სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია" გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელშიც იგი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებას სთხოვს და მოსახლეობას საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად ანალოგიური შეკრებისკენ 16 ივნისს მოუწოდებს.
"წინააღმდეგობრივია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს, ამავდროულად ალტერნატიულ აქციას ნიშნავს და 20 ივნისის შეკრების ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმებას სთავაზობს. არა და არასოდეს!" - წერია "სირცხვილიას" განცხადებაში.
"არა და არასოდეს" პრეზიდენტის ცნობილი ფრაზაა, რომელიც ზურაბიშვილმა ჯერ ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და შემდეგ "მთავარი არხის" დამფუძნებლის, გვარამიას შესაძლო შეწყალებაზე თქვა.
„სირცხვილია" აცხადებს, რომ მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ აქციაში, თუმცა მასაც სთავაზობს, საპასუხო ნაბიჯი გადადგას.
"ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ საგანგებო ბრიფინგზე მოუწოდა.
პრეზიდენტმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა და მოქალაქეებს მიმართა, შეიკრიბონ ევროპის მოედანზე 16 ივნისს. მისი თქმით, ამ შეკრებაზე არ უნდა იყოს პოლიტიკური გამოსვლები და ყველა პოლიტიკოსი უნდა მივიდეს უბრალო მოქალაქის სტატუსით.
20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია სახელწოდებით "შინ ევროპისკენ", საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კენჭისყრამდე დაიგეგმა.
ამ აქციას შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 13 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე და ორგანიზატორები გააფრთხილა:
"მთავარი ისაა, რომ ახლა, ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, რომ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის რაღაც ინტეგრაციის და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით...
მე მინდა ყველა გავაფრთხილო, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას", - თქვა ღარიბაშვილმა.
სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" 2019 წლის 20-21 ივნისის შემდეგ "ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული ხანგრძლივი პროტესტის შედეგად ჩამოყალიბდა. 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.
საქართველოს ხელისუფლება 23-24 ივნისს ევროპული საბჭოდან მიიღებს პასუხს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე, რომელიც ქვეყანამ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შეავსო.