Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტრიბუნალი პუტინისთვის“: მასალები რუსეთის სამხედრო დანაშაულებზე უკრაინაში


რუსეთის სამხედროების მიერ დახვრეტილი უკრაინელი. ბუჩა, 5 აპრილი, 2022 წ.
რუსეთის სამხედროების მიერ დახვრეტილი უკრაინელი. ბუჩა, 5 აპრილი, 2022 წ.

„ტრიბუნალი პუტინისთვის“ - ასეთმა სახელწოდებამ გააერთიანა უკრაინის ყველაზე დიდი უფლებადამცველი ორგანიზაციები. „ტრიბუნალის“ აქტივისტები ეძებენ და აღნუსხავენ უკრაინაში რუსეთის სამხედროთა მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულთა კვალს და მოწმეებს ესაუბრებიან.

ამას აკეთებენ ადამიანის უფლებების დამცველებთან თანამშრომლობით, თავმოყრილ მასალას კი შემდეგ საგამოძიებო ორგანოებს აწვდიან.

ნატალია იაშჩუკი და სვიატოსლავ რუბანი „ტრიბუნალის“ დოკუმენტატორები არიან. სწორედ მათზე მოდის ისეთი სამუშაო, როგორიცაა მოწმეთა გამოკითხვა და მტკიცებულებათა შეგროვება, რათა შემდგომ ისინი საგამოძიებო ორგანოებმა გამოიყენოს. დღეს მათ ჩვეულებრივი დღე აქვთ: ისინი გამოჰკითხავენ ვოლოდიმირ ზახლიუპანის, სკოლის დირექტორს კიევის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ გოსტომელში, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული.

ვოლოდიმირმა გოსტომელი ჯერ კიდევ ომის პირველ დღეებში დატოვა. მისი ვაჟი სერჰი კი დარჩა და ის მოკლეს. „ზურგს უკან ხელებშეკრული იპოვეს. კეფაში გასროლით იყო დახვრეტილი,“ ჰყვება მამა.

„ის ძაღლთან და კატასთან ერთად ჩავიდა შენობის სარდაფში. იქ ხალხი იყო, მათ ნებართვის გარეშე არ აძლევდნენ გარეთ გამოსვლის უფლებას. და რაღაც მომენტში ისე მოხდა, რომ ძაღლი, რომელიც სერჰის ჰყავდა, გარეთ გავარდა. ის მას გამოეკიდა,“ ჰყვება ვოლოდიმირი.

მისი სიტყვებით, ასეთი თვითნებობისთვის მის ვაჟს სასტიკად სცემეს. ერთი დღე-ღამე იწვა, ვერ დგებოდა. მერე მაინც სცადა საკუთარ ბინამდე მიღწევა.

„მაგრამ იქ რუსეთის სამხედროები ცხოვრობდნენ, ის კვლავ დააკავეს. ამჯერად ის განზე გაიყვანეს: ვიღაცის გარაჟი გახსნეს, ბოქლომი მოაძვრეს, შეიყვანეს გარაჟში და დახვრიტეს,“ ამბობს ვოლოდიმირი.

ვოლოდიმირის თქმით, მისი ვაჟის დახვრეტის ადგილას მეზობლებმა ექვსი მასრა იპოვეს. ნატყვიარებიდან ჩანს, რომ მის ვაჟს წაქცეულს ესროლეს კიდევ ორი ტყვია, ამბობს სკოლის დირექტორი. მოკლულის ცხედარი ასევე მეზობლებმა დაკრძალეს სახლის გვერდით. მათ მამას აჩვენეს სამარხი: მთლიანობაში მასში სამი ცხედარი იყო, ერთ-ერთი სერჰის ეკუთვნოდა.

ოკუპანტების ხელი იგემა სკოლამაც, რომელსაც ხელმძღვანელობს ვოლოდიმირი: სწორედ მასში ცხოვრობდნენ მარტში გოსტომელში მყოფი რუსეთის ჯარები. მოგლიჯეს კარები, მოიპარეს ტექნიკა, მაგრამ ვოლოდიმირისთვის არავითარი დანაკარგი არ შეედრება ვაჟის დაღუპვას.

ნატალია იაშჩუკი ჰყვება, რომ როგორც „ტრიბუნალის“ დოკუმენტატორი, ის ამგვარ მითითებებს იწერს. „ჩვენ ინფორმაციის შეგროვების ჩვენი მეთოდოლოგია გვაქვს: ესაა ვიდეოდოკუმენტაციის თავმოყრა. დროისა და თარიღის ფიქსაციით, კონკრეტულად რა მოხდა, ვინ დაზარალდა, როგორია სამხედრო დანაშაულის შედეგები,“ განმარტავს ის.

მთლიანობაში ინიციატივაში „ტრიბუნალი პუტინისთვის“ ასზე მეტი უკრაინელი უფლებადამცველი მუშაობს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით. მტკიცებულებების შეგროვების პროცესი მათ დაიწყეს მყისვე, ომის პირველივე დღეებიდან. თავიდან უბრალოდ იწერდნენ დანაშაულების ადგილებს. ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ დაიწყეს ამ ადგილებში მოგზაურობა და გადარჩენილებთან საუბრები.

