Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო იმსჯელებს გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 18 ივლისს


პროკურატურის მტკიცებით, სოსო გოგაშვილის სახლიდან ამოიღეს საიდუმლო გრიფის დოკუმენტები და უკანონო იარაღი

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. მანამდე კი პროკურატურამ განცხადება გააკეთა სოსო გოგაშვილის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგებზე.

პროკურატურის ვერსიით, გოგაშვილის სახლიდან ამოღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია.

პროკურატურა აცხადებს, რომ ჩხრეკის დროს ასევე აღმოაჩინეს პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და რამდენიმე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.

სოსო გოგაშვილს ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული:

  • პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვა;
  • უფლებამოსილების გადაჭარბება;
  • ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვაა.

წაიკითხე მეტი.

დააკავეს ყოფილი ტელერედაქტორი მარინა ოვსიანნიკოვა

რუსეთის ტელეკომპანია „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანნიკოვა, რომელმაც მარტში ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერში, პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ იტყობინება მისი Telegram-ის არხი.

იქვე გამოქვეყნებულია ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ოვსიანნიკოვა, რომელიც, როგორც ფოტოდან ჩანს, ველოსიპედით სეირნობდა მოსკოვის ოლქში, პოლიციის თანამშრომლებს მიჰყავთ.
Telegram-ის არხის თანახმად, ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ასევე უცნობია მისი დაკავების მიზეზები. სამართალდამცავ ორგანოებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ მისი დაკავების შესახებ კომენტარი.

წაიკითხე მეტი.

დონბასში მალაიზიის "ბოინგის" ჩამოგდებიდან 8 წელი გავიდა

გუშინ რვა წელი შესრულდა აღმოსავლეთ უკრაინის თავზე „მალაიზიის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებიდან, რასაც სამასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2014 წლის 17 ივლისს „ბოინგი“ (რეისი MH17) ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, როცა დონბასში განიცადა კატასტროფა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი - ათი სახელმწიფოს მოქალაქეები. მათი უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის თანახმად, MH-17 ჩამოაგდეს რაკეტით, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა სეპარატისტებმა ისროლეს.

წაიკითხე მეტი.

სად დაკარგეს რესტორნებმა მიმტანები, მზარეულები, მრეცხავები, დამლაგებლები?

მიმტანები, ბარმენები, მზარეულები, დამლაგებლები, მრეცხავები - რესტორატორები ამბობენ, რომ დღეს საქართველოში თითქმის არ არსებობს რესტორანი, რომელსაც აი, ამ პოზიციებზე ვაკანსიები არ ჰქონდეს გამოცხადებული, თუმცა, დასაქმების მსურველებს ვერ პოულობენ. „პარადოქსია, მაგრამ ასეა“, - ამბობენ ისინი.

რესტორატორების თქმით, სამუშაო კადრების სიმწირე განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, როდესაც როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ მოიმატა და, შესაბამისად, გაიზარდა რესტორნებისა თუ კაფე-ბარების დღიური დატვირთვაც.

მერიკო გუბელაძე, რესტორატორი და შეფ-მზარეული, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს, 15 ივლისს ახალ რესტორანს ხსნის. რესტორნის სრულყოფილად მუშაობისათვის 10-ზე მეტი მიმტანი სჭირდება, თუმცა, იმის გამო, რომ დასაქმების მსურველები ვერ იპოვა, რესტორანს მხოლოდ ორი მიმტანით და, შესაბამისად, ეტაპობრივად გახსნის.

მერიკო გუბელაძის დაკვირვებით, მხოლოდ საკურორტო სეზონი არ არის სარესტორნო ბიზნესში კადრების დეფიციტის მიზეზი. ის დარწმუნებულია, რომ ამ სფეროში დასაქმების მსურველთა სიმწირე მოსახლეობის უცხოეთში გადინებამ, მიგრაციამ გამოიწვია.

მიგრაციისა და პანდემიის ეფექტი სარესტორნო ბიზნესზე - წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

სამშენებლო ბიზნესისთვის გამარტივებული რეგულაციები და განადგურებული რეკრეაციული სივრცეები თბილისში

რა შეცვალა გენგეგმამ თბილისში - რა სქემით გრძელდება მშენებლობები და აკრძალვის მიუხედავად, როგორ შენდება სახლები საშიშ ზონებში.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG