Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ფიქრობს შვილი, რომ დედამისი ფსიქიატრიულში ძალადობის მსხვერპლი გახდა?


სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გადაყვანილი 42 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა. მენინგიტის დიაგნოზით ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალის შვილი ეჭვობს, რომ სენაკის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დედამისი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო. ამ ეჭვს მას უჩენს ქალის სხეულზე არსებული ჭრილობა და მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ის დედას სენაკის ჯანმრთელობის ცენტრში მონახულებისას ხედავდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პაციენტის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, სენაკის ჯანმრთელობის ცენტრში სამართალდაცავებმა მოკვლევა ჩაატარეს, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვერ მივიღეთ კითხვაზე პასუხი, დაიწყო თუ არა უწყებამ გამოძიება.

რას ყვება შვილი?

აკო ქიქავამ 42 წლის დედა სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 16 ივნისს დააწვინა. ქალი წლებია ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზით პერიოდულად, 3-4 წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადის მკურნალობის კურსს, რის შემდეგაც ის სახლში ბრუნდება და როგორც მისი შვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ცხოვრების ჩვეულ რიტმში აგრძელებს - „ცხოვრობს აქტიური ცხოვრებით, უვლის ოჯახს, დადის ბაზარში“...

სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

აკოს დედა სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დააწვინეს. როგორც აკო უყვება რადიო თავისუფლებას, ეჭვები იმის შესახებ, რომ დედამისს შესაძლოა კლინიკაში არასათანადოდ ეპყრობოდნენ, მალევე გაუჩნდა. პირველი მონახულებისას დედა მასთან ფეხშიშველი გაიყვანეს. ერთ-ერთი მისვლისას კი აკოს დას დედა თმა შეჭრილი დახვდა:

„დედა რომ დააწვინეს, ორ დღეში მივედი მის სანახავად. ჩამომიყვანეს ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. ფეხშიშველი იყო. არც ჩუსტი ეცვა, არც წინდები. არადა, რომ დავაწვინე, ყველა საჭირო ნივთი გავატანე, ჰიგიენური საშუალებებით დაწყებული, ტანსაცმლით დამთავრებული. ერთ-ერთი მომდევნო მისვლისას კი აკოს დას დედა თმა შეჭრილი დახვდა. დედაჩემი კლინიკაში გრძელი თმით შევიყვანეთ. მაშინვე დავურეკე კლინიკურ დირექტორს, ცხადია, მაინტერესებდა, რატომ და ვინ შეჭრა დედას თმა. ის კი უდიერად მესაუბრა, მითხრა, თუ რამე არ მოგვწონდა, სხვაგან გადაგვეყვანა და ტელეფონი გამითიშა. თუ სხვა პაციენტმა შეჭრა დედაჩემს თმა, განა შეიძლება, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ასე ხელმისაწვდომ ადგილას იდოს მაკრატელი?“

აკო ყვება, რომ კლინიკაში დედამისი, სავარაუდოდ, ძლიერმოქმედი მედიკამენტების საშუალებით ჰყავდათ გათიშული. მისივე ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ ქალის სხეულზე გაჩენილი სილურჯეები და ჭრილობა დაბმისა და არასათანადო მოპყრობის კვალი იყოს:

„მის სანახავად სამ დღეში ერთხელ დავდიოდი. ყველა მისვლაზე მეუბნებოდნენ, რომ სძინავს, მალოდინებდნენ საათობით. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ დედაჩემს უკეთებდნენ საძილე მძიმე მედიკამენტებს და ეს ლოდინი მჭირდებოდა იმისთვის, რომ გაეღვიძებინათ, აზრზე მოეყვანათ და ჩემთვის ეჩვენებინათ. დედა ისეთ მდგომარეობაში მხვდებოდა, რომ ლაპარაკიც კი უჭირდა. დედას ხელებზე ჩალურჯებები მალევე შევატყვე. სხეულის სხვა ნაწილებზეც ჰქონდა სილურჯეები. მეუბნებოდნენ, რომ დაეცა და ამიტომ აქვს ჩალურჯებებიო. რაც შეეხება ხელებზე არსებულ სილურჯეებს, მეუბნებოდნენ, რომ ინექციის გაკეთების დროს არ გვემორჩილება და ხელების მოჭერის კვალი ეტყობაო. თავიდან ეს დავიჯერე, რადგან დედას სათუთი კანი აქვს, ადვილად უჩნდება სილურჯეები და ვიფიქრე, რომ შესაძლოა, მართლაც ასე იყო. არ ვიცი, მქონდა იმედი, რომ დედას ცუდად არ მოექცეოდნენ. დედას სანახავად რომ მივდიოდი ხოლმე, თუ ლაპარაკის თავი ჰქონდა, მთხოვდა, რომ იქიდან წამოგვეყვანა. დედა აქამდეც წოლილა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში და სულ ითხოვდა ხოლმე წაყვანას. ჩავთვალე, რომ ახლაც ამ მიზეზით ითხოვდა, მაგრამ უკვე მაქვს ეჭვი, რომ მხოლოდ იმიტომ არ მთხოვდა წაყვანას, რომ იქ ყოფნა არ უნდოდა“.

სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

14 ივლისს აკოს და კლინიკაში დედის სანახავად აღარ შეუშვეს. 18 ივლისს კლინიკაში აკო და დეიდამისი მივიდნენ. გარკვეული პერიოდის ლოდინის შემდეგ, აკოსთან სასაუბროდ კლინიკის დირექტორი გამოვიდა:

„მითხრა, იცით, ახლა უნდა დამერეკა თქვენთან, დედათქვენი არ არის კარგად, ტემპერატურა აქვს მაღალი და ვფიქრობ, თერჯოლის მულტიფუნქციურ კლინიკაშია გადასაყვანიო. ანუ, მას სურდა, რომ დედა ისევ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაგვეყვანა. დედაჩემთან შემიშვეს. პალატასაც ვერ დავარქმევდი იმას, სადაც დედა იწვა, გაუბედურებულ ოთახში. იწვა უმოძრაოდ, პარალიზებული. მიყურებდა თვალებში, მაყოლებდა თვალს და მგონია, რომ მიცნო. თუმცა, არ შეეძლო მოძრაობა, ლაპარაკი. კლინიკას დედაჩემის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ჩემთვის არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. სავარაუდოდ, დედას მდგომარეობა რამდენიმე დღით ადრე გართულდა. ფორმა ასში ჩაწერეს, რომ დედას მაღალი ტემპერატურა 18 ივლისს მისცა. არადა, მგონია, რომ 14 ივლისს, როცა ჩემს დას აღარ აჩვენეს დედა, სავარაუდოდ, ამ პერიოდიდანაა უკვე ცუდად“.

42 წლის პაციენტი კლინიკა "ბომონდში" გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე
42 წლის პაციენტი კლინიკა "ბომონდში" გადაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე

როგორც აკო ქიქავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გადაყვანის შემდეგ, დედის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანების გამო, კლინიკის ადმინისტრაციამ მოკვლევის დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს:

„რაკი ექიმმა დედაჩემი სხეულზე დაზიანებები აღმოაჩინა, კლინიკამ თავად მიმართა პოლიციას. მე უკვე გუშინ, 20 ივლისს შევიტანე განცხადება, რომ ჩემთვის მოეწოდებინათ ოფიციალური ინფორმაცია, დაიწყო თუ არა გამოძიება. დედაჩემს ესაჭიროება ექსპერტიზა, რათა დაზიანების კვალი არ გადაუვიდეს და ასევე დადგინდეს, ხომ არ არის დედაჩემი ასეთ პარალიზებულ მდგომარეობაში მედიკამენტების ზედოზირების გამო. ჩემი ინფორმაციით, სენაკის კლინიკაში სამართალდამცავები უკვე იყვნენ მისულები და ჩაატარეს ზედაპირული მოკვლევა. როგორც ვიცი, კლინიკაში მათ უთხრეს, რომ დედაჩემმა თავად მიიყენა თვითდაზიანებები. უთხრეს, რომ პაციენტი მიდრეკილი იყო თვითდაზიანებებისკენ. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ დედაჩემს არასდროს მიუყენებია საკუთარი თავისთვის დაზიანებები. ასეც რომ ყოფილიყო, თუკი დედაჩემი დაზიანებებს აყენებდა საკუთარ თავს, სად იყო მაშინ მედპერსონალი, რატომ არ პატრონობდნენ?“

რას პასუხობს პაციენტის შვილის ბრალდებებს კლინიკის დირექტორი

ია გელოვანი, სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი, გამორიცხავს კლინიკაში მედპერსონალის მიერ პაციენტის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, პაციენტი თვითდაზიანებებისკენ იყო მიდრეკილი, რის გამოც მას სხეულზე ე.წ.დაზიანებები აღენიშნებოდა. მისივე მტკიცებით, პაციენტის ამ მიდრეკილებისა და მის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ ოჯახის წევრებსაც და მათ კლინიკის მიმართ პრეტენზიები არც ერთ ეტაპზე არ გამოუთქვამთ:

ია გელოვანი
ია გელოვანი

„ეს ფსიქიატრიული კლინიკაა და არიან პაციენტები, რომლებიც მიდრეკილნი არიან თვითდაზიანებისკენ, აღენიშნებათ ნგრევითი ტენდენციები. ეს მწვავე ფსიქოზისთვის დამახასიათებელი მდგომარეობაა. სწორედ ამის გამო თავსდება პაციენტი ფსიქიატრიულ კლინიკაში. კონკრეტული პაციენტიც ამის გამო მოთავსდა კლინიკაში. შემოსვლისას ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა, მაგრამ პაციენტი მიდრეკილი იყო ნგრევითი ტენდენციისკენ, ავეჯის დაზიანებისკენ, კედლებზე კიდურების მირტყმისკენ. ჩვენთან ყოფნის დროს მას აღენიშნებოდა ფეხზე ნაფხაჭნი, რომლის შესახებაც მისი შვილები ინფორმირებულები იყვნენ. ნაფხაჭნი მიიყენა თვითონ, კიბეზე ასვლისას. ამის შესახებ პაციენტის ორივე შვილმა, პაციენტის დამ, იცოდნენ. ეს დაზიანება არ შეიძლება ყოფილიყო პაციენტის ჯანმრთელობის დამძიმების მიზეზი. სანამ კატასტროფის ბრიგადა მოვიდოდა, რათა პაციენტი ქუთაისში გადაეყვანათ, ოჯახის წევრებს ჰქონდათ პაციენტთან ურთიერთობის საშუალება. მათ ნახეს ყველა ე.წ. დაზიანება, რაც მას ჰქონდა და რასაც ისინი დაზიანებას უწოდებენ. თუკი მათ ეს ნაკაწრი ჩათვალეს დაზიანებად, 112-ზე ზარის განხორციელება ხომ აქვე შეეძლოთ? მათ არანაირი პრეტენზია ჩვენს კლინიკაში არ გამოუთქვამთ. მთელი ეს კამპანია ძალიან მძიმეა ჩვენი პერსონალისთვის, რომლებიც მიზერულ თანხაზე ჯოჯოხეთურ შრომას ეწევიან. განსაკუთრებით ამ პაციენტის მიმართ, თვისა და 2 დღის განმავლობაში, მთელ პერსონალს ჰქონდა ძალიან დიდი შრომა გაწეული და ამას მისი ოჯახის წევრებიც ხედავდნენ“.

სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

როგორც ია გელოვანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, კლინიკაში უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები და ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა:

„გამოვიკითხეთ. მივაწოდეთ დოკუმენტაცია. ჩვენ ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან. ჩატარდეს ყველანაირი ექსპერტიზა, მოკვლევა. არანაირ პრობლემას არ ვხედავ, რადგან ჩვენი მხრიდან არავითარ უდიერ მოპყრობას პაციენტების მიმართ არც ამჟამად და არ წარსულში, ადგილი არ ჰქონია და ამას არც შეიძლება ჰქონდეს ადგილი“.

სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი

აკო ქიქავამ სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოკვლევის დაწყების თხოვნით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და სახალხო დამცველსაც. როგორც სახალხო დამცველის ოფისში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ისინი საქმის შესწავლას დაიწყებენ.

რას წერს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პრობლემები და იქ განთავსებული პაციენტების უფლებრივი მდგომარეობა, ყოველ წელს ხვდება სახალხო დამცველის ანგარიშებში. 2021 წლის ანგარიშში, სახალხო დამცველი კვლავ მიუთითებდა პაციენტების მიმართ ძალადობრივ შემთხვევებზე როგორც ფსიქიატრიული დაწესებულებების თანამშრომელთა მხრიდან, მათ შორის, პაციენტების მიმართ ფიზიკურ ძალადობას და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ისე თავად პაციენტთა შორის კონფლიქტებსა და ძალადობის ფაქტებზე.

ამავე ანგარიშის თანახმად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს პაციენტების მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების გამოყენების ხშირი და მანკიერი პრაქტიკა. ხოლო არასათანადო მოპყრობას უტოლდება ის საცხოვრებელი პირობები, რომლებშიც პაციენტებს უწევთ ცხოვრება და უტარდებათ მკურნალობა. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ფსიქიატრიული დაწესებულებები, ქვეყანაში მოქმედ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მინიმალურ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ:

„ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისგან. პაციენტები აღნიშნავდნენ, რომ ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალი მათ უყვირის, აგრესიულად ესაუბრება და ფიზიკური შეზღუდვით ან იზოლაციით ემუქრება. პაციენტები ასევე საუბრობდნენ ცემაზე, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, მედიკამენტების დაფხვნილი სახით ძალით პირში ჩაყრაზე და ინექციების იძულებით გაკეთების პრაქტიკაზე. გასული წლების მსგავსად, აღგზნებული ან აგრესიული პაციენტის ქცევის სამართავად აქტიურად გამოიყენება პაციენტის მექანიკური შეზღუდვა და სწრაფი ტრანკვილიზაცია, რომელიც თავისი არსით ქიმიურ შეზღუდვას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ მექანიკურ ან/და მანუალურ შეზღუდვასთან კომბინირებულად გამოიყენება პაციენტის ქიმიური შეზღუდვა. სახალხო დამცველის შეფასებით, შეზღუდვის მეთოდების ზემოაღნიშნული პრაქტიკა იმით აიხსნება, რომ დაწესებულებებს არ აქვთ კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და არაძალისმიერი მეთოდებით მართვის პოლიტიკა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უნდა აღმოფხვრას შეზღუდვის მეთოდების გამოყენების პრაქტიკა“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშში.

2020 წლის ანგარიშში კი სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ მაგალითად, „სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში სპეციალური პრევენციული ჯგუფი უშუალოდ შეესწრო პაციენტისათვის იძულებითი ინექციის გაკეთების ფაქტს“.

XS
SM
MD
LG