„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ბრიფინგზე ილაპარაკა დღეს, 11 აპრილს, კითხვარზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირიდან მიიღო. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს კითხვარის სათანადოდ შევსებას.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან მიიღო დაჩქარებული წესით შედგენილი კითხვარი. ეს ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალზე მკაფიო პერსპექტივა, დაჩქარებული წესით მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
მადლობას ვუხდით ევროკავშირს ამ ძალისხმევისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, უზრუნველყოფს კითხვარის სათანადოდ და შესაბამის ვადებში შევსებას და ევროკავშირისთვის წარდგენას", - აცხადებს კობახიძე.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ევროკავშირისკენ საქართველოს წინსვლაში ქართველი ხალხისა და პარტია „ქართული ოცნების" წვლილზე მიუთითებს.
„ყველას ვალია, სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს და საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელოვნური დაბრკოლებები არ შეუქმნას.
საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ არის ქართველი ხალხის ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის, ურყევი ნებისა და არჩევანის ლოგიკური შედეგი. საქართველოს წინსვლა ევროკავშირისკენ ასევე არის „ქართული ოცნების" თანმიმდევრული პოლიტიკის ლოგიკური შედეგი. ამ მიზნის მისაღწევად ქართველმა ხალხმა გასული რამდენიმე ათწლეულების მანძილზე უდიდესი მსხვერპლი გაიღო", - აღნიშნა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ილაპარაკა ეფექტიანი რეფორმების გატარების შესახებ.
„დარწმუნებული ვართ, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ამისათვის აუცილებელი პირობაა, საქართველომ შეინარჩუნოს მშვიდობა, გააძლიეროს დემოკრატიული სისტემა, უზრუნველყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და აამაღლოს კეთილდღეობის ხარისხი ქვეყანაში. ამისათვის გატარდება ეფექტიანი რეფორმები, რომლებიც განამტკიცებს ჩვენს კონსტიტუციურ სისტემას და ქართულ ეკონომიკას ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად სწრაფად დაუახლოებს. ამ ამოცანების შესრულებისკენ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული", - ამბობს ირაკლი კობახიძე.
დღეს, 11 აპრილს, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა. ეს დოკუმენტი ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, გადასცა.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.