Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუბრები სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 აგვისტოს


"სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდის" - ვის სჯერა ამის? - ინტერვიუ მის ადვოკატთან

ბოლო დღეებია, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ის პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრობს. ჯერ თავად ექსპრეზიდენტს ამის შესახებ არაფერი უთქვამს ფეისბუკზე, სადაც, როგორც წესი, მნიშვნელოვან განცხადებებს წერილობით აკეთებს ხოლმე.

არის თუ არა პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადება მისი სამკურნალოდ გადაყვანის წინაპირობა და ვის სჯერა ამის - რადიო თავისუფლებამ მის ადვოკატთან, ვალერი გელბახიანთან ჩაწერა ინტერვიუ.

ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმდენად საფრთხის მატარებელია მისი მდგომარეობა, რომ სააკაშვილი ყველანაირი პოლიტიკისგან ითავისუფლებს თავს და საკუთარ ჯანმრთელობაზე აქვს აქცენტი.

„მისი პოზიცია ნათელია, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ უნდა, რაც ნიშნავს, რომ არც "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნა არ უნდა. მან ასეთი რამ თქვა, თუ მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება, მხოლოდ ამის შემდეგ, ხანგრძლივი პერიოდია საჭირო, თუ დაბრუნდება პოლიტიკაში, მხოლოდ და მხოლოდ უკრაინაში და არავითარ შემთხვევაში საქართველოში“, - ამბობს ვალერი გელბახიანი.

სრული ინტერვიუ წაიკითხე აქ.

გუდაურში დაღუპული ტურისტის ცოლი პოლიციამ გამოკითხა​

გუდაურში 29 ივლისს უბედური შემთხვევის დროს დაღუპული ტურისტის ცოლი, შერილ მორალ ტიმანი პოლიციამ გამოკითხა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, უკვე გამოიკითხა რამდენიმე სხვა ადამიანიც.

"ჯერ ჩემი ქალიშვილი გაფრინდა პარაპლანით, შემდეგ მე და ბოლოს ჩემი ქმარი. ამინდი კარგი იყო, მაგრამ მოულოდნელად ძლიერი ქარი ამოვარდა. ჩემს ინსტრუქტორსაც კი პრობლემა შეექმნა დაჯდომის დროს. მე რომ დავეშვი, დავინახე, რომ ჩემს ქმარს ინციდენტი შეემთხვა. ჩვენ ველოდებოდით მაშველებს და ბოლოს გამოჩნდა ვერტმფრენიც. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან რთული იყო სამაშველო ოპერაცია და ამიტომ მეც ვითხოვდი, რომ ვერტმფრენი გამოეყენებინათ. მოვიდა ვერტმფრენი და დაიწყო მოსახერხებელი პოზიციის შერჩევა. მოულოდნელად მან ვარდნა დაიწყო და აფეთქდა", - ასე იხსენებდა შერილ მორალ ტიმანი რადიო თავისუფლებასთან იმ დღეს.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

თურქეთი: უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი შესაძლოა დღეიდან დაიწყოს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის პრესმდივნის თქმით, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ მარცვლეულით დატვირთული პირველი საექსპორტო გემი უკრაინას 1 აგვისტოს დატოვებს.

"ხვალამდე ყველა [დეტალი] თუ დასრულდება, როგორც ჩანს, პირველი გემი პორტს სავარაუდოდ ხვალ დატოვებს", - უთხრა პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა თურქეთის ტელევიზიას 31 ივლისს. "ყველაზე გვიან გემები პორტებს შემდეგ დღეს დატოვებენ", - თქვა მან.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში თქვა, რომ უკრაინა მზადაა დაიწყოს მილიონობით ტონა მარცვლეულის გადაზიდვა სამხრეთის პორტებიდან, და ოპერაციის დასაწყებად ელოდება თურქეთსა და გაეროს - რომლებიც დათანხმდნენ გადაზიდვებზე ზედამხედველობას.

კიევმა და მოსკოვმა 22 ივლისს გააფორმეს შეთანხმებები თურქეთსა და გაეროსთან უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლებაზე.

წაიკითხე მეტი.

სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა, დემონსტრანტებმა გადაკეტეს გადასასვლელები

ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა გზები გადაკეტეს სერბეთთან ორ მთავარ სასაზღვრო გადასასვლელთან, იმ ფონზე, როცა რეგიონში ვითარება დაიძაბა, სერბეთის სანომრე ნიშნებთან და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული, კოსოვოს მთავრობის მიერ შემოღებული ორი წესის გამო.

კოსოვოს მთავრობამ განაცხადა, რომ სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს და რომელიც სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.

ეს წესი შეესაბამება ბელგრადში დიდი ხნის განმავლობაში მოქმედ პრაქტიკას, რომელიც ეხება სერბეთში ჩასულ კოსოვოს მოქალაქეებს.

ამასთან, დღეიდან ძალაში შედის წესი, რომელიც სანომრე ნიშნებს ეხება. ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 ომის შემდეგ სერბეთის ინსტიტუციების მიერ იყო გაცემული, და კოსოვოს ქალაქების სახელებს აღრიცხავდა შემოკლებებით - მაგალითად, KM (კოსოვსკა მიტროვიცა), PR (პრიშტინა), ან UR (უროშევაცი).

წაიკითხე მეტი.

„უყურებ და ეგრევე ხვდები - კი, ეს ნაღდად პუტინია“ - ლეგენდარული „შარლი ებდოს“ რედაქტორი პუტინის კარიკატურებზე, ომსა და სატირაზე

„დიქტატორის გაშარჟება ადვილია, თუმცა სახიფათოც. მაგრამ მივეჩვიეთ მუქარებს“, - ეუბნება სკანდალურად თამამი კარიკატურებით ცნობილი ფრანგული სატირული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ მთავარი რედაქტორი რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძე ჟერარ ბიარს ომის დროს სატირის მნიშვნელობასა და ტაბუებზე ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: მოდი, დავიწყოთ თქვენი და ჟურნალ „შარლი ებდოს“ პოზიციით - უკრაინის ომზე და მის მთავარ შემოქმედზე - ვლადიმირ პუტინზე.

ჟერარ ბიარი: რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. მთავარი შიში, რაც ევროპაში ამ ომს ახლავს, არის ის, რომ იგი მესამე მსოფლიო ომად გადაიზრდება. მე ვფიქრობ, რომ დავაგვიანეთ, მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო - ესაა ომი იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც დემოკრატიული ღირებულებები და დემოკრატიული სისტემა აქვთ, მეორე მხარეს კი დგანან ქვეყნები, რომელთათვისაც ეს ყველაფერი უცხოა. ეს მარტო რუსეთს არ ეხება - აქვეა ჩინეთი, ირანი და ზოგიერთები ევროპაშიც, მაგალითად, თურქეთი. ქვეყნები, რომელთაც დემოკრატიის კულტურა არ გააჩნიათ. ესაა მთავარი პრობლემა რუსეთთან მიმართებით და იგივე ითქმის ჩინეთზეც - მათ არ აქვთ დემოკრატიის კულტურა, ტრადიცია, საფუძველი, რაზეც დემოკრატია შეიძლება აშენდეს. ომი ადვილია დიქტატორებისთვის. დემოკრატიები სხვანაირად მუშაობენ. რატომ არ გამოუვიდა ტრამპს თავისი ე.წ. სახელმწიფო გადატრიალება? ძალიან სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმიტომ, რომ ამერიკაში არსებობს დემოკრატიის პოლიტიკური კულტურა, არსებობს ინსტიტუციები, რომელთა დაცვაც ღირს. რუსეთში ასეთი არაფერია. რუსეთი არასოდეს ყოფილა დემოკრატია. რანაირად „გაყიდი“ დემოკრატიას იქ, სადაც მისი მუშტარი არ მოიძებნება?

წაიკითხე ინტერვიუ სრულად.

უნებართვოდ დაწყებული მშენებლობა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე და კომპანია, რომელიც მშენებლობაზეა პასუხისმგებელი.

ამბავი ღვინის კომპანია "ბადაგონთან" ფორმალურად და არაფორმალურად დაკავშირებულ პირებზე.

ღვინის კომპანია “ბადაგონის” გარშემო დაწყებული დავა. ვინ არის ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა და როგორ აღმოჩნდა კომპანია გიორგი სალაყაიას ხელში.

რატომ შეწყდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში "ბადაგონის" სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. ეკლესიისა და ხელისუფლების გავლენები, ვინ რა როლი ითამაშა ამ დავაში.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG