"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოთქვამს ეჭვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის დაჩქარებით შეტანა "საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს", ხელისუფლებისთვის სირთულეების შესაქმნელად. მან ევროპარლამენტის მიერ 8 ივნისს მიღებული კრიტიკული რეზოლუციის შეფასებისას თქვა, რომ ამ დოკუმენტს "ჩალის ფასი აქვს".
"მტკიცებით ვერაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ დღევანდელი რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ.
ყველას გახსოვთ ოპოზიციის მიერ შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო, როდესაც მათაც ძალიან კარგად იციან, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არც საქართველოსთვის და არც უკრაინისა და არც მოლდოვისთვის არავითარი პრაქტიკული შედეგი არა აქვს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ამ კონტექსტში მან ახსენა ოპოზიციონერი ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების შეხვედრა, რომელიც აპრილში გაიმართა ბაკურიანში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შესახებ საქართველოს მხრიდან განცხადების წარდგენიდან ერთი თვის შემდეგ.
"ეს აჟიოტაჟი საეჭვოდ დაემთხვა ბაკურიანის შეკრებას, სადაც ცნობილი რევოლუციების ექსპერტი პიტერ აკერმანი "ნაციონალურ მოძრაობას", მის კუთვნილ პარტიებს, ტელევიზიებსა და ენჯეოებს ხელისუფლების გადატრიალებაში ატრენინგებდა. არ გამოვრიცხავთ, კანდიდატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟის შექმნაც ბაკურიანის შეკრებაზე იყოს გადაწყვეტილი", - თქვა კობახიძემ.
სწორედ იმ დღეებში, როცა ბაკურიანში შეხვედრა გაიმართა, კობახიძემ მედიას უთხრა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ევროკავშირის წევრი.
"როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან მიიღო დაჩქარებული წესით შედგენილი კითხვარი. ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალზე მკაფიო პერსპექტივა, დაჩქარებული წესით მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
დღეს, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.
რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.
ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით.“