ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, დროებით ოკუპირებულ იზიუმში ხუთსართულიანი შენობის ნანგრევებიდან 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრები ამოიღეს.
რუსებმა საარტილერიო დაბომბვის შედეგად აღნიშნული შენობა მარტის დასაწყისში გაანადგურეს.
"ეს არის რუსი ოკუპანტების მორიგი ამაზრზენი დანაშაული სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველა მათგანს ვიმახსოვრებთ და ყველას [ოკუპანტს] მოუწევს პასუხისგება", - წერს ოლეგ სინეგუბოვი "ტელეგრამის" არხში.
ეს არ არის რუსული დაბომბვის შედეგად უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაღუპვის პირველი შემთხვევა.
მაისში, ლუგანსკის რეგიონში, რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს სოფლის სკოლის შენობა, რომელსაც სოფლის მოსახლეობა აფარებდა თავს. წინასწარი მონაცემებით, 60 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ლუგანსკის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
მისი თქმით, 7 მაისს სოფელ ბელაგოროვკაზე რუსული ჯარის თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სკოლისა და კულტურის სახლის შენობაში, დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ხანძარს ოთხი საათის განმავლობაში აქრობდნენ, რის შემდეგაც მაშველებმა ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს.
"ნანგრევებიდან ევაკუირებულია 30 ადამიანი, მათგან 7 დაშავდა. სავარაუდოდ, დაიღუპა 60-მდე ადამიანი, რომლებიც შენობების ნანგრევების ქვეშ დარჩნენ", - განაცხადა გაიდაიმ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში საომარი მოქმედების შედეგად 25 ათასამდე ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები, დაიღუპა. იქ ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა ადგილობრივ თეატრზე სარაკეტო იერიშს, რომლის დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.
კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.
რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.