კელი დეგნანმა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის შესახებ შეკითხვას უპასუხა
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი კიდევ ერთხელ პასუხობს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც თქვა, რომ ელჩი სასამართლოს საქმეში ერეოდა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით.
კელი დეგნანმა სამეგრელოში ვიზიტად ყოფნისას მედიის კითხვას მორიგი განმარტებით უპასუხა და თქვა, რომ საელჩომ გვარამიას გადაწყვეტილების თაობაზე საჯარო წუხილი გამოთქვა, ის რაც გააკეთა არასამთავრობო სექტორმა და რაც გაისმა საერთაშორისო პარტნიორებისგანაც.
„ეს არ არის ის, რაც ჩვენ საიდუმლოდ გავაკეთეთ, ეს იყო საკმაოდ საჯარო, ნორმალური რაღაც. ეს არის სტანდარტული პრაქტიკა“, - თქვა ელჩმა. „აშშ-მა დახარჯა დიდი დრო, დიდი ხანია მუშაობს სასამართლო ხელისუფლებასთან, შესაძლებლობების განვითარებისთვის, ცდილობს, რომ გააძლიეროს პროფესიონალიზმი, სასამართლოს გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის კუთხით. ეს მოიცავს სხვადასხვა გაცვლით პროგრამას საქართველოს მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატებისთვის და ამერიკის ექსპერტებს შორის. კიდევ ერთხელ, ეს არის რუტინა, რომელიც სულ ხდება“.
ელჩის განცხადება სრულად წაიკითხე აქ.
გვარამიას თქმით, მოსამართლემ პროცესი, 4 ოქტომბერს, საპროცესო ვადის დარღვევით დანიშნა
სააპელაციო სასამართლოში სამშაბათს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ შემდეგი სხდომის თარიღად 4 ოქტომბერი, 14:00 საათი დაასახელა.
გვარამიას დაცვის მხარე ამბობს, რომ ეს ვადა 2-თვიან საპროცესო ვადაზე მეტი გამოდის, რაც დარღვევაა. მოსამართლემ გადაწყვეტილება აგვისტოს შვებულებით ახსნა.
- „სიმართლე გითხრათ, მოლოდინი გვქონდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში საქმის დასრულების, სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში [სხდომის დანიშვნა] ნიშნავს, რომ ამ ვადას ვარღვევთ“, - მოსამართლეს გამოეხმაურა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
მოსამართლის არგუმენტისა და გვარამიას პოზიციის შესახებ წაიკითხე აქ.
"ის ამ საქმეზეც დაიწყებს ლაპარაკს" - ვინ რას ელის და ვის რა ელის გოგაშვილის დაკავების შემდეგ
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანაში „ტერორისტებს მუსრი გაავლო“ და ახლა მას მოექცნენ „როგორც უკანასკნელ ტერორისტს“. იოსებ გოგაშვილმა მისი დაკავების „მთელი სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელ“ ფორმებზე ილაპარაკა 18 ივლისს, სასამართლოს სხდომაზე, სადაც წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.
პროკურატურა გოგაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, პირადი ინფორმაციის უკანონოდ შენახვა-მოპოვება-გავრცელებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას ედავება. პროკურატურის ბრალის წარდგენის დოკუმენტში არაფერია ნათქვამი მაჩალიკაშვილის, მამალაძისა და ხარშილაძის საქმეებზე.
- პანკისის ხეობის მკვიდრი, მალხაზ მაჩალიკაშვილი, იოსებ გოგაშვილს თავისი 18 წლის შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში, ოჯახის წევრების მიმართ სასტიკ მოპყრობასა და საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს.
- გოგაშვილისგან ძმის „წამებისთვის“ ითხოვს პასუხს დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე.
- •შვილის 120-დღიან უსაფუძვლო პატიმრობას იოსებ გოგაშვილის მხრიდან ანგარიშსწორებას უკავშირებს ჟურნალისტი ელისო კილაძე, გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი.
რადიო თავისუფლებამ გადახედა რამდენიმე თარიღს და იმ გახმაურებულ საქმეებს, რომელიც გოგაშვილის სახელს უკავშირდება და პროკურატურის ბრალში ნახსენები არაა. წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
დღეს აშშ-ის კონგრესს ოლენა ზელენსკა მიმართავს
აშშ-ში ჩავიდა უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა. ის ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის ჯილ ბაიდენის მიწვევით იმყოფება.
ოლენა ზელენსკა გუშინ უკვე შეხვდა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, რის შემდეგაც ფეისბუქზე დაწერა: „მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა იარსებებს ბევრად დიდხანს, ვიდრე პუტინი“ - უცვლელია“.
დღეს უკრაინის პირველი ლედი კონგრესს მიმართავს. გამოსვლაზე, რომელიც ვაშინგტონის დროით 11:00 საათზეა დანიშნული, წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის ყველა წევრია მიწვეული.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
პროკურატურის განმარტებით, ვატო წერეთლის საქმის გამოძიება აშშ-ის საელჩოდან ნოტის მიღების შემდეგ დაიწყო
გუშინ გენერალურ პროკურატურაში „TV პირველის" დირექტორი ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს - ვატო წერეთელი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
"მიმდინარე წლის 15 ივლისს, პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნოტა, რომელშიც მათი მხრიდან გამოხატულია მზაობა დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე, 30 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიმართულებით საელჩოსა და საელჩოს პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით, დიპლომატიური არხების გამოყენებით ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის უწყებებთან.
ხსენებული ნოტის მიღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც აქტიურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის ხარჯები არ ანაზღაურდება
ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის გამოვლენის შემთხვევაში კლინიკას სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ აუნაზღაურდება.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის თენგიზ გენძეხაძის თქმით, მონიტორინგის პროცესში შეფასდება ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა და შედეგი აისახება ანაზღაურებაზე.
„ის შემთხვევები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება“ - აცხადებს თენგიზ გენძეხაძე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თანახმად, „შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ომიკრონის ახლა გავრცელებულ შტამთან არის დაკავშირებული, არის მსუბუქი და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას“.
მამამ მითხრა აფხაზეთიდან ხარო - დევნილი მემკვიდრეობით
ბოლო 10 წელიწადში საქართველოში დევნილთა რიცხვი სულ მცირე 45 ათასით გაიზარდა. ეს კი იმის გამო, რომ კანონმდებლობით დევნილის სტატუსი მშობლიდან შვილზეც გადადის. გადადის მათი უფლებაც აფხაზეთსა და ცხინვალში დაბრუნებაზე.
ომის შემდეგ დაბადებული გალელები, სოხუმელები და გაგრელები ახლა ორმაგი იდენტობით ცხოვრობენ, სადაც ერთი აფხაზეთს უკავშირდება.
24 წლის ნიკა ფარულავასაც, როცა ეკითხებიან, საიდან არის, ყოველთვის უპასუხებს, რომ გაგრიდან. ის 1998 წელს თბილისში დაიბადა, მაგრამ ბავშვობიდანვე იცის, რომ აფხაზეთიდანაა.
"აფხაზეთზე ძირითადად მამა მიყვებოდა. ასევე, ვათვალიერებდი ფოტოებს და ვეცნობოდი წიგნებიდან. "ფაზლივით" ვაწყობდი რაღაცებს, რომ აღმედგინა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო იქაურობა. ინტერნეტის შემოსვლის შემდეგ უკვე ვიდეოების ყურება დავიწყე და ეს ფაზლი თითქოს სრულყოფილი გახდა, მაგრამ სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ შენ თვითონ ვერ შეიგრძნობ, რაც არის იქ რეალურად. უცხოსავით, ტურისტივით ხარ, რომელიც შორიდან უყურებს", - ჰყვება ნიკა.
წაიკითხე მეტი ლანა კოკაიას სტატიაში.
რა უნდა ქნა, როცა 7 წლის ხარ და დედა არა და არ ბრუნდება სახლში? რაში გჭირდება იარაღი, თუკი იცი, რომ არასდროს გაისვრი? და როგორ შეიძლება დაგეხმაროს კატა სიგარეტის გადაგდებაში? ვინ და რა გაახსენდა ტელეწამყვანს და მწერალს დათო გორგილაძეს, როდესაც მას ძველი ფოტოები ვანახეთ?