მიკოლა ასევე გოსტომელიდანაა და ასევე იძლევა ჩვენებას გამომძიებელთათვის. ახლა ის სამხედროა, ამიტომ ითხოვს, მისი სახე არ გამოაჩინონ. ამბობს, რომ იმის შემდეგ, რაც გადაიტანა, უკვე აღარ ჰქონდა პროფესიის არჩევანი: რუსეთის სამხედროებმა მისი დახვრეტა დააპირეს, მაგრამ სიკვდილით დასჯა უცებ დაწყებულმა იერიშმა შეწყვიტა.

მიკოლას ჩვენებებს სვიატოსლავ რუბანი იწერს.

„ჩვენს კვალიფიკაციაში ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სისხლის სამართლის რომის სტატუტით. ამის შესაბამისად ვასრულებთ ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების პირველად ფუნქციას,“ განმარტავს ის. „შემდეგ ამ ინფორმაციას იურისტებს გადავცემთ საქმეების შემდგომი გაფორმებისთვის, და საგამოძიებო ორგანოებს - გამოძიებისთვის.“

სვიატოსლავი გვაჩვენებს, რომ მიკოლას ჩვენებებით იქნა ნაპოვნი გოსტომელში რუსეთის სამხედროთა შტაბი. „აქ იყო შტაბი, ვიპოვეთ და შესაბამის სტრუქტურებს გადავეცით, რაც ვიპოვეთ. აქ ულიანოვსკის ბრიგადა იყო,“ ამბობს ის.

ელენა იუზვიაკი გოსტომელის კიდევ ერთი მაცხოვრებელია, რომელიც ჩვენებას იძლევა. ის გოსტომელში ამბულატორიის ხელმძღვანელია. ქალი ჰყვება, რუსეთის სამხედროებმა როგორ ჩაიგდეს ხელთ და დაანგრიეს შენობა - ყველაფერი ესეც სამხედრო დანაშაულებია.

„ყველა კარს ესროდნენ, ყველა კარი დაზიანებულია! ოღონდ არ მესმის, რატომ,“ ჯავრობს ელენა. „დღემდე არ მესმის, რისთვის გაკეთდა ეს! ეს ხომ სამედიცინო დაწესებულებაა!“

ნატალიასა და სვიატოსლავის მიერ ჩაწერილ ათობით ინტერვიუთა შორის არის იმ ქალების მონათხრობიც, რომლებიც საკუთარ დაკარგულ ნათესავებს ეძებენ. უფლებადამცველების თქმით, ეს ყველაზე მძიმე საქმეებია.

ერთ-ერთი გამოკითხული, კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში მცხოვრები ქალი ჰყვება თავის დისშვილზე, ვიქტორია ანდრუშზე. ის დაატყვევეს და რუსეთში წაიყვანეს ჯერ კიდევ მარტის ბოლოს, როცა რუსეთის არმია უკვე ტოვებდა კიევის ოლქს. ვიქტორია მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელია. სად იმყოფება ის ახლა, არავინ იცის.

„ინფორმაციას ვიღებდით ტყვეობიდან დაბრუნებულებისგან. ისინი ადასტურებდნენ, რომ იქ მართლაც არის მასწავლებელი ბროვარიდან. მაგრამ ვიქტორია სამხედრო არ არის. ვიქტორია მასწავლებელია!“ - აღნიშნავს ოლგა შჩერბა, უგზო-უკვლოდ დაკარგულის ნათესავი. „მას გასაცვლელად არ გვთავაზობენ და არ ადასტურებენ, რომ ის მათ ტყვედ ჰყავთ.“

„რაც შეეხება კიევის ოლქს, მოგვეპოვება 107 დასახლებული პუნქტის მონაცემები და დღეის მონაცემებით, ეპიზოდების რაოდენობა 1000-ს აჭარბებს,“ აღნიშნავს უფლებადამცველი.

ადამიანის უფლებების დამცველები ამბობენ, რომ ბოროტმოქმედებების შესახებ მათ მიერ თავმოყრილი პირველი მონაცემები უკვე დაამუშავეს გამომძიებლებმა და ახლა უკრაინელი იურისტები საქმეებს ამზადებენ საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენად. ჯერჯერობით ეს ერთეული შემთხვევებია, მაგრამ ნატალიასა და სვიატოსლავს სწამთ, რომ მათი მუშაობა დააჩქარებს მართლმსაჯულებას.

„რისთვის ვაკეთებთ ყველაფერ ამას? მოგვეპოვება ჩეჩნეთის გამოცდილება, სადაც ბევრი დანაშაული მოხდა, მაგრამ ამ დანაშაულებისთვის არავის უგია პასუხი,“ აღნიშნავს ნატალია იაშჩუკი. „სწორედ ამიტომ უკრაინას სურს ჩაატაროს სამხედრო დანაშაულთა ფიქსაცია, რათა ისინი წარმატებული იყოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც, გაეროშიც, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოშიც, რათა დამნაშავეები დაისაჯოს და მსოფლიომ დაინახოს ეს და ეს თემა არ დაივიწყოს. რათა ის, რაც უკრაინელებმა გადაიტანეს, აღარასოდეს გამეორდეს!“

XS
SM
MD
LG