Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დაშორება დასავლეთისგან: რატომ ვერ დგამს ხელისუფლება "იანუკოვიჩის ნაბიჯს?"


გია ნოდია
გია ნოდია

ის, რაც ახლა ქართულ პოლიტიკაში ხდება, არ არის ერთი ჩვეულებრივი ზიგზაგი ქრონიკულად არამდგრად პოლიტიკურ გარემოში. ეჭვის ქვეშ დგება ის, რაც აქამდე ჩვენი არა მარტო პოლიტიკის, არამედ საზოგადოებრივი იდენტობის ქვაკუთხედად მიგვაჩნდა: „დასავლური ორიენტაცია“, ანუ წარმოდგენა, რომ ცივილიზაციურად ევროპის ნაწილი ვართ და, ამავე დროს, საქართველოს უსაფრთხოება და წარმატება ევროპის (უფრო ფართოდ - დასავლეთის) მხარდაჭერაზე და მის ნაწილად აღიარებაზეა დამოკიდებული.

დასავლეთისგან გაუცხოების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მიმართულება ცხადია, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რამდენად შორს წავალთ. ფორმალურად, ხელისუფლება მაინც ინარჩუნებს პროდასავლურ კურსს. მაგალითად, მიესალმება იმას, რომ ევროკავშირმა წევრობის ზოგადი პერსპექტივა გაუხსნა და აცხადებს, რომ აპირებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას, რათა უკრაინას და მოლდოვას „დაეწიოს“ და კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. მაგრამ მმართველი პარტიის ლიდერების სულ უფრო აგრესიული ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე ევროინტეგრაციის კურსის თუნდაც ზედაპირული შენარჩუნება პოლიტიკური შიზოფრენიის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ დასავლეთის მიზანია, რუსეთთან ომში ჩაგვითრიოს, გვიგზავნის ელჩებს, ვინც ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს და ბოლოს, ყველაზე წმიდას, ბიძინა ივანიშვილის პიროვნებას და ქონებასაც კი შეეხო, საერთოდ რა გვინდა ასეთ დასავლეთთან?

შეიძლება, ამ პირობებში ის უფრო უნდა გვიკვირდეს, რატომ არ დგამს ხელისუფლება ბოლო ნაბიჯს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა 2013 წლის ნოემბერში გადადგა - რატომ არ აცხადებს, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრობა უპერსპექტივო სტრატეგიაა და მასზე უარი უნდა ითქვას რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების სანაცვლოდ? ეს მის პოლიტიკასაც და რიტორიკასაც გაცილებით უფრო თანმიმდევრულს გახდიდა.

ის, რომ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, მნიშვნელოვანია. იმედია, ეს არც მოხდება, თუმცა დარწმუნებულნი ვერ ვიქნებით. მაგრამ ის, რაც უკვე შეიცვალა, საშუალებას აღარ გვიტოვებს, ვთქვათ, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანას, ევროპული ორიენტაცია გვაქვს (თუნდაც ისე, როგორც ამას, დავუშვათ, სამი წლის წინ ვიტყოდით). აღმოვჩნდით ახალ სიტუაციაში, რომელშიც უნდა გავერკვეთ.

რას ნიშნავდა ჩვენი ევროპული ორიენტაცია?

ჩვენს ევროპულობას თუ პროევროპულობას ყოველთვის პარადოქსული ელემენტი ახლდა. გარეგნული ნიშნებით (სოციალური მეცნიერები „გაზომვად ინდიკატორებს“ რომ ეძახიან), ეს ჰეგემონური, თითქმის უალტერნატივო ხედვა იყო. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ავლენდა ძალიან მაღალ მხარდაჭერას ევროპული და ევროტლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რაც საოცნებო იყო, ვთქვათ, პროდასავლელი უკრაინელებისა და მოლდოველებისთვის. ყველა ასე თუ ისე სერიოზული პოლიტიკური ძალა თავს მოვალედ თვლიდა, გამოეთქვა უპირობო ერთგულება დასავლური ორიენტაციის მიმართ. პარტიები, რომლებიც ამას არ აკეთებდნენ, მარგინალებად რჩებოდნენ: „პატრიოტთა ალიანსის“ 2016 წელს გაჭირვებით აღებული ხუთი პროცენტი მათ უმაღლეს მიღწევად რჩება. უკრაინას და მოლდოვას გაცილებით უფრო წარმატებული ღიად პრორუსული პარტიები ჰყავდა.

ეს ვითარება შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და მას შემდეგ დროის და ხელისუფლებების ცვლილებას უძლებდა. თერგდალეულების და „პირველი რესპუბლიკის“ მემკვიდრეობის სახით (უფრო შორს ნუღარ წავალთ) მას საკმაოდ ღრმა ისტორიული ფესვები ჰქონდა. მეტი რა გინდა?

მიუხედავად ამისა, ამ განწყობის სიმყარეს ბევრი აყენებდა ეჭვის ქვეშ. მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ ისინი, ვინც დასავლეთს ეჭვის თვალით უყურებდა, არამედ ადამიანებიც, ვინც ევროპული ორიენტაციის პატრონად და აქტიურ დამცველად მიიჩნევდა თავს.

ეს ხალხი ეჭვის ქვეშ არ აყენებდა ხსენებული გამოკითხვების ტექნიკურ შედეგებს, მაგრამ ფიქრობდა, რომ მათში გამოვლენილი მხარდაჭერა ზედაპირული და არამყარია. მას თან არ ახლავს ევროპული ნორმების, ღირებულებების, ცხოვრების წესის ცოდნა და გაზიარება. მეორე მხრივ, მთავრობები და, ხშირად, ოპოზიციებიც, რომლებიც „ევროპული არჩევანის“ ერთგულებას იფიცებოდნენ, თავად საკმაოდ არაევროპულად იქცეოდნენ, განსაკუთრებით ოპონენტების მიმართ. ყველა დემოკრატობას იბრალებდა, მაგრამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში (სამოქალაქო ომის ბნელი ხანა რომც გამოვრიცხოთ) ქვეყანა ვერ გაცდა ე.წ. ჰიბრიდული ანუ ნაწილობრივ ავტორიტარული რეჟიმის ნიშნულს. როცა სოციოლოგები რესპონდენტებს ეკითხებოდნენ არა იმას, გვინდა თუ არა ევროკავშირში, არამედ ვართ თუ არა ევროპელები და ამას გაცილებით უფრო იშვიათად აკეთებდნენ, პასუხების განაწილება დაბნეულობას ასახავდა. აჩვენებდა, რომ ამაზე შეჯერებული არ ვართ. ეს სერიოზული პრობლემაა - ლოგიკურად, ევროკავშირის წევრობის მსურველი ევროპელი უნდა იყოს.

თუ ეს ეჭვები საფუძვლიანია, რაღა ღირებულება ჰქონდა ამ „დასავლურ ორიენტაციას“? იქნებ ჩვენი „ევროპელობა“ ელიტის მიერ შეთხზული ფანტომია, რომელიც მან გულუბრყვილო მასებს თავს მოახვია და რომელიც, ისევ ელიტის დონეზე ცვლილებების შედეგად, ადვილად შეიძლება განქარდეს?

დარწმუნებული ვარ, ზოგ მემარცხენე-მემარჯვენე ინტელექტუალს ამ ბოლო წინადადების გაგონება ესიამოვნება (განსაკუთრებით ჩემგან). მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. ჩვეულებრივი ამბავია, იდენტობები, მათ შორის რელიგიური და ეროვნული, ჯერ ელიტების დონეზე ყალიბდებოდეს და შემდეგ ვრცელდებოდეს საზოგადოების უფრო ფართო ფენებში. მაგალითად, ის, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, თავის დროზე ელიტებმა გადაწყვიტეს და შემდეგ თავისი არჩევანი ხალხს თავს მოახვიეს. ამას ხელი არ შეუძლია იმისთვის, რომ ქრისტიანობა (მოგვიანებით, მისი მართლმადიდებლური ვარიანტი) ქართული იდენტობის ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტი გამხდარიყო.

მეორე მხრივ, ის, თუ რას ნიშნავს „ევროპელობა“ და რამდენად ვართ მისი მატარებლები, მხოლოდ ჩვენთვის არ არის ბუნდოვანი. ამგვარი გაურკვევლობა ეხება ქვეყნებსაც, ვისი ევროპელობაც ჩვენში ეჭვს არ იწვევს - თუმცა ბრიტანეთში, გერმანიასა თუ რუმინეთში ის სხვადასხვაგვარად ვლინდება. ბუნდოვანი ევროპელობის ჩვენი მსგავსი ვერსიები დამახასიათებელია სამხრეთი და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებისთვის: ისინი თან განსხვავებულად გრძნობენ თავს ე.წ. ბირთვი ევროპისგან (რაც კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს მოიცავს), თუმცა, თავისგან კიდევ უფრო სამხრეთით და აღმოსავლეთით მყოფ რეგიონებს რომ შეხედავენ, „შინ, ევროპისკენ“ უნდებათ წასვლა. ჩვენ, ცხადია, უფრო ჩრდილოეთისკენ გახედვა გვზარავს.

ევროპელობის გამოცდა

ის, რასაც ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული მთავრობა დღეს აკეთებს, საქართველოს ევროპული იდენტობის პირველი სერიოზული გამოცდაა. ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ ჩავაბარებთ მას და ფუნდამენტურ გაურკვევლობაში ვართ. მაგრამ, ადრე თუ გვიან, ასეთი გამოცდა უნდა გაგვევლო.

მკაცრად რომ ვთქვათ, ამის პრეცედენტი დაახლოებით 1993-95 წლებში გვქონდა. მაშინ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლამ და სხვა ნაბიჯებმა (მაგალითად, რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებამ) შექმნა მოლოდინი, რომ რუსეთის სატელიტი ქვეყანა ვხდებოდით. მაშინაც, როგორც ახლა, ამას იმით ამართლებდნენ, რომ რუსეთთან ჭიდაობა მაინც არ გამოგვივა, დასავლეთი მაინც ვერ გვიშველის, ხოლო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა მოსკოვთან მეგობრობაზე გადის.

ეს მოლოდინი მაშინ არ გამართლდა: შევარდნაძის ხელისუფლება ნელა და ღრჭიალით, მაგრამ დასავლეთისკენ შეტრიალდა. რატომ? ამის ძირითადი მიზეზი ორი იყო: მალევე გამოჩნდა, რომ რუსეთისგან რაიმე ხელშესახებ სიკეთეს ვერ მივიღებდით; მეორე მხრივ, საზოგადოების, განსაკუთრებით მისი აქტიური ნაწილის უმრავლესობას, დასავლური ალტერნატივა უფრო იზიდავდა. ლიდერის ფაქტორმაც თავისი როლი ითამაშა: შევარდნაძემ, მიუხედავად საბჭოურ-კომუნისტური ბოგრაფიისა, თავისი ლეგიტიმურობა დიდწილად დასავლეთთან კავშირზე დაამყარა და პროდასავლულ ფიგურებს გაუხსნა გზა.

დღეს სრულიად სხვა ვითარებაში ვართ. ადრე საქართველოს პრეტენზია იმაზე, რომ ევროპის ნაწილია, უფრო რომანტიკული ოცნების სფეროში რჩებოდა. დასავლეთი აბსტრაქტული იდეა იყო, რის შესახებაც წიგნებიდან და კინოებიდან ვიცოდით. დასავლური გამოცდილების მქონე ადამიანს იშვიათად შეხვდებოდით. დღეს კი ევროპასა და ამერიკასთან სოციალური კავშირების გაცილებით უფრო ხშირი ქსელი გვაკავშირებს. საზოგადოების საკმაოდ დიდი და გავლენიანი ნაწილი თავისი ბიოგრაფიით, საქმიანობით, ცხოვრების წესით და ღირებულებებით დასავლეთთანაა დაკავშირებული. რასაც არ უნდა ამბობდნენ სკეპტიკოსები, ჩვენი საზოგადოება გაცილებით უფრო ევროპული გახდა.

შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულებაც. 1990-იანებში ევროპაში თითქმის არავინ იცოდა, რომ საქართველო მის ნაწილად თვლიდა თავს, ხოლო ვინც ამას გაიგებდა, სერიოზულად არ აღიქვამდა. დასავლეთის დაინტერესებას პირველ რიგში ნავთობსადენის მარშრუტად თავის შეთავაზებით ვცდილობდით. დღეს საქართველოს დასავლური ორიენტაცია საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც მყარი მოცემულობა. ის გამაგრებულია კონსტიტუციური ჩანაწერით, ევროკავშირის ასოციარებული წევრობით, ნატოს ასპირანტის სტატუსით, ახლა კი, უკვე ფორმალურად დადასტურებილი ევროპული პერსპექტივით. მეორე მხრივ, დასავლეთმა დაიჯერა, რომ რუსეთი სახიფათო მოწინააღმდეგეა და არა მხოლოდ განსაკუთრებით ჭირვეული პარტნიორი, რამაც საქართველოს, როგორც მოკავშირის, ღირებულება გაზარდა. დასავლეთში გვყავს მეგობრების და გულშემატკივრების არც ისე დიდი, მაგრამ მეტ-ნაკლებად გავლენიანი ქსელი („ოცნება“ ცდილობს, ისინი მტრებად აქციოს, მაგრამ ჯერ ვერ გამოსდის).

ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია; მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჩვენი დასავლური ორიენტაცია შეუქცევადი გახდა. ქვეყნის სათავეშია ადამიანი, რომელიც თავისი ბიოგრაფიით (შეიძლება, მეტითაც) რუსეთზეა მიბმული და დასავლეთისა ცოტა რამ გაეგება; არავინ იცის ზუსტად, და არც ის ვიცით, თავად თუ იცის, საბოლოოდ რა თამაშს თამაშობს?

რუსეთი გაცილებით უფრო აგრესიული გახდა და მისი შიში რეალური პოლიტიკური ფაქტორია. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უკრაინის ომის შედეგზე და იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ის რუსეთის და დასავლეთის სამომავლო პოლიტიკაზე. მოკლედ, მეტისმეტად ბევრი უცნობია. ცხადია მხოლოდ ის, რომ დღეს არჩევანი გაცილებით უფრო დრამატულია, ვიდრე 1990-იანების შუახანებში.

მთავარი დასკვნა კი ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის საბოლოო მოწყვეტა დასავლეთისგან (რაც, ცხადია, მისი რუსეთის ორბიტაში მოქცევას ნიშნავს) უფრო ძნელია, ვიდრე მეოთხედი საუკუნის წინ: დღეს საქართველო უკვე სხვა ქვეყანაა და საერთაშორისო გარემოც შეცვლილია. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება კვლავ ვერ ბედავს „იანუკოვიჩის ნაბიჯის“ გადადგმას.

ხალხმრავალი მიტინგები ვერ აღწევს იმ შედეგს, რისი იმედიც ბევრს შეიძლება ჰქონოდა: ხელისუფლება არც მიდის და არც პოლიტიკას ცვლის. მაგრამ ევროპული არჩევანის სახალხო მხარდაჭერის დემონსტრირებას მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი ალბათობით, ეს არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ამუხრუჭებს - თუმცა ბოლომდე ვერ აჩერებს - ხელისუფლების დრეიფს დასავლეთიდან რუსეთისკენ. ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ჯერჯერობით ესაა, რასაც ვახერხებთ.

XS
SM
MD
LG