Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მკვლელობები, წამება, გატაცებები - Human Rights Watch-მა კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში ომის დანაშაულის მტკიცებულებები მოაგროვა


12 წლის დანიკ რაკი დგას თავისი სახლის წინ, რომელიც რუსეთის ბომბებმა გაანადგურა. ჩერნიგოვი, უკრაინა, 13 აპრილი, 2022.
12 წლის დანიკ რაკი დგას თავისი სახლის წინ, რომელიც რუსეთის ბომბებმა გაანადგურა. ჩერნიგოვი, უკრაინა, 13 აპრილი, 2022.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი (HRW) 18 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს, რომ შეაგროვა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის მტკიცებულებები კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 2022 თებერვალსა და მარტში რუსეთის ჯარისკაცებმა სამოქალაქო პირები განუკითხავად დახვრიტეს, აწამეს და გაიტაცეს, რაც ომის დანაშაულს წარმოადგენს. მანამდე, აპრილში, Human Rights Watch-მა ქალაქ ბუჩაში ჩადენილი დანაშაულებები აღწერა.

Human Rights Watch-ი გამოძიების ფარგლებში ესაუბრა 65 ადამიანს, რომლებმაც აღწერეს განუკითხავად დახვრეტის 22 შემთხვევა, სიცოცხლის უკანონო მოსპობის კიდევ 9 შემთხვევა, 6 ადამიანის გატაცება და წამების 7 ინციდენტი. 21-მა სამოქალაქო პირმა კი აღწერა თავისუფლების აღკვეთა არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში. ორგანიზაციამ გამოიკვლია ამ ბრალდებების ფიზიკური მტკიცებულებები და გაეცნო ფოტო- და ვიდეომასალას, რომლებიც მსხვერპლებმა და მოწმეებმა გადაიღეს.

„სამოქალაქო პირების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ომის აშკარა დანაშაულებებია, რომლებიც სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა იქნეს გამოძიებული და შესაბამისად გასამართლებული“, - განაცხადა გიორგი გოგიამ, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებულმა დირექტორმა.

ქვემოთ მოყვანილია ანგარიშში მოხვედრილი რამდენიმე შემთხვევა. გაფრთხილება: ამბები ასახავს მკვლელობებსა და წამებებს, რომლებიც ზოგისთვის შეიძლება მძიმე წასაკითხი იყოს.

განუკითხავად დახვრეტა და სიცოცხლის უკანონო მოსპობა

ნოვა ბასანი, ჩერნიგოვის ოლქი, უკრაინა
ნოვა ბასანი, ჩერნიგოვის ოლქი, უკრაინა

4 მარტს სოფელ ნოვა ბასანში რუსეთის ჯარისკაცებმა მოკლეს 14 წლის დმიტრო სოლოვეი, რომელიც სახლის წინ ბურთით თამაშობდა. ჯარისკაცებმა ასევე ესროლეს მის ძმას, 30 წლის სერჰის, რომელიც დმიტროს დასახმარებლად გამოვიდა. ფეხში დაჭრილმა სერჰიმ ხოხვით მოახერხა მეზობლის სახლამდე მიღწევა. მას პროფესიული დახმარება მხოლოდ 31 მარტს გაუწიეს, მას შემდეგ, რაც სოფელზე კონტროლი უკრაინის ჯარებმა დაიბრუნეს. დედის ცნობით, სერჰი ახლაც საავადმყოფოშია და მის გამოჯანმრთელებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.

28 თებერვალს, ასევე ნოვა ბასანში რუსეთის ჯარისკაცებმა თავში გასროლით მოკლეს 40 წლის მიკოლა კუჩერინა, რომელმაც ჯარისკაცების საგუშაგოს ჩაუარა. მისი გვამი ერთი თვე ეგდო ქუჩაში, რადგან ჯარისკაცებმა მშობლებს მისი დაკრძალვის უფლება არ მისცეს.

