სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც შეთქმულებასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე წერენ.
28 ივნისს სამმა დეპუტატმა - სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნება“ დატოვეს. მიზეზად დაასახელეს, რომ ხალხისთვის სათქმელი ჰქონდათ ისეთი რამ, რასაც პარტიიდან გამოუსვლელად ვერ იტყოდნენ.
„როდესაც ხარ მმართველ გუნდში, გაქვს გარკვეული შეზღუდვები და ინფორმაციები, რომლებიც ღიად არ ითქმის, რომლებიც კულუარებში ხდება“, - თქვა სოზარ სუბარმა. ისიც და დანარჩენი ორი დეპუტატიც ხალხს დაჰპირდნენ, რომ სათქმელს მალევე იტყოდნენ.
29 ივნისს მათ მართლაც გამოაქვეყნეს ვრცელი განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ გარკვეული ძალები ოპოზიციის დახმარებით საქართველოში რევოლუციას ამზადებდნენ და ევროკავშირის რეზოლუციაც ამ ყველაფრის ნაწილი იყო.
„არიან დიდი ძალები, რომლებსაც საქართველოში სურთ რევოლუცია, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და მისი ჩანაცვლება ადამიანებით, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელი 2004-12 წლებში ჩადენილ უამრავ დანაშაულზე“, - წერია განცხადებაში. აქ ასევე ნათქვამია, რომ „სამასმა ევროპარლამენტარმა აბსურდულ რეზოლუციას მოაწერა ხელი“ და კანდიდატის სტატუსი „არაფრისმომცემი იყო“, - „ვხედავთ, რომ კანდიდატის არაფრისმომცემი სტატუსის მინიჭებისთანავე, მოლდოვამ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება. როგორც ჩანს, მოლდოვას ეს პირობა წინასწარ დაუყენეს და ქვეყანა, პრაქტიკულად, არაფრის სანაცვლოდ, სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირეს.
როდესაც 300 ევროპარლამენტარი აბსურდულ რეზოლუციას აწერს ხელს, საერთო სურათი და მიზანი დღესავით ნათელია. საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა, რაც ასევე ომისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. სრულიად უპრეცედენტო 6-თვიანი ვადაც იმისათვის არის მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილის მღელვარება არ განელდეს. უკრაინა და მოლდოვა, როგორც ვიოლა ფონ კრამონი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობენ, 30-წლიან მოსაცდელში თუ შეუშვეს, ჩვენ არც ამ მოსაცდელში შეგვიშვებენ, რათა გრძელვადიან რევოლუციურ სცენარს აქტუალობა შეუნარჩუნონ“.
იმის მაგივრად, რომ გადაწყვიტონ, ნამდვილად უნდათ ევროპაში, ასეთ პოლიტიკურ თამაშებს იწყებენ, ძალიან დასანანია“.კახა გოგოლაშვილი
განცხადებაში, რომელიც დღეს სამმა დეპუტატმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ სახელმწიფოს გადატრიალებაში გასაწაფავად ოპოზიციას (და არა მარტო) ბაკურიანში შეკრებაც ჰქონდა:
„ამისათვის შედგა ნაციონალური მოძრაობისა და მისი მედია და ენჯეოსატელიტების შეკრება ბაკურიანში, სადაც ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს რევოლუციების ცნობილი სპეციალისტი, პიტერ აკერმანი“.
პიტერ აკერმანი, რომელიც ორიოდე თვის წინ გარდაიცვალა, საქართველოში აპრილის დასაწყისში იმყოფებოდა და ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. აკერმანი იყო IREX-ის გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრი და „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი. ის, ასევე, იყო Freedom House-ის თავმჯდომარე, შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტის თანათავმჯდომარე, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.
„ყველა პარტიის მიზანი ისაა, რომ ხელისუფლება შეცვალოს, თუ ამაში ვიღაცამ ტრენინგი ჩაატარა, რა? გადატრიალებას ამზადებენ? ეს რა სისულელეა. საქართველოში ახლა დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლაა და ყველანაირი დემაგოგია გამოიყენება, - ამბობს რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი, - იმის მაგივრად, რომ გადაწყვიტონ, ნამდვილად უნდათ ევროპაში, ასეთ პოლიტიკურ თამაშებს იწყებენ, ძალიან დასანანია“.
ქორები და ყვავები
სამი დეპუტატის მოულოდნელი გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ პარტია, საზოგადოების ნაწილმა საეჭვოდ მიიჩნია. თავად „ოცნება“ ამ ყველაფრისგან არც სახტად დარჩენილი ჩანდა და არც ნაწყენი, ყოველ შემთხვევაში სამთავრობო გუნდის წევრებს სამეულის მიმართ მკვეთრი განცხადებები არ გაუკეთებიათ. „ჩვენ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას“ , - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა, ბექა დავითულიანმა კი აღნიშნა: „მათ თქვეს, რომ იმ მაღალი რისკების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში, კონტინენტზე და მსოფლიოში ტრიალებს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან კონიუნქტურით შეზღუდულები არ იყვნენ“.
თავის მხრივ, ოპოზიცია ფიქრობს, რომ დეპუტატები პარტიის დატოვებით შორს არ წასულან და ისევ „ქართული ოცნების“ რუპორებად რჩებიან.
„მგონი არავის სჯერა, რომ ბატონი ხუნდაძე, რომელმაც გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირიდან უნდა გამოიტანოს საერთოდ განაცხადი, რაიმეს აკეთებს ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე“, - თქვა „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
„ქორები გამოეყვნენ ყვავებს, - დაწერა სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ, - პარლამენტში ფარდისამხდელთა ჯგუფი შეიქმნა. მათი პირით იღაღადებს ბიძინა. სოზარი დაწყევლის (სემინარია აქვს დამთავრებული), ყაველაშვილი შეაგინებს, ხუნდაძე შეჰკივლებს და ოცნებაც ასრულდება“.
კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ პარტიას გამოყოფილი სამი დეპუტატი, სავარაუდოდ, ხალხის გარკვეულ მასაზე იმუშავებს. ისინი საზოგადოებას თავიანთ „ყველაზე ბნელ მესიჯებს“ მიაწვდიან, რის ღიად გაკეთებასაც „ქართულ ოცნება“ ჯერ კიდევ ერიდება. ისინი შეეცდებიან ანტიევროპული კამპანია ააგორონ. თუ გამოუვიდათ, ხომ კარგი, და თუ არა, „ოცნება“ მათ ჩამოიშორებს.
„პუტინს აქვს ასეთი ტაქტიკა, როგორც განვითარდება მოვლენები, იმისდა მიხედვით მოქმედებს, - განმარტავს კახა გოგოლაშვილი, - სუბარი სულ ორი კვირის წინ ამბობდა, სანამ ცოცხალი ვარ, სასამართლო რეფორმა ისე, როგორც ამას ვენეციის კომისია გვთავაზობს, არ განხორციელდებაო. ანუ წინააღმდეგი იყო (შეიძლება სამივენი იყვნენ), რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდეს, რამდენიმე მაინც. „ოცნების“ სხვა ნაწილი ალბათ ამის წინააღმდეგ ვერ მიდის, მაშინ ევროინტეგრაციის წინააღმდეგაც უნდა წავიდეს და მოსახლეობის 85% მიხვდება, რომ ამათ ევროკავშირი არ უნდათ“.
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილია და დიმიტრი ხუნდაძე აცხადებენ, რომ რჩებიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად და ყველანაირად დაეხმარებიან გუნდს იმ საქმის გაკეთებაში, რომელიც ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ იქნება მიმართული.
პირველ განცხადებაში ახალ სამეულს არაფერი უთქვამს ისეთი, რაც იქამდე „ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და პარტიის თავმჯდომარე კობახიძეს, უკვე არ ჰქონდათ ნათქვამი.