რუსეთმა განაახლა ბუნებრივი გაზის მიწოდება მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“, რომელიც ბალტიის ზღვის გავლით გერმანიას უკავშირდება. რუსეთმა ამ მარშრუტით გაზის ტრანსპორტირება 11 ივლისს, ათი დღით შეაჩერა და მიზეზად დაასახელა „ყოველწლიური გეგმური ტექნიკური მომსახურება".
გაზსადენის ოპერატორი კომპანიის, „გაზპრომის“ შვილობილი Nord Stream AG-ს ინფორმაციით, მილსადენი ისევ 40%-იანი დატვირთვით იმუშავებს. დანარჩენ 60%-ს ევროპა რუსეთისგან ვეღარ იღებს ივნისის შუა რიცხვებიდან. ეს, რუსული მხარის მტკიცებით, იმის შედეგია, რომ სანქციების გამო კანადამ არ დააბრუნა „სიმენს“-ის ტურბინები, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. გერმანიასთან მოლაპარაკების შედეგად, 17 ივლისს, კანადამ ტურბინები გერმანიაში გაგზავნა, თუმცა, „გაზპრომი“ აცხადებს, რომ შესაბამისი დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღია.
19 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 26 ივლისისთვის „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის ტრანსპორტირება შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს, რადგან შესაკეთებელია სხვა ტურბინაც. პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის გაზის მიწოდება დაიწყოს ახალი მილსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ით. რუსეთის მიერ ბალტიის ზღვის გავლით, ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად აშენებული მეორე მილსადენის სერტიფიცირების პროცესი გერმანიამ შეაჩერა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 21 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა".
20 ივლისს, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, დაიწყონ გაზის მოხმარების 15%-ით შემცირება. ევროკომისიის განცხადებით, არსებობს რუსეთიდან გაზის მიწოდების შემდგომი შემცირების რისკი, რადგან კრემლი ბუნებრივ გაზს იარაღად იყენებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა დაიწყეს მუშაობა რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია. რუსული ნავთობის იმპორტისგან განსხვავებით, ევროკავშირის სანქციები არ შეხებია ბუნებრივ გაზს. ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ რუსულ გაზს სანქციები ვერ შეეხება, რადგან ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა სწრაფად ადაპტირებას ვერ ახერხებს.