Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ევროპის ენერგოპოლიტიკაზე: ზამთარი გრძელი აღმოჩნდა, ქარი არ იყო და მორჩა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თეირანში. 2022 წლის 19 ივლისი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თეირანში. 2022 წლის 19 ივლისი

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, რომ თუ დასავლეთი რუსული ნავთობის იმპორტს და მის ფასებს შეზღუდავს, იგივე მოხდება, რაც ბუნებრივი გაზის შემთხვევაში და „ნავთობის ფასები ცამდე აფრინდება“. თეირანში, ირანის და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც 19 ივლისს, ღამით დასრულდა, პუტინმა რუს ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსული ნავთობის შესახებ მსგავსი წინადადებები აქვთ „ადამიანებს უმაღლესი განათლებით“.

პუტინმა ირონიით ილაპარაკა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროპის ქვეყნების მიერ ენერგოპოლიტიკის შეცვლაზე, რაც მიზნად ისახავს რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებას. „ისინი დიდი სპეციალისტები არიან არატრადიცული ურთიერთობების სფეროში და ენერგეტიკის სფეროშიც გადაწყვიტეს ფსონი დადონ ენერგიის არატრადიციულ სახეობებზე - მზეზე და ქარის ენერგიაზე“, - განაცხადა პუტინმა და დაამატა „ზამთარი გრძელი აღმოჩნდა, ქარი არ იყო და მორჩა“.

უკრაინაში შეჭრის გამო, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, მოსკოვმა მოითხოვა, რომ ევროპის სახელმწიფოებმა რუსული გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ. ქვეყნებს, რომლებმაც ეს მოთხოვნა არ შეასრულეს, კომპანია "გაზპრომმა" ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

14 ივნისიდან, რუსეთმა 40%-მდე შეამცირა "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპაში გაზის ექსპორტი და მიზეზად ის დაასახელა, რომ კანადამ არ დააბრუნა ტურბინები, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. რუსული გაზის მიწოდების შემცირება ქმნის საფრთხეს, რომ ევროპის ქვეყნები ზამთრის მარაგით ვერ შეავსებენ საკუთარ საცავებს.

11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება შეაჩერა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“, რომელიც ბალტიის ზღვაზე გადის. გაზსადენის ოპერატორი, კომპანია „გაზპრომის“ შვილობილი Nord Stream AG მიზეზად ასახელებს „ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას“, რომელიც ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, 21 ივლისამდე გაგრძელდება და მიზნად ისახავს გაზსადენის „ეფექტურ, უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციას“.

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად აქტიურად მუშაობა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ დაიწყეს, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია. ამასთან, მაგალითად, ლიეტუვამ და ლატვიამ რუსულ გაზზე უკვე უარი თქვეს. რუსული ნავთობის იმპორტისგან განსხვავებით, ევროკავშირის სანქციები არ შეხებია ბუნებრივ გაზს. ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ რუსულ გაზს სანქციები ვერ შეეხება, რადგან ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა სწრაფად ადაპტირებას ვერ ახერხებს.

რუსეთმა ბალტიის ზღვის გავლით, ევროპისთვის გაზის მისაწოდებლად ააშენა ახალი გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 2". მას შემდეგ, რაც 2022 წლის 21 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა", გერმანიამ ამ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.

XS
SM
MD
LG