იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მშვენიერაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სათავეში უდგას საპროტესტო მოძრაობას "შინ ევროპისკენ". მოძრაობის მიზანი მთავრობის შეცვლა, ეროვნული თანხმობის საფუძველზე დროებითი მთავრობის ფორმირება და ევროკავშირის მიერ დასახული იმ 12 ამოცანის შესრულებაა, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება. საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად 20 ივნისიდან ამ დრომდე თბილისში სამი მასშტაბური აქცია გაიმართა - ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რას აპირებს მომავალში მოძრაობა მიზნების მისაღწევად.
გამართულ აქციებსა და მომავალი ბრძოლის სტრატეგიებზე რადიო თავისუფლების კითხვებს გიორგი მშვენიერაძე უპასუხებს.
3 ივლისის აქცია ისე დაიშალა, არ გითქვამთ, როდის იქნება შემდეგი ან რას გააკეთებთ შემდეგ აქციამდე. გეგმა არ არსებობს თუ კომუნიკაცია ვერ გამართეთ?
არ ვთვლი, რომ გეგმის არარსებობის ბრალია. პირიქით, 3 ივლისის აქციას ჰქონდა გარკვეული მნიშვნელობა და ეს მნიშვნელობა იყო ჩვენი ძალის ჩვენება, რამდენი ადამიანია კვლავ ერთგულად მხარდამჭერი იმ იდეის, რაზეც ვსაუბრობთ და ერთგვარი გამოცდის საშუალებაც საკუთარი ძალების, როგორ შეიძლება წარიმართოს მომავალში პროტესტი. რაც მთავარია, ეს იყო გამოცდა ხელისუფლებისთვის, რამდენად არიან ისინი მზად, უკან გადადგან ნაბიჯი საქართველოს კეთილდღეობისთვის.
არიან მზად?
არა, რა თქმა უნდა. ხელისუფლებამ დიტო სამხარაძის ენით და ლექსიკით გვითხრა, რომ ისინი აპირებენ ყველაფრის გაკეთებას საკუთარი სკამების შენარჩუნებისთვის. საკუთარი სკამების შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე ის, როგორი იქნება რიგითი მოქალაქეების ბედი ამ ქვეყანაში.
ამ მოცემულობაში რას სთავაზობთ საზოგადოებას?
ჩვენ მანამდეც ღიად ვამბობდით და ამაში დასამალი არაფერია: პირველი ეტაპი გულისხმობდა მოთხოვნის დაყენებას, პროტესტს და დარწმუნებას, ფაქტობრივად, დასრულდა ისე, რომ ხელისუფლებამ ამაზე არ უპასუხა. ეს ჩვენგან მოითხოვს ახალ ეტაპზე გადასვლას, რომელსაც ჰქვია არათანამშრომლობის ეტაპი და ეს თავის თავში მოიცავს ძალიან ბევრ ტაქტიკას, რომლის გამოყენებაც შეიძლება, რაც კიდევ უფრო რთულს გახდის ხელისუფლებისთვის გარკვეული პროცესების წარმართვას.
რამდენიმე საათის წინ ფეისბუკზე დაწერეთ, რომ 3 ივლისს, აქციაზე ხალხი და აქციის ორგანიზატორები ერთმანეთს აცდით. რა გაჩვენათ ამ აცდენამ და რის გამოსწორებას აპირებთ?
მე ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ აქციის ორგანიზატორებმა უნდა გავიაზროთ ის, რომ გარკვეული არათანხვედრა იყო აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორების მიერ შეთავაზებულ სცენარს შორის, მეორე მხრივ, არის ის შესაძლებლობა, რომ სამომავალოდ სწორად გავითვალისწინოთ ის გაკვეთილები, რაც მივიღეთ.
უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის არა რაღაც ინდივიდუალური ბრძოლა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბრძოლა.
ხელისუფლებას შეიძლება უნდოდეს, რომ ეს იყოს მარტივი ბრძოლა, სადაც ვიღაცები მუშტი-კრივს გამართავენ და ამ მუშტი-კრივში ხელისუფლება ყოველთვის ეცდება დაგამარცხოს და გაგტეხოს საბოლოოდ. ჩვენი მიზანი სხვა რამეა. ჩვენი მიზანი მორალური ბრძოლაა. სრული მორალური უპირატესობა ამ შემთხვევაში, დღეს საზოგადოების მხარეს არის, რომელიც იბრძვის ევროკავშირისთვის და ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ საშუალება, ეს მორალური უპირატესობა დაგვაკარგვინოს.
თქვენ ასევე თქვით, რომ არსებული მდგომარეობა მოითხოვს გაცილებით მწვავე მოქმედებას - რა იგულისხმეთ ამაში?
ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სინამდვილეში ცვლილებებს არა რუსთაველი [გამზირი] განაპირობებს, არამედ საზოგადოებრივი განწყობების გარდაქმნა. ჩვენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა დავარწმუნოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიაში ცხოვრება არის მათი და მათი შვილების მომავლის დასასრული, ევროპული და თავისუფალი მომავლის დასასრული.
რაც შეეხება სხვა ტაქტიკებს, რაც შეიძლება იყოს მარში, დამოუკიდებელი წინააღმდეგობის კერების გაჩენა სხვადასხვა შენობებთან, შეიძლება იყოს გამოყენებული ისეთი მეთოდები, რომელიც კანონს არღვევს, მაგრამ არაძალადობრივია. ასეთი მეთოდები ყოფილა გამოყენებული, როცა, მაგალითად, როზა პარქსი ავიდა ავტობუსში მონტგომერში, დაჯდა და არ ადგა, როცა ამას თეთრკანიანი სთხოვდა. მან კანონი დაარღვია, მიზანმიმართულად, მაგრამ არაძალადობრივად და ამან შეცვალა მთლიანად იმ შტატში, ალაბამის შტატში სიტუაცია. ამიტომ, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ.
ჩვენ არ გვაშინებს ის, რომ ხელისუფლებამ შეიძლება გამოიყენოს სანქციებიც ფორმალური კანონის დარღვევისთვის. ჩვენ არ ვიძალადებთ, მაგრამ შეიძლება მოგვიწიოს კანონის დარღვევა.
დრო ცოტაა. 6 თვეში თქვენ გინდათ შეცვალოთ საზოგადოებრივი განწყობები, შეცვალოთ მთავრობა და შეასრულოთ ევროკავშირის 12 პირობა. შეგიძლიათ ამ ტვირთის აღება?
საზოგადოების დიდ ნაწილს აერთიანებს თემა, რასაც ჰქვია ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება და მათი მოთხოვნა ამ იდეის ირგვლივ ერთიანდება.
თუმცა მათ სჭირდებათ უფრო კონკრეტული გეგმა…
ჩვენ მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა არ გვინდა იმიტომ, რომ ეს სკამები ჩვენთვის გვინდა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი ატყუებს ხალხს. პირიქით, ჩვენ ძალიან ცხადად ვამბობთ, რომ ამ მთავრობას უნდა ჰქონდეს გარდამავალი ეტაპი და კონკრეტული ფუნქცია. იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რაც განაპირობებს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. გარდამავალი ეტაპის შემდეგ უკვე სამართლიან არჩევნებში გაირკვევა, პოლიტიკური ბალანსი როგორი იქნება და ვის ექნება ძალაუფლება.
ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება ამ მთავრობაში?
ჩვენ იმიტომ კი არ ვიკავებთ თავს კანდიდატების დასახელებისგან, რომ არ ვიცით, ვისზე შეიძლება ვისაუბროთ, ეს იქნება არასწორი, როცა შენ ელაპარაკები ვინმეს თანხმობაზე და აყენებ კონკრეტული ადამიანების სახელებს. შენ უნდა გახსნა სივრცე. შენ ამ სივრცეს სთავაზობ ხელისუფლებას, სამწუხაროდ, პასუხი არ ისმის ხელისუფლებისგან. როცა პასუხი იქნება ხელისუფლებისგან და მათ მოუწევთ რაღაც ნაბიჯის უკან გადადგმა, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს პროტესტი გააჩერო, [მაშინ გაირკვევა კანდიდატებიც]. ეს არის არა ის, რომ არ ვიცით რა გვინდა, ეს არის ის, რომ ტაქტიკურად სწორია დატოვო გზა ასეთი ტიპის ურთიერთობისთვის.
რაც შეეხება იმას, რამდენი ხანი დასჭირდება საზოგადოების აზრის ცვლილებას: ხელისუფლება ბოლო პერიოდში კატასტროფულად კარგავს მხარდაჭერას. ადამიანები ხვდებიან, რომ ხელისუფლება მათ ატყუებთ, რომ ხელისუფლებამ ისინი გააცურა.
რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ საზოგადოებრივი აზრი იცვლება?
ჩვენ ამას ვუყურებთ ყოველდღიურად. ჩვენ არ ვართ სპონტანურები და მხოლოდ ქუჩაში აქციაზე დანახული სურათით არ ვუყურებთ ამ პროცესს. ხელისუფლებაც ზომავს ამ ყველაფერს და მათი რიხიანი განცხადებების ქვეშ კარგად ჩანს ეს ბზარები. ეს ეტყობა ხმასაც და სახეებსაც. ფაქტობრივად, საკუთარი ამომრჩევლის ნახევრის დაკარგვის პირას არიან. იმ ამომრჩევლის, ვისთვისაც ევროკავშირი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ივანიშვილი.
არ ვიცი, ზუსტად რა კვლევებს გულისხმობთ, მაგრამ ჩვენ ვკითხულობთ ჩვენი აუდიტორიის გამოხმაურებებს და მათ აქვთ კითხვები, რა იქნება მერე, როცა აღარ იქნება ეს ხელისუფლება. ადამიანების ნაწილი თვლის, რომ არ ჩანს ძალა, რომელსაც ხალხი გაჰყვებოდა.
ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ უნდა იყვნენ მოქმედი პოლიტიკოსები, მათ შორის იმ განწყობების გათვალისწინებით, რასაც სამართლიანად აღნიშნავთ თქვენ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის კარგვა ნაკლებად არის თავად ოპოზიციური პარტიების ბრალი. შესაძლოა მათი წვლილიც არის ამაში, მაგრამ ეს ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. ქვეყანაში რომ დემოკრატია გვქონდეს, ოპოზიცია ახერხებდეს ხელისუფლების კონტროლს კონსტიტუციური ინსტრუმენტების გამოყენებით, არანაირი დიდი სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობები არ იქნება საჭირო.
4 ივლისს შალვა პაპუაშვილმა თქვა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკაში პირდაპირ ჩაერთო და ფაქტობრივად პოლიტიკურ პარტიებად იქცნენო. რა პასუხი გაქვთ ამ კრიტიკაზე?
ჩვენ არანაირ პოლიტიკურ პარტიებად არ გადავქცეულვართ და ამისთვის რამდენიმე არგუმენტი არსებობს, ხალხი რომ არ მოატყუოს ბატონმა შალვამ, რომელმაც ეს თავად კარგად იცის: პირველი, არავინ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან არ აპირებს ხვალ არჩევნებში მონაწილეობას, მათ არ გააჩნიათ ელექტორალური ინტერესი. ისინი არ იბრძვიან ხალხის გულის მოსაგებად, იმიტომ რომ მერე მათ მხარი დაუჭირონ, არ იბრძვიან და ეს ფუნდამენტური განსხვავებაა პოლიტიკურ პარტიებსა და სხვა სამოქალაქო მოძრაობებს შორის. სამოქალაქო მოძრაობებს ცხადია გააჩნიათ პოლიტიკური ინტერესი და ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკური ინტერესია, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
თუკი ისე მოხდა, რომ მომდევნო 6 თვეში თქვენი თავისთვის და საზოგადოებისთვის დასახული მიზნები ვერ შეასრულეთ და საქართველო დარჩა კანდიდატის სტატუსის გარეშე, მზად ხართ ამ სცენარისთვის?
ჩვენ ცალკე არა, ეს იქნება, რომ ხალხმა ვერ გააკეთა. ჩვენ ხალხს წარმოვადგენთ და ვცდილობთ იმის ორგანიზებას, რა მუხტიც ხალხში არსებობს. ამიტომ ეს საერთო სურათი იქნება და თუ 6 თვეში ეს ვერ მოხერხდა, ძალიან მძიმე პროცესში შევა ქვეყანა. თუკი ივანიშვილი იგრძნობს, რომ მის წინააღმდეგ პროტესტი მინელებულია, მაშინ ის დაიწყებს საკუთარი რეპრესიული ძალის გაზრდას, როგორც მოხდა ლუკაშენკას შემთხვევაში, რომელიც აღარც არჩევნებს ცნობს, აღარც საერთაშორისო ლეგიტიმაციას. ამბობს, რომ მე ვარ აქ მეფე. თუკი მეფეს იღებ, აბსოლუტურად სხვა ტიპის საზოგადოებაში გადადიხარ. ჩვენ ახლოს ვართ ახლა ამ ზღვართან.