სოფელ ნოვი ბიკოვის მცხოვრები ჰყვება, რომ რუსეთის ჯარისკაცებს ის, ოცამდე სხვა ადამიანთან ერთად, ჰყავდათ ჩაკეტილი საქვაბე ოთახში. 30 მარტს, უკან დახევამდე ერთი დღით ადრე, რამდენიმე ჯარისკაცი ოთახში შევიდა და უთხრა, რომ ნაბრძანები ჰქონდათ 8 ადამიანის დახვრეტა. ერთმა იკითხა, „მოხალისეები“ ხომ არ ხართ ვინმეო. მათ 8 კაცი გაიყვანეს. მომდევნო დღეს, როდესაც ჯარმა იქაურობა დატოვა, შორიახლოს სამი მათგანის გვამი აღმოაჩინეს. დანარჩენი ხუთის ბედი უცნობია.

კიევის ოლქში მდებარე სოფელ ანდრიივკაში მცხოვრები ანასტასია ანდრიივნა ჰყვება, რომ 19 მარტს სახლში იყო, როდესაც ჯარისკაცებმა მისი 49 წლის შვილი, იჰორ სავრანი დააკავეს. მას ძველი სამხედრო ქურთუკი უპოვეს. 31 მარტს, მას შემდეგ, რაც იქაურობა რუსებმა დატოვეს, მან შვილის გვამი სახლიდან 100 მეტრის მოშორებით, ბეღელში იპოვა. ანასტასია ანდრიივნამ HRW-ს უთხრა, რომ შვილს ტყვია ყურში ჰქონდა მოხვედრილი. „სახე სისხლით ჰქონდა მოსვრილი. გვერდით მისი საუკეთესო მეგობარი, ვოლოდიმირ პოჟარნიკოვი იწვა. ისიც დახვრეტილი იყო. ფეხები არაბუნებრივად ჰქონდა დაღრეცილი“.

გაუჩინარებული მოქალაქეები

ქალაქი ბოროდიანკა, კიევის ოლქი, უკრაინა. 6 აპრილი, 2022
ქალაქი ბოროდიანკა, კიევის ოლქი, უკრაინა. 6 აპრილი, 2022

4 მარტს ხუთმა ჯარისკაცმა ქალაქ მიხაილო-კოციუბინსკში დააკავა ნიკიტა ბუზინოვი, 24 წლის ტაქსის მძღოლი. ბიძამისის ცნობით, ჯარისკაცებმა ნიკიტას ტელეფონი შეუმოწმეს და ნახეს, რომ ის ინფორმაციას აწვდიდა უკრაინის ძალებს. ჯარისკაცებმა ნიკიტა, მისი მეგობარი გოგონა, დედა და ბიძა ახლომდებარე ვეტერინარულ კლინიკაში მიიყვანეს. საღამოს ნიკიტას გარდა ყველა გაათავისუფლეს და თქვეს, რომ ცოტა ხანში მასაც გაუშვებდნენ. ნიკიტა ბუზინოვი მას შემდეგ არ გამოჩენილა და მისი ადგილმდებარეობის შესახებ არაფერია ცნობილი.

10 მარტს ჩერნიგოვის ოლქის სოფელ რიჟისკის მკვიდრი 39 წლის სერჰიი მოლოში მეგობართან, ვიტალი კულიკთან ერთად მეზობელ სოფელ რიაბციში წავიდა ხორცის საყიდლად. ისინი გზაში გაუჩინარდნენ და მათ შესახებ არაფერია ცნობილი. ადგილობრივების ცნობით, იმ დღეებში სოფლები არ დაუბომბავთ და გზასა და სოფლებს რუსეთის ჯარები მთლიანად აკონტროლებდნენ, გზაზე კი რუსეთის ჯავშანმანქანები პატრულირებდნენ.

წამება და დაკავება არაადამიანურ პირობებში

ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაჰიდნეს სკოლის სარდაფის კარი, სადაც რუსეთის ჯარისკაცებს 300-ზე მეტი ადამიანი ჰყავდათ დამწყვდეული რამდენიმე კვირის განმავლობაში. კედელზე გარდაცვლილთა და გაუჩინარებულთა გვარებია მიწერილი.
ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაჰიდნეს სკოლის სარდაფის კარი, სადაც რუსეთის ჯარისკაცებს 300-ზე მეტი ადამიანი ჰყავდათ დამწყვდეული რამდენიმე კვირის განმავლობაში. კედელზე გარდაცვლილთა და გაუჩინარებულთა გვარებია მიწერილი.

ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაჰიდნეში რუსეთის ჯარისკაცებმა 350 მცხოვრები, მათ შორის 70-მდე ბავშვი - აქედან 5 ჩვილი - სკოლის სარდაფში ჩაკეტეს 28 დღის განმავლობაში და მცირე ხნით გასვლის უფლებასაც არ აძლევდნენ. სარდაფში ჰაერი თითქმის არ იყო, დასაწოლი ადგილი არ ჰქონდათ და ტუალეტად ვედროებს იყენებდნენ.

„ერთი კვირის შემდეგ ყველა საშინლად ახველებდა“, - უთხრა HRW-ს ჩაკეტილთაგან ერთ-ერთმა. „თითქმის ყველა ბავშვს მაღალი სიცხე მისცა, ხველებისგან კრუნჩხვები ემართებოდათ და გული ერეოდათ“. მეორის ცნობით, სარდაფში 10 მოხუცებული გარდაიცვალა.

სოფელ დიმერში რუსეთის ჯარისკაცებმა რამდენიმე ათეული ადამიანი 40 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში ჩაკეტეს რამდენიმე კვირის განმავლობაში. კაცებს ხელები ჰქონდათ შეკრული და თვალები ახვეული. საჭმელი და სასმელი თითქმის არ მიეწოდებოდათ და ტუალეტად ვედროებს იყენებდნენ.

HRW-მ აღწერა წამების რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რუსეთის ჯარისკაცები დაკავებულებს ურტყამდნენ და მათ წინააღმდეგ ელექტროშოკს იყენებდნენ. რამდენჯერმე შესაშინებლად დახვრეტაც გაითამაშეს. „თავზე იარაღი დამადეს და გადატენეს. სამი გასროლის ხმა გავიგე“, - თქვა ერთმა კაცმა, რომელსაც თვალები ჰქონდა ახვეული. „მესმოდა, როგორ ცვიოდა ვაზნები ძირს და მეგონა, რომ ისინი ჩემთვის იყო“.

იაჰიდნეს მაცხოვრებლები სკოლის სარდაფში, რუსეთის ჯარების წასვლის შემდეგ. ადგილობრივები ღამით ისევ სკოლის სარდაფში რჩებოდნენ, რადგან მათი სახლები განადგურდა. 31 მარტი, 2022
იაჰიდნეს მაცხოვრებლები სკოლის სარდაფში, რუსეთის ჯარების წასვლის შემდეგ. ადგილობრივები ღამით ისევ სკოლის სარდაფში რჩებოდნენ, რადგან მათი სახლები განადგურდა. 31 მარტი, 2022

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ანგარიშში აღნიშნავს, რომ ომის კანონებით აკრძალულია სამოქალაქო პირებზე თავდასხმა, განუკითხავად დახვრეტა, წამება და არაადამიანური მოპყრობა დაკავებულების წინააღმდეგ. ყველა, ვინც მსგავს ქმედებებს სჩადის ან მათი განხორციელების ბრძანებას გასცემს, ომის დამნაშავეა. პასუხისმგებელია ყველა მეთაური, ვინც იცოდა ან უნდა სცოდნოდა მსგავსი ქმედებების შესახებ და არაფერი გააკეთა მის შესაჩერებლად ან დამნაშავეების დასასჯელად.

„სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რუსეთის ძალების მიერ ოკუპირებულ ადგილებში უკრაინის სამოქალაქო პირებმა საშინელი განსაცდელი გამოიარეს“, - განაცხადა გიორგი გოგიამ. „სამართალი, შესაძლოა, მალე არ განხორციელდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაზარალებულებმა მალე სამართალი ნახონ“.

XS
SM
MD
LG