Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვლევა: ფეისბუკზე უფრო პოპულარულია აზრი, რომ ბუჩის ჟლეტა დადგმულია


მესაფლავეს ამოჰყავს მოქალაქის ცხედარი ჯგუფური სამარხიდან. ბუჩა, 2022 წლის 10 აპრილი
მესაფლავეს ამოჰყავს მოქალაქის ცხედარი ჯგუფური სამარხიდან. ბუჩა, 2022 წლის 10 აპრილი

რუსი ჯარისკაცების გასვლის შემდეგ, ბუჩაში ასეულობით გვამი დარჩა. სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ პუტინის არმიამ კიევის გარეუბანში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა. თუმცა ამის ყველას არ სჯერა. 

იქნებ ის ადამიანები რუს ჯარისკაცებს არ დაუხოცავთ? ან იქნებ ყველაფერი დადგმულია? - მხოლოდ ერთ კვირაში, ფეისბუკზე ამ შინაარსის ასეულობით ათასი პოსტი გაჩნდა.

ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტმა (ISD) გააანალიზა, თუ რა იპოსტებოდა ბუჩის ჟლეტაზე აპრილის პირველ კვირაში 20 სხვადასხვა ქვეყანაში. ქვეყნების უმრავლესობა ევროკავშირის წევრია.

200 ყველაზე პოპულარული პოსტიდან 145 იზიარებდა ეჭვს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. მხოლოდ 55 იყო წინააღმდეგი.

მაგრამ „სკეპტიკური”, კრემლის ვერსიის მხარდამჭერი პოსტები, ჯამში, სამჯერ უფრო პოპულარული იყო - 208 ათასი გაზიარება 172 ათასის წინააღმდეგ.

6 პოსტი გამოქვეყნებულია უშუალოდ რუსული მედიის ან უწყებების მიერ.

მაგალითად, ესპანეთში, ბუჩის ჟლეტა რომ დადგმულია, წერდა სახელმწიფო მედიაკორპორაცია RT-ის ესპანურენოვანი სამსახური, კვიპროსში კი - რუსეთის საელჩო.

მათი ვერსიით, ბუჩის ამბები პროვოკაციაა, რომლის ავტორებსაც „ყველაფერი რუსულის განადგურება სურთ”.

ავსტრიაში ყველაზე და გერმანიაში რიგით მესამე ყველაზე „გაზიარებადი” პოსტი პრორუსულ გერმანულენოვან გამოცემა „ანტიშპიგელს“ ეკუთვნის.

პოსტის ავტორი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე წერს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა უკრაინულმა ჯარმავე დახოცა. „ეს შურისძიება იყო რუსული ჯარის მხარდაჭერის გამო”.

რა მოხდა ბუჩაში?

რუსული ჯარი კიევის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ ბუჩაში 27 თებერვალს შევიდა და იქ 30 მარტამდე იმყოფებოდა.

უკრაინის ხელისუფლება იტყობინება, რომ ამ დროისთვის ნაპოვნია 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ზოგიერთი ხელებშეკრულია, კეფაში კი ტყვია აქვს მოხვედრილი.

აპრილის დასაწყისში, ბუჩის მკვიდრმა რადიო თავისუფლებას უამბო, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე სნაიპერი მიზანმიმართულად კლავდა ყველას, ვინც იქ გაივლიდა.

ბუჩაში ზოგიერთი ქუჩა თითქმის მთლიანად განადგურდა
ბუჩაში ზოგიერთი ქუჩა თითქმის მთლიანად განადგურდა

ბუჩელები უყვებიან უფლებადამცველ ორგანიზაცია Human Rights Watch-ს, რომელიც იქ ჩადენილ სისასტიკეებს იძიებს, რომ რუსი ჯარისკაცები სისტემატურად კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ მშვიდობიან მოსახლეობას.

კრემლი უარყოფს რუსული ჯარის მიერ სამხედრო დანაშაულების ჩადენას და ბუჩაში მომხდარს უკრაინული მხარის პროვოკაციას უწოდებს.

თუმცა 4 აპრილს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები კრემლის ვერსიას ეწინააღმდეგება. ფოტოები მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული. მოქალაქეების ცხედრები უკვე ადგილზეა.

მოდერაციის პრობლემა… ისევ

ISD-ს წარმომადგენელი, ფრანჩესკა ვიზერი ხედავს ორ საშიშ კანონზომიერებას: ომის გაშუქებაში ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები ისევ ჯაბნის მეინსტრიმულ მედიას, ფეისბუკი კი, ყველა მცდელობის მიუხედავად, კვლავ ვერ აჩერებს პროკრემლისტურ, გადაუმოწმებელ და ხშირად ყალბ ამბებს.

მაგალითად, როცა საქმე კრემლის დაფინანსებულ მედიას ეხება, ფეისბუკი უთითებს, რომ „ამ ბმულს აქვეყნებს და, ნაწილობრივ ან მთლიანად, რუსეთის ხელისუფლების სარედაქციო კონტროლის ქვეშაა”. ანგარიშში მოხვედრილი პოსტებიდან ეს გაფრთხილება მხოლოდ 2-ს ერთვოდა.

საპასუხოდ, ფეისბუკის წარმომადგენელმა გამოცემა „გარდიანს“ უთხრა, რომ ანგარიშში მეტისმეტად ცოტა პოსტი მოხვდა. შესაბამისად, ის სათანადოდ ვერ აჩვენებს, თუ რა ძალისხმევას ხარჯავს კორპორაცია დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე.

„ყალბი ამბების გადამოწმების ყველაზე მრავალფეროვანი სისტემა გვაქვს ყველა სხვა პლატფორმასთან შედარებით. ჩვენმა ფაქტჩეკერმა პარტნიორებმა გააქარწყლეს არაერთი მცდარი ამბავი, რომელიც ბუჩაში ჩადენილ სიმხეცეებს უარყოფდა”, - განაცხადა მან.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფეისბუკს ადანაშაულებენ ყალბ ამბებთან „დამარცხებაში“. მაგალითად, პანდემიის პირველ ორ წელიწადში „კოვიდდისიდენტებთან” ბრძოლის მიუხედავად, სოციალურ ქსელში გადაუმოწმებელი რჩებოდა ათობით ათასი პოსტი. სხვა შეთქმულების თეორიებთან ერთად, მათი ავტორები წერდნენ, რომ კორონავირუსი არ არსებობს, ან რომ ის 5G ანძებით ვრცელდება.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG