Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადრიდის სამიტი - მთავარი ინტრიგა და მთავარი საფრთხე


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 2022 წელი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 2022 წელი

რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, ალიანსის ახალი კონცეფციის დამტკიცება, აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს ძალების გაზრდა და გაფართოების პოლიტიკის ერთგულების დადასტურება იქნება ნატოს 28-30 ივნისს მადრიდის სამიტის მთავარი საკითხები.

"ახალი კონცეფცია გაგვიძღვება ჩვენ სტრატეგიული კონკურენციის ახალ ეპოქაში. ველოდებით, რომ მოკავშირეები მკაფიოდ განსაზღვრავენ რუსეთს, როგორც ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე დიდ და პირდაპირ საფრთხეს. ეს პირველად ასევე შეეხება ჩინეთს და იმ საშიშროებას, რომელსაც პეკინი უქადის ჩვენს უსაფრთხოებას, ინტერესებსა და ღირებულებებს", - განაცხადა ნატოს სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მოელიან, რომ მადრიდის სამიტი უკრაინისთვის გაძლიერებული არსებითი პაკეტის შეთავაზებაზეც შეთანხმდება და სხვა პარტნიორებს: საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვასაც შესთავაზებს დახმარების ახალ პაკეტებს.

მადრიდის სამიტზე მიწვეული არიან როგორც ტრადიციული პარტნიორები: ევროკავშირი, საქართველო, ავსტრალია და ახალი ზელანდია, ასევე პირველად იქნება ალიანსის უმაღლესი დონის შეხვედრაზე წარმოდგენილი სამხრეთი კორეა.

მაგრამ მადრიდის სამიტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტრიგა უკავშირდება იმას, შეძლებენ თუ არა მოკავშირეები თურქეთის პრეზიდენტის დაყოლიებას, მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს, რასაც ალიანსის ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდება.

ყოვლისმომცველი პაკეტი უკრაინისთვის და ახალი პაკეტი საქართველოსთვის

ნატოს ყველა სამიტის წინ ალიანსის გენერალური მდივანი ჟურნალისტებს დღის წესრიგის ყველა იმ საკითხის თაობაზე აწვდის ინფორმაციას, რომელზეც მოკავშირე ქვეყნების ლიდერები უმაღლესი დონის შეხვედრის წინ ძირითადად შეთანხმებული არიან.

მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელთა შესახებ გადაწყვეტილება უშუალოდ სამიტზე მიიღება. მაგალითისთვის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დროს ბოლო მომენტამდე უცნობი იყო, თუ რას გადაწყვეტდნენ მოკავშირე ქვეყნების ლიდერები საქართველოსა და უკრაინისათვის გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის (MAP) მინიჭებასთან დაკავშირებით. დიდი დისკუსიის შემდეგ ეს საკითხი კონსენსუსის არარსებობის გამო არ გავიდა და MAP-ის ნაცვლად საქართველომ და უკრაინამ მიიღეს დაპირება, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ყველა კრიტერიუმის შესრულების შემდეგ მისცემენ.

აღნიშნული ჩანაწერი მადრიდის სამიტის დეკლარაციაში უცვლელად განმეორდება, რადგან უკრაინამ, რომელმაც წარმატებით მოახერხა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ამ საგარეო-პოლიტიკური მიზნის მიღწევას იმდენი ძალისხმევა მოახმარა, რომ გადაწყვიტა, ნატოში გაწევრიანების მიმართულებით არ იჩქაროს.

„ევროკავშირის სამიტისგან განსხვავებით, რომლისთვისაც უკრაინამ დიდი მუშაობა გასწია, ნატოს სამიტი ჩვენი ფოკუსის მიღმა დარჩა. ანუ მთელი ძალისხმევა ბოლო თვის განმავლობაში გადასული იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისკენ. ეს მოიცავდა მუშაობას ყველა ქვეყანასთან, რომლებიც იყვნენ სკეპტიკურად განწყობილი. ნატოს სამიტთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი არ არის, ანუ გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას (MAP) და რაიმე ამის მსგავსს უკრაინას არ მისცემენ. აშკარაა, რომ სამიტზე დაადასტურებენ ბუქარესტის (2008 წლის - რედ.) სამიტის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ უკრაინა და საქართველო ოდესმე გახდებიან ნატოს წევრები. მადრიდის სამიტზე მოკავშირეთა ლიდერები დაკავებული იქნებიან მეტწილად ალიანსის უსაფრთხოებით რუსეთის აგრესიის ფონზე და ასევე უკრაინისათვის ტექნიკური დახმარების გაფართოებით. სხვა რაიმე გარღვევას ამ სამიტისგან უკრაინაში არ მოელიან“, - უთხრა „ევროპეისკა პრავდის“ საერთაშორისო მიმომხილველმა იური პანჩენკომ, რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

სამაგიეროდ, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, უკრაინას შესთავაზებენ „ყოვლისმომცველ გაძლიერებული დახმარების პაკეტს“, რომელიც პირველ ეტაპზე მოიცავს საწვავის მიწოდებას, ათასობით უკრაინელი სამხედროს მომზადებას, ფინანსურ დახმარებას, დაცული კავშირებითა და უპილოტო ავიაციის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებით უზრუნველყოფას. ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ალიანსი უკრაინას „საბჭოთა ტექნიკიდან ნატოს თანამედროვე ტექნიკაზე გადასვლაში დაეხმარება“.

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ეს პროცესი უკვე დაიწყო და ნატოს წევრმა ქვეყნებმა, აშშ-მა და ბრიტანეთმა, უკრაინას უკვე გადასცეს თანამედროვე დასავლური სტანდარტების მძიმე შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა.

იენს სტოლტენბერგის თანახმად, მადრიდზე შეკრებილი ნატოს ლიდერები მხარს დაუჭერენ დახმარების ახალ პაკეტს საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის, მაგრამ ნატოს გენერალურ მდივანს ამ დახმარების ცალკეულ ელემენტებზე პრესკონფერენციაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.

უკვე არსებული პაკეტი, რომელიც 2020 წლის დეკემბერში ნატოს თავდაცვის მინისტრების საბჭოზე დაამტკიცეს, 17 პროგრამისგან შედგება და მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს, რათა, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მოემზადოს ალიანსში გაწევრიანებისთვის.

რას იტყვის ერდოანი?

როგორც ზემოთ ითქვა, ნატოს ამჟამინდელი სამიტის მთავარი ინტრიგა ცხადია იმაში მდგომარეობს, დაეთანხმება თუ არა თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცედურის დაწყებას.

ალიანსში, სადაც გაფართოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კონსენსუსის წესით მიიღება, ნატოს 30 წევრი ქვეყნიდან ნებისმიერს შეუძლია ვეტო დაადოს ახალი წევრის მიღებას.

ამჟამად ერთადერთი ქვეყანა თურქეთია, რომელიც რამდენიმე მოსაზრებით ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას.

კერძოდ, რეჯეპ ტაიპ ერდოანის უკმაყოფილება გამოწვეულია სტოკჰოლმისა და ჰელსინკის პოზიციით, რომელსაც თურქეთი აღიქვამს ქურთისტანის მუშათა პარტიის, მემარცხენე ექსტრემისტული ჯგუფის DHKP-C-სა და აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთულა გიულენის მხარდაჭერად.

ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შვედეთს თავი შეაფარა ბევრმა ქურთმა ლტოლვილმა. აქ ცხოვრობენ გიულენის მოძრაობის მხარდამჭერებიც. თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, შვედეთმა და ფინეთმა ანკარას უარი განუცხადეს 33 ადამიანის ექსტრადიციაზე.

„თურქეთი ასევე უკმაყოფილოა მისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვაზე დაწესებული ემბარგოთი, რომელიც შვედეთმა და ფინეთმა თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში შეჭრის გამო დაუწესეს“, - ამბობს ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი და დასძენს, რომ „ამჟამად შვედეთმა და ფინეთმა გარკვეულად შეარბილეს პოზიცია იარაღის მიწოდების ემბარგოს საკითხში და იმედისმომცემია ისიც, რომ ნატოს სამიტზე ერთმანეთს შეხვდებიან სამი ქვეყნის ლიდერები და არსებობს მოლოდინი, რომ ამ მინისამიტზე თურქეთი მწვანე შუქს აუნთებს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას“.

ელიან, რომ თურქეთი მიაღწევს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შვედეთი და ფინეთი, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, გაამკაცრებენ პოზიციებს PKK-ს და სხვა ჯგუფების წინააღმდეგ.

სხვა მოთხოვნები შესაძლოა იყოს მოკავშირეების მიერ თურქეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის არაოფიციალური ემბარგოს დასრულება; ევროკავშირის მხრიდან დათმობებზე წასვლა ამ ქვეყნის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით და თურქეთისთვის დაფინანსების გაზრდა, 3,7 მილიონი სირიელი ლტოლვილის დასახმარებლად.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, თურქეთის პრეზიდენტი დათანხმდა, რომ სამიტის დაწყებამდე, 28 ივნისს, ნატოში გაწევრიანების შეფერხებული პროცესის თაობაზე სასაუბროდ შეხვდეს ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონს.

ორშაბათ საღამოს კი, ნატოს შტაბბინაში ერთმანეთს შეხვდებიან ფინეთის, შვედეთისა და თურქეთის ხელისუფლებების წარმომადგენლები.

შვედეთმა და ფინეთმა განაცხადეს, რომ უკრაინაში ომმა ისინი აიძულა უარი ეთქვათ გრძელვადიან ნეიტრალიტეტზე და მოეთხოვათ გაწევრიანება ნატოში, რომლის გაფართოებაც არის მთავარი მიზეზი, რითაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრას ამართლებს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 2022 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. 2022 წელი

"ნატოში ახალი წევრების მიღება არცერთ ქვეყანას არ უქმნის საფრთხეს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ პუტინის მოთხოვნა, შეჩერდეს ალიანსის გაფართოება, „არასდროს შესრულდება“.

28-30 ივნისის ნატოს სამიტზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდებიან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციის შესახებ. აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარების რაოდენობის ზრდით, სწრაფი რეაგირებისთვის მზადყოფნით და მზა აღჭურვილობის სიმრავლით, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

„სამიტზე ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მოწინავე თავდაცვას. ბრიგადის დონეზე გავზრდით ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფ ჩვენს ჯგუფებს. გარდავქმნით და 300 000-მდე გავზრდით ნატოს სწრაფი რეაგირებისა და მუდმივი მზადყოფნის ძალებს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ამ და სხვა გეგმების რეალიზებას ალიანსი აპირებს 350 მილიარდი დოლარით გაზრდილი ბიუჯეტით. 2014 წელს ალიანსის წევრებმა მტკიცედ ივალდებულეს თავდაცვითი ხარჯების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზრდა, დღეისათვის ამ კრიტერიუმს უკვე 9 ქვეყანა აკმაყოფილებს. 2024 წლისთვის კი, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მათი რაოდენობა 19-ს მიაღწევს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG