Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოსო გოგაშვილი პატიმრობაში დატოვეს - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 ივლისს


სოსო გოგაშვილს პატიმრობა შეეფარდა

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ მედიისთვის დახურულ სხდომაზე პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურორ მაია სილაგაძის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალები გრიფით საიდუმლო დოკუმენტებსა და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა.

პარალელურად სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო გოგაშვილის დაკავების ოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე.

როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, გამოძიება 17 ივლისს დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333- ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

გოგაშვილის საქმე - რა თქვეს მხარეებმა სასამართლოზე? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

პუტინი და ერდოანი დღეს ერთმანეთს ხვდებიან

დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. შეხვედრა თეირანში იმართება. წინასწარი ინფორმაციით, ერდოანი და პუტინი იმსჯელებენ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე.

პუტინი თეირანში ჩადის ერდოანსა და ირანის პრეზიდენტთან, ებრაჰიმ რაისისთან შესახვედრად, მისი ვიზიტი ნაწილია ე.წ. ასტანის ფორმატის მოლაპარაკებებისა სირიის საკითხებზე, - განაცხადა კრემლმა გასულ კვირაში.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა 18 ივლისს თქვა, რომ პუტინის ერდოანთან მოლაპარაკება ასევე მოიცავს გეგმას უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკის მოხსნის შესახებ.

წაიკითხე მეტი.

ურზულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი მიზანია გავაორმაგოთ ბუნებრივი გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში

ევროკავშირი აზერბაიჯანიდან ნავთობის იმპორტის გაორმაგებას აპირებს. ამის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მხარეები შეთანხმდნენ აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის გაზრდაზე 2027 წლამდე.

"ჩვენი მიზანია რამდენიმე წელიწადში გავაორმაგოთ გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან ევროკავშირში", - დაწერა ბაქოში მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერით. "აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მიწოდებების უსაფრთხოების და კლიმატური ნეიტრალობის [სფეროებში], - დასძენს ის.

ურზულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირი მიმართავს ენერგიის უფრო სანდო მიმწოდებლებს. ეს კი იმის ფონზე, რაც გაერთიანებამ მკაცრი სანქციები დაუწესა რუსეთს, მათ შორის, მის ენერგოიმპორტს.

წაიკითხე მეტი.

შვეიცარიული მედია ივანიშვილის პოზიციით არ დაინტერესდა - „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის იურისტები უკმაყოფილოები არიან

იურიდიული ფირმა „ემ-ქეი-დი“, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, შვეიცარიულ საბანკო ჯგუფთან Credit Suisse-თან საქართველოს ექსპრემიერის ურთიერთობის საკითხზე პრესრელიზს აქვეყნებს.

„ემ-ქეი-დი“ უკმაყოფილოა იმით, რომ შვეიცარიული მედია არ დაინტერესდა 7 ივლისს მათ მიერ Credit Suisse-ის საკითხზე გამოქვეყნებული პრესრელიზით:

„მიუხედავად იმისა, რომ საკითხი წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, ხოლო ადრესატებს წარმოადგენენ შვეიცარიელი კანონმდებლები და საბანკო მარეგულირებელი, არცერთმა წამყვანმა შვეიცარიულმა მედიასაშუალებამ - არც გაზეთმა, არც ტელევიზიამ და არც რადიომ - არ ისურვა ზემოაღნიშნული შინაარსის შემცველი ტექსტის გამოქვეყნება ან სხვაგვარად გამოხმაურება. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ საუბარი არ არის ბ-ნი ივანიშვილის წარმომადგენელთა პოზიციის უპირობოდ გაზიარებასა და უცვლელად გამოქვეყნებაზე. საუბარია ჩვენს თხოვნასა და შეთავაზებაზე, მედიას თავადაც მოეკვლია საკითხი, დარწმუნებულიყო ჩვენ მიერ მითითებული ფაქტების უტყუარობაში, გადაემოწმებინა, თუნდაც, სამართლებრივი გამართულობა ბანკის პოზიციისა და, მოესმინა ბანკის დამოკიდებულება საკითხისადმი“.

წაიკითხე მეტი.

"დოჟდი" ეთერში დაბრუნდა

რუსულმა ინტერნეტტელევიზია "დოჟდმა" ნაწილობრივ მაუწყებლობა განაახლა. ამის შესახებ არხის დამფუძნებელმა ნატალია სინდეევამ განაცხადა. მისი თქმით, მაუწყებლობა ნაწილობრივ ლატვიის ტერიტორიიდან აღდგება.

სინდეევას თქმით, სატელევიზიო არხის "მასშტაბური, სერიოზული" განახლება შემოდგომიდან იგეგმება - როცა სადგურის სტუდია სრულად იქნება აღჭურვილი და მოწყობილი.

დამოუკიდებელი ინტერნეტტელევიზია რუსეთში მას მერე დაიხურა, რაც უკრაინაში ომის გაშუქების გამო პრობლემები შეექმნა.

წაიკითხე მეტი.

დედა ინფორმატორი იყო კომუნისტების დროს? როგორ გახლიჩა ფილმმა ბულგარული ოჯახი

2018 წლის დოკუმენტური ფილმის - „ვხედავ წითელ ადამიანებს“ ბოლოში, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ბულგარელ ქალზე, რომელიც თავის ოჯახის კომუნისტურ წარსულს იკვლევს, რეჟისორის დედა შვილს ეუბნება: „ჩემი სიმართლე შენ არ გეკუთვნის“.

ეს ის მომენტია, როცა დედას, მილენა მაკარიუსსა და შვილს, ბოჟინა პანაიოტოვას შორის ურთიერთობა ფსკერამდეა დასული, რადგან ფილმის გადაღებისას გაირკვა, რომ დედა, როგორც არქივებიდან ჩანს, ბულგარეთის კომუნისტური ხელისუფლების საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა.

ახლა, როცა ფილმის გამოსვლიდან ოთხი წელია გასული, მაკარიუსი, დედა, ამ ამბის თავის ვერსიას გვიყვება წიგნში სახელწოდებით „ჟანას დოსიე“. „ჟანა“ უშიშროების სამსახურიდან კურატორის მიერ მისთვის შერქმეული კოდური სახელია.

„ეს წიგნი მხოლოდ ამ ფილმზე პასუხი არ არის, წიგნზე უფრო მიბიძგა ფილმმა“, უთხრა მაკარიუსმა რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს. მაკარიუსი, ფრანგული შუა საუკუნეების ლიტერატურის მკვლევარი, რომელიც საფრანგეთში, ლიმოჟის უნივერსიტეტში ასწავლის, თავის წიგნში წერს, რომ ცდილობს მოძებნოს პასუხები იმ შეკითხვებზე, რომლებიც მას, საკუთარ თავსა და მის გარშემო მყოფ სხვა ადამიანებზე, ადრე, თავისი ქალიშვილის ფილმის ნახვამდე არ დაუსვამს.

წაიკითხე მეტი.

„ეს რომ ყოფილიყო რამენაირად სასარგებლო რაჭისთვის, 5 წლით ადრე დაიწყებდნენ საუბარს“, - ამბობს სამთო გიდი გიორგი მაცაბერიძე რაჭის ტყეების გასხვისებასთან დაკავშირებით. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია ხელისუფლებამ მარტში გასცა.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG