Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბაკურიანის ცნობილი შეხვედრა" - გადატრიალების დაგეგმვა თუ დემოკრატიის ანბანი?


პიტერ აკერმანი (1946-2022)
პიტერ აკერმანი (1946-2022)

„ქართული ოცნების“ ლიდერები, უკვე მესამე თვეა, ლაპარაკობენ „ბაკურიანის შეხვედრაზე“, სადაც, მათი თქმით, ამერიკიდან „ჩამოყვანილი“ „რევოლუციონერი“, პიტერ აკერმანი, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს „ხელისუფლების გადატრიალებაში“ ავარჯიშებდა.

6-8 აპრილს, ბაკურიანის სასტუმრო Rooms Kokhta-ში გამართულ შეხვედრა-სემინარს, „ქართული ოცნება“ შეთქმულების იმ სცენარის ნაწილად განიხილავს, რომლის მიხედვითაც, ოპონენტები რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლას და შემდეგ, უკვე, ქვეყნის რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვას გეგმავენ.

13 ივნისს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აწ გარდაცვლილი აკერმანი ახსენა მაშინაც, როდესაც 20 ივნისს დაგეგმილი პროევროპული აქციის ორგანიზატორებს აფრთხილებდა, „კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას“-ო.

ბრალდებები, რასაც ბაკურიანში გამართული შეხვედრის შესახებ ისმენენ, თავად ამ შეხვედრის მონაწილეების ღიმილს და გაოცებას იწვევს. მათთვის დღემდე წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა დაარქვა სემინარს, რომელსაც დიდ აუდიტორიაში, ცნობილ სასტუმროში, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას, ცნობილი მკვლევარი ატარებს.

  • მაინც რა შეხვედრას უმასპინძლა ბაკურიანმა 6-8 აპრილს?
  • ვინ არის „რევოლუციონერი“ პიტერ აკერმანი და ვინ მოიწვია იგი სემინარზე?
  • როგორ შეარჩიეს მონაწილეები და რა გაიგეს მათ ამ შეხვედრაზე?

"პატრონი მოუკვდათ"

მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული ბიზნესმენი, უფლებადამცველი და მკვლევარი, „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ (ICNC) დამფუძნებელი, 75 წლის პიტერ აკერმანი საქართველოში პირველად და უკანასკნელად 2022 წლის აპრილში ჩამოვიდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში მან გამართა სემინარი ბაკურიანში - არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის შესახებ, დაესწრო თავისი სახელგანთქმული წიგნის (The Checklist to End Tyranny) პრეზენტაციას და ამერიკაში უკან დაბრუნებული, სულ რაღაც 3 კვირაში, 26 აპრილს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

„პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს“, - თქვა 13 ივნისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, კამერების წინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. პიტერ აკერმანს მან „რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი“ უწოდა და თქვა, რომ „ჩამოიყვანეს“, „რათა მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში“.

აპრილის შემდეგ, ხელისუფლება პერიოდულად უბრუნდება „ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის“ თემას.

ეს შეხვედრა არაერთხელ ახსენა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

  • „სწორედ ომის დროს უნდათ ამ შეკრების ჩატარება და რევოლუციური გეგმების დაჩქარება... რევოლუციური გეგმების დაჩქარების მცდელობაც სწორედ ამ განზრახვას უკავშირდება. მათ სურთ ომი საქართველოში“, - თქვა 13 აპრილს ირაკლი კობახიძემ, როცა ბაკურიანში გამართული შეხვედრა „მეორე ფრონტის“ გახსნის სცენარს დაუკავშირა.
  • „ეს ადამიანები არიან ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის მონაწილეები, ახალი "შულავერის" კომიტეტი, "ომისა და ღალატის პარტია"... "ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები, მისი კუთვნილი მედიასაშუალებები, ენჯეოები და უცხოელი ლობისტები ხმაშეწყობილად მოქმედებენ“, - განაცხადა კობახიძემ 17 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
  • „ეს აჟიოტაჟი საეჭვოდ დაემთხვა ბაკურიანის შეკრებას, სადაც ცნობილი რევოლუციების ექსპერტი პიტერ აკერმანი "ნაციონალურ მოძრაობას", მის კუთვნილ პარტიებს, ტელევიზიებსა და ენჯეოებს ხელისუფლების გადატრიალებაში ატრენინგებდა. არ გამოვრიცხავთ, კანდიდატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟის შექმნაც ბაკურიანის შეკრებაზე იყოს გადაწყვეტილი“, - თქვა კობახიძემ 9 ივნისს, როცა ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაზე ლაპარაკობდა.
ბრალდებების მიუხედავად, სემინარის მონაწილეები არავის დაუბარებია საგამოძიებო ორგანოებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ბაკურიანის შეხვედრის“ შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლების საფუძველზე გამოძიება არ არის დაწყებული. მაგრამ უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ეს საკითხი მანამდე აღძრული საქმის კონტექსტში ყოფილიყო განხილული.
წინა საქმე 2021 წლის 29 ოქტომბერს აღიძრა, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე.
ხელისუფლების დამხობის საქმეზე გამოძიება სუს-ში 2020 წლის ნოემბერშიც დაიწყო და საქართველოს ახლო წარსულს კიდევ არაერთი მსგავსი გამოძიება ახსოვს.

13 ივნისს, როცა პიტერ აკერმანის მიერ „მეხუთე კოლონის“ წვრთნაზე ლაპარაკობდა, პრემიერ-მინისტრმა იქვე ახსენა 20 ივნისს, მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდასაჭერად დაიგეგმა.

„...მთავარი არის ის, რომ ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია - თითქოს ევროკავშირის რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით... მე მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, მეგობრებო, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას. ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების უფლებას და სტაბილურობას“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

16 ივნისს კი, მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში, 20 ივნისის აქციაზე „მოსალოდნელი პროვოკაციების“ შესახებ ისაუბრა ტრისტან წითელაშვილმა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებით გასამართლებულმა და „ქართული ოცნების“ მიერ 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა პოლკოვნიკმა. წითელაშვილი პერიოდულად „წინასწარმეტყველებს“ სხვადასხვა პროვოკაციას და სახელმწიფო გადატრიალებას. „არ არის გამორიცხული, რომ პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეჯახების დროს, რომელიმე მომიტინგის ან პოლიტიკური ცნობადი სახის ლიკვიდაცია მოხდეს, რასაც საქართველოს ხელისუფლებას დააბრალებენ“, - თქვა მან.

მსგავს მოლოდინზე 2021 წელს სუს-ი ლაპარაკობდა, ახლა კი წითელაშვილი მიმართავს სუს-ს, რომ „ვითარება კონტროლზე აიყვანონ“.

„უკრაინიდან ჩამოსულები არიან ჯგუფები, კუნთმაგარი ბიჭები, რომლებიც დღეს უკრაინის თავისუფლებას უნდა იცავდნენ, მაგრამ, აქ ლტოლვილის სტატუსით არიან, რათა "ნაციონალურ მოძრაობას" გვერდში დაუდგნენ და ერთობლივად რევოლუცია მოახდინონ“, –თქვა წითელაშვილმა.

მოძრაობა „სირცხვილიაში“, რომელსაც წითელაშვილი, ხელისუფლების მსგავსად, და არასწორად, „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილად მოიხსენიებს, ბრალდებებს პასუხი პრინციპულად არ გასცეს. ორგანიზაციას მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა აქვს დაგეგმილი, სადაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც არიან მიწვეული.

და მაინც, რა მოხდა ბაკურიანში?

სიტყვა რევოლუციაც კი არ გამიგია იმ შეხვედრაზე... არცკი ხსენებულა... საიდან მოუვიდათ აზრად?!“, - ამბობს ბაკურიანში 6-8 აპრილს გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც ხელისუფლების ბრალდებებზე ეცინება, თუმცა საფრთხეებზეც საუბრობს.

„ვფიქრობ, ეს არის წმინდა წყლის პათოლოგიური კონსპირაციის თეორიის ერთ-ერთი გამოვლინება, რაც, სხვათა შორის, დამახასიათებელია "ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის [ბიძინა ივანიშვილისთვის] - სულ კონსპირაციის თეორიები ელანდებათ მას და მის თანაპარტიელებს... ეს მიგვითითებს, რომ მძიმე ფსიქოლოგიური ვითარებაა შექმნილი "ქართულ ოცნებაში", მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს დიდ ზიანს გვაყენებს ზოგადად ყველას და მთელ ქვეყანას“, - ამბობს ჯაფარიძე.

პარტია „ლელო“ ყოველთვის გამოკვეთილი სიფრთხილით ეკიდება სიტყვა რევოლუციის ხსენებას. პარტიის ლიდერები მუდმივად აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება ხელისუფლების კიდევ ერთხელ რევოლუციური გზით შეცვლა, თუნდაც სრულიად მშვიდობიანით.

ბადრი ჯაფარიძეს ვეკითხებით, რაზე მსჯელობდნენ შეხვედრის მონაწილეები და რა გაიგეს მათ პიტერ აკერმანისგან?

„ეს იყო ზოგადი საუბარი არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობების შესახებ, იმის შესახებ, რომ, ზოგადად, საზოგადოება უნდა იყოს გამთლიანებული საკუთარი უფლებებისთვის, არ უნდა დაუშვას ქვეყანაში ავტოკრატიული ტენდენციების გაძლიერება... ის [პიტერ აკერმანი] ლაპარაკობდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე... ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ ადამიანის მოსმენა, რომელიც, სამწუხაროდ, ასე მოულოდნელად გარდაიცვალა“.

ბადრი ჯაფარიძე ასევე ამბობს, რომ პიტერ აკერმანი ოპოზიციას არ მოუწვევია საქართველოში. პირიქით, თავად მან მიწვევა აკერმანის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციიდან (ICNC) მიიღო. წინასწარ იცოდა თემა და ის, რომ ამ შეხვედრაზე იქნებოდნენ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები:

„დამაინტერესა და ისედაც, ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობაში როცა გამოჩნდება შესაძლებლობა, რომ ადამიანებს დაელაპარაკო, სასიამოვნო გარემოში და აზრების თავისუფლად გაცვლის პირობებში, რატომაც არა?! ამიტომ მე მივიღე ეს მიწვევა და წავედი“, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

6-8 აპრილს, ბაკურიანში, სასტუმრო Rooms Kokhta-ში გამართულ შეხვედრას ჩეთემ ჰაუზის (Chatham House) ფორმატი ჰქონდა. ეს ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, იმსჯელონ ღიად და თავისუფლად ყველაზე საკამათო, არაპოპულარულ საკითხებზეც, ვინაიდან Chatham House-ის წესის თანახმად, შესაძლებელია შეხვედრაზე მოსმენილი მოსაზრებების გასაჯაროება, მაგრამ არასოდეს უნდა ითქვას, ვის ეკუთვნის ესა თუ ის იდეა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი, ორგანიზატორი და სპონსორი იყო პიტერ აკერმანის ორგანიზაცია, ICNC, რომელიც არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის მეთოდებზე სემინარებს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს.
რადიო თავისუფლებამ ბაკურიანის სემინარის შესახებ შეკითხვებით მიმართა ICNC-ს. პასუხები, მიღების შემთხვევაში, გამოქვეყნდება.

ბაკურიანის შეხვედრაში მონაწილეობდა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელიც“. პარტიის გენერალური მდივანი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ „სრულიად უწყინარი შეხვედრა“ და „დემოკრატიის საყრდენებზე და ხალხის მმართველობაზე ლაპარაკი“ „ქართულმა ოცნებამ“ „რევოლუციონერების თავყრილობად“ მონათლა. პოლიტიკოსის აზრით, ეს ოცნებას „ხალხის გონებაზე საინფორმაციო დივერსიისთვის ესაჭიროება“.

მანჯგალაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია კლასიკური ჰიბრიდული ომის მეთოდებით მოქმედებს:

„ეს არის რუსული ხელწერის საინფორმაციო დივერსია. ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მუდმივად აბრალებენ, ახლა დაიწყეს - ომი უნდათო, მარტო ოპოზიციას კი არა, საერთაშორისო პარტნიორებსაც ომი უნდათო, ბიძინას [ივანიშვილს] სანქციებს იმიტომ ადებენ, რომ საქართველომ ომი არ დაიწყოო. ხელისუფლება ზაფრავს, გეშავს მოქალაქეებს... ბრალდებების მიუხედავად, ჩვენ მაინც არ ვიცვლით აზრს - ხელისუფლება არაძალადობრვად, კონსტიტუციურად, მშვიდობიანად, არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს“.

მისი თქმით, ბაკურიანში არაფერზე ყოფილა საუბარი, რაც საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს ეწინააღმდეგება.

„ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის“ კიდევ ერთი მონაწილე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ „შეხვედრა ბატონი პიტერ აკერმანის სურვილით შედგა“ და მართალია, თავად ის არა, მაგრამ საქართველოში არაერთხელ იყვნენ ჩამოსული მისი ორგანიზაციის თანამშრომლები და „არსებობდა კარგი კავშირები“.

„ამ ორგანიზაციის საქმიანობა ეფუძნება პრინციპს, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და დემოკრატიული გარდაქმნები ყოველთვის უნდა წარიმართოს არაძალადობრივად და ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძალადობას შეიცავს, ქვეყანაში არა დემოკრატიას წაახალისებს, არამედ ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ამას ადასტურებს ამ ორგანიზაციის არაერთი სასწავლო მასალა და კვლევა. არაძალადობრივი გარდაქმნების გზები აღწერილია მის წიგნშიც, რომლის პრეზენტაციაც შედგა თბილისში“, - ამბობს მშვენიერაძე.

მისი აღწერით, შეხვედრაზე სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს არაძალადობრივი წინააღმდეგობის გზებზე - „როცა ხელისუფლება არღვევს ადამიანის უფლებებს, როცა ხელისუფლება ძალაუფლების მიტაცებას ცდილობს, არჩევნებს აყალბებს და ასე შემდეგ“.

მშვენიერაძე განმარტავს, რომ არაძალადობრივი მეთოდებით შესაძლოა ხალხმა ხელისუფლებას გადადგომაც აიძულოს, მაგრამ თუკი პროცესი ძალადობრივი არ იქნება, ამას კანონი არ კრძალავს, „ხელისუფლების დამხობას კი ფუნდამენტშივე ეწინააღმდეგება პიტერ აკერმანის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის მთელი საქმიანობა“.

მძლავრი ძალა

„ის იყო არაძალადობრივი სამოქალაქო მოძრაობის მძლავრი ძალა“, - დაწერა პიტერ აკერმანის გარდაცვალების შემდეგ, ტვიტერზე, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა, მაიკლ მაკფოლმა. ის იმასაც ამბობს, რომ ICNC-ის მიერ გადაღებულ ფილმებს ის თავის სტუდენტებსაც უჩვენებდა.

პიტერ აკერმანის მიერ დაარსებული ორგანიზაციის ვებსაიტზე, ფილმები 20-ზე მეტ ენაზეა და მათ შორის ქართულადაც.

მრავალი პრიზით დაჯილდოებული ფილმები, მაგალითად, 30-იანი წლების ინდოეთზე, 60-იანი წლების აშშ-სა და და 80-იანი წლების ჩილესა და პოლონეთზე მოგვითხრობენ - თუ როგორ შეძლეს ადამიანებმა სხვადასხვა ხერხით, მშვიდობიანად დაეცვათ თავიანთი უფლებები, დემოკრატია და თავისუფლება.

ICNC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში წერია, რომ:
  • „სამოქალაქო წინააღმდეგობა - ეს არის გზა უბრალო ადამიანებისთვის, წინ აღუდგნენ ჩაგვრას მძლავრი ტაქტიკების გამოყენებით, მაგალითად - ბოიკოტებით, გაფიცვებით, მასობრივი დემონსტრაციებით, სამოქალაქო დაუმორჩილებლობით და ბევრი სხვა არაძალადობრივი გზით და მოიპოვონ უფლებები, თავისუფლება და სამართლიანობა“.
  • „სამოქალაქო წინააღმდეგობა ყველაზე უფრო ეფექტიანია, როდესაც მას კოლექტიურად იყენებენ ადამიანები, რომლებიც სტრატეგიულად ამბობენ უარს რეპრესიულ რეჟიმებთან შეგუებაზე, უარს ამბობენ თანამშრომლობაზე და კონსტრუქციულად ცვლიან თავიანთი ქცევის მოდელებს. ეს არღვევს ძალთა ბალანსს საზოგადოებაში და ძალაუფლების ფესვგადგმული მპყრობელებიც კი, რომლებიც მზად არიან ძალადობის გამოყენებაზე, აღმოჩნდნენ მოწყვლადი ამგვარი არაძალადობრივი წნეხის წინაშე“.
  • „სამოქალაქო წინააღმდეგობა - ეს არის ბრძოლის მეთოდოლოგია, რომელიც შედგება ასობით მეთოდისგან. 1973 წელს პოლიტიკის მეცნიერმა ჯინ შარპმა განსაზღვრა 198 ტაქტიკა, რომლებიც მთელი ისტორიის მანძილზე, ოდესმე გამოუყენებიათ. მას შემდეგ, გამოვლინდა კიდევ ბევრი ასეთი შემთხვევა. სამოქალაქო წინააღმდეგობა არ წარმოადგენს პროტესტის სინონიმს, ხოლო სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობები არ წარმოადგენენ „საპროტესტო მოძრაობებს“.

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის, “Canvas საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გიორგი მელაძე გვეუბნება, რომ პიტერ აკერმანს 2005 წლიდან იცნობდა და ICNC-ის ფილმების ქართულად თარგმნაში მისი ორგანიზაცია მონაწილეობდა. მელაძე ასევე აქვეყნებდა ბლოგებს აკერმანის მიერ დაარსებული ორგანიზაციის ვებსაიტზე.

პიტერ აკერმანი წარმატებული ბიზნესმენი იყო, მაგრამ, სოციალურად ძალიან აქტიური ადამიანი, სტუდენტობის დროიდან სერიოზულად დაინტერესდა ჯინ შარპის იდეებით და ეს მის აკადემიურ ინტერესად იქცა... ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული დემოკრატიის განვითარების იდეისთვის“, - ამბობს მელაძე.

გიორგი მელაძე არ მონაწილეობდა აპრილში ბაკურიანში გამართულ შეხვედრაში.
„მის საქმიანობას ავტორიტარიზმის პირობებში ყოველთვის ნეგატიური, ხოლო თავისუფალ სამყაროში ყოველთვის პოზიტიური გამოხმაურებები აქვს“, - ამბობს მელაძე.

„ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავტორიტეტი არაძალადობრივი კონფლიქტების საკითხებში“, - წერს IREX-ი სამგლოვიარო წერილში, რომელითაც გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრის, პიტერ აკერმანის გარდაცვალებას გამოეხმაურა.

„დემოკრატიის თავგანწირულ მცველს“ უწოდებს Freedom House-ი აკერმანს, რომელიც, სხვადასხვა დროს, ასევე ამ ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე იყო.

აკერმანი იყო ასევე შეერთებული შტატების „მშვიდობის ინსტიტუტის“ საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტის თანათავმჯდომარე და „ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. როგორც ოფიციალურ გვერდზეა მითითებული, მის ციტატებს ხშირად იყენებდნენ და მას სტუმრად იწვევდნენ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები.

პიტერ აკერმანმა დოქტორის ხარისხი მიიღო „ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის“ სკოლაში, „ტაფტის უნივერსიტეტში“. მან ხელი შეუწყო რამდენიმე წარმატებული სერიალის სცენარის შექმნას და რედაქტირებას, მათ შორის, დოკუმენტური ფილმისა - „დიქტატორის ჩამოგდება“, სერბი დიქტატორის, სლობოდან მილოშევიჩის შესახებ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG