გართულების თავიდან აცილების მიზნით, 31 ივლისს, გვიან საღამოს, კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ დაკეტა იარინიესა და ბრნიაკის სასაზღვრო გადასასვლელები მოგზაურობისა და ტრანსპორტისთვის.

რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს, რეგიონში ვითარების განზრახ გამწვავებაში სწორედ პრიშტინა დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დაძაბულობის ესკალაცია, რომლის უკანაც „აშშ და ევროკავშირი დგას“, კოსოვოს ხელისუფლების მიერ დაწესებული „გაუმართლებელი დისკრიმინაციული წესების“ შედეგია.

კოსოვოში ნატოს ხელმძღვანელობით მყოფი საერთაშორისო ძალების სარდლობამ მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერიოს სასაზღვრო კონფლიქტში, თუ კოსოვოს ჩრდილოეთში სტაბილურობას საფრთხე შეექმნება. ამასთან, სარდლობამ დაადასტურა, რომ კვლავაც მხარს უჭერს პრიშტინასა და ბელგრადს შორის ურთიერთობების მოგვარებას დიალოგის გზით, რომელშიც ევროკავშირი მონაწილეობს.

კანონიერი პროცედურა, რომელსაც კოსოვოელი სერბები დისკრიმინაციად ნათლავენ

მანქანების თაობაზე უთანხმოებამ ჩრდილოეთ კოსოვოში იფეთქა 2021 წლის სექტემბერშიც - მას მერე, რაც კოსოვოს ხელისუფლებამ სერბეთიდან შესულ ყველა მძღოლს მოსთხოვა გამოეყენებინათ დროებითი, 60-დღიანი, დაბეჭდილი ნომრები, იმ ზომების პასუხად, რომლებიც სერბეთმა კოსოვოელ მძღოლებთან მიმართებით 2008 წელს შემოიღო - როცა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

კერძოდ, ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 ომის შემდეგ სერბეთის ინსტიტუციების მიერ იყო გაცემული, და კოსოვოს ქალაქების სახელებს აღრიცხავდა შემოკლებებით - მაგალითად, KM (კოსოვსკა მიტროვიცა), PR (პრიშტინა), ან UR (უროშევაცი).

კოსოვოს მთავრობა ამ ნომრებს უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა მათი გამოყენების ნებას რთავდა ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც უმრავლესობას სერბები შეადგენენ.

ახლა კოსოვო მოითხოვს, ეს სანომრე ნიშნები შეიცვალოს კოსოვოს მიერ გაცემული ნომრებით, რომლებზეც დატანილი იქნება ასოები "RKS", კოსოვოს რესპუბლიკის შემოკლებულ ფორმად. ეს ცვლილებები 1 აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, რასაც წინა დღით ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრები ეთნიკური სერბების პროტესტი მოჰყვა.

31 ივლისს მათ სატვირთო მანქანებით გადაკეტეს გზები, რომლებიც კოსოვოს სერბეთთან დამაკავშირებელ ორ სასაზღვრო პუნქტს - იარინიეს და ბრნიაკს - უკავშირდება.

31 ივლისს, გვიან საღამოს, კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ დაკეტა იარინიესა და ბრნიაკის სასაზღვრო გადასასვლელები მოგზაურობისა და ტრანსპორტისთვის, დემონსტრანტების მიერ მათი ბლოკირების გამო.

ჩრდილოეთ კოსოვოში აგებულ 9 ბარიკადაზე გამოჩნდნენ „უკანონო შეიარაღებული პირები“, რომლებმაც, კოსოვოს შინაგან საქმეთა მინისტრ კსელალ შვეჩის ცნობით, დააზიანეს კოსოვოს პოლიციის და სამოქალაქო პირების კუთვნილი მანქანები და რამდენჯერმე ჰაერშიც გაისროლეს.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ 31 ივლისს წარმოქმნილი დაძაბულობის კომენტირებისას განაცხადა, რომ ესკალაციას წინ უძღოდა სერბეთის მთავრობის წარმომადგენლების წამქეზებლური განცხადებები. კურტმა ასევე ისაუბრა სამართალდამცავი ორგანოების მზადყოფნაზე, იმოქმედონ კანონის დასაცავად და თანამოქალაქეებს მოუწოდა გამოიჩინონ სიფხიზლე და დაეყრდნონ იმ ინფორმაციას, რომელიც კოსოვოს ხელისუფლების ოფიციალური არხებით ვრცელდება.

კოსოვოს პოლიცია. 1 აგვისტო
კოსოვოს პოლიცია. 1 აგვისტო

ვუჩიჩის „ლოცვა მშვიდობისათვის“ და პესკოვის კომენტარი

ბელგრადი კი, თავის მხრივ, ვითარების დაძაბვაში კოსოვოს ხელისუფლებას ადანაშაულებს.

სერბეთის მთავრობაში კოსოვოს საქმეთა დეპარტამენტის დირექტორმა პეტარ პეტკოვიჩმა კოსოვოს პრემიერ-მინისტრს უწოდა საზღვარზე შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი დამნაშავე, "რომელიც თავისი უპასუხისმგებლო ქმედებებით იწვევს ახალ კრიზისს კოსოვოსა და მეტოხიის ტერიტორიაზე".

მოგვიანებით კომენტარი გააკეთა სერბეთის პრეზიდენტმაც. ალექსანდარ ვუჩიჩმა 31 ივლისს ბელგრადში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ლოცულობს მშვიდობისათვის" და სთხოვს ყველას, მათ შორის კოსოვოში სერბებს, არ გააკეთონ არაფერი, რამაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. ამავე დროს, ვუჩიჩმა დასძინა, რომ სერბეთი დაიცავს კოსოვოელ სერბებს და ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.

„თუ ისინი დაიწყებენ სერბების დევნას, არასათანადო მოპყრობას, მათ დახოცვას, სერბეთი გაიმარჯვებს. ეს არის ის, რაც მინდა ვთქვა", - განაცხადა ვუჩიჩმა.

სერბეთის პრეზიდენტის „კონსტრუქციულ პოზიციას“ უმალვე გამოუცხადა მხარდაჭერა მოსკოვმა, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ბელგრადთან და არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელგრადის მიერ ამ კონტექსტში მიღებულ მშვიდობიან და კონსტრუქციულ პოზიციას, (მხარს ვუჭერთ) მშვიდობისა და კონსტრუქციულობისკენ მოწოდებას, რომელიც სერბეთის პრეზიდენტმა გაახმოვანა. მიგვაჩნია, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც აღიარეს კოსოვო და რომლებიც არიან გარანტორები, უნდა გამოიყენონ მთელი თავიანთი გავლენა, რათა გააფრთხილონ კოსოვოს ხელისუფლება გარკვეული არასათანადო ნაბიჯების გადადგმის შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია. და, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაცული იყო სერბების ყველა უფლება", - აღნიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

ბლოკირებული გზა. კოსოვო. 31 ივლისი
ბლოკირებული გზა. კოსოვო. 31 ივლისი

კოსოვოს ხელისუფლება სერბული დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შეცვლის აუცილებლობას ეთნიკური უმცირესობის ჩაგვრად არ მიიჩნევს. თუმცა, შექმნილი ვითარების განმუხტვის მიზნით, გადადო ნომრების შეცვლისა და პირადი დოკუმენტების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების შესრულება. 30 დღით გადაწყვეტილებების გადავადების შესახებ კოსოვოს მთავრობას აშშ-ის ელჩმა კოსოვოში ჯეფრი ჰოვენმაც მიმართა თხოვნით.

"კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა [ალბინ] კურტიმ შეხვედრები გამართა ამერიკელ და ევროპელ საერთაშორისო პარტნიორებთან. ამასთან დაკავშირებით, კოსოვოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, გადადოს ორი გადაწყვეტილების განხორციელება 2022 წლის 29 ივნისიდან 2022 წლის 1 სექტემბრამდე, როდესაც ყველა ბარიკადა მოიხსნება და კოსოვოს ჩრდილოეთით გადაადგილება სრულიად თავისუფალი იქნება", - ნათქვამია კოსოვოს მთავრობის განცხადებაში.

კოსოვოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი. მისი განცხადებით, კოსოვომ და სერბეთმა საჯარო საკითხები ევროკავშირის თანადგომით, დიალოგის გზით უნდა გადაწყვიტონ.

კოსოვოელი ალბანელების მიერ სერბებთან 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გამოცხადებული დამოუკიდებლობა 2008 წლიდან აღიარებული აქვს მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს. სერბეთი კოსოვოს ისევ თავის ავტონომიურ ოლქად თვლის.

კოსოვო მიისწრაფვის ევროპის კავშირსა და NATO-ში შესვლისკენ, